11 სექტემბერს შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატები კამალა ჰარისი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს დებატებში შეხვდნენ. დებატებს არაერთი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა. მათ შორის არის ტეილორ სვიფტიც. სვიფტმა ინსტაგრამზე ვრცელი ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც კამალა ჰარისს მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა. 

“ბევრი თქვენგანის მსგავსად, მეც ვუყურე დებატებს. თუ ეს ჯერ არ გაგიკეთებიათ. ახლა საუკეთესო დროა, ჩაატაროთ კვლევა და გაიგოთ კანდიდატების პოზიციები თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე. მე როგორც ამომრჩეველი ვუყურებ და ვკითხულობ ყველაფერს, რათა გავიგო როგორია ამ ქვეყანასთან დაკავშირებით მათი პოლიტიკურო გეგმები.

ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ჩემი სახელით გაკეთებული დონალდ ტრამპის მხარდამჭერი ყალბი განცხადება მის [ტრამპის] ვებ გვერდზე განთავსდა. ამან ჩემში AI-სადმი  შიში ნამდვილად აღძრა. ამან მიმიყვანა დასკვნამდე, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ჩემი, როგორც ამომრჩევლის გეგმები ძალიან ღია და გამჭვირვალე  უნდა იყოს. დეზინფორმაციასთან ბრძოლის უმარტივესი გზა სიმართლეა. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმას კამალა ჰარისს და ტიმ უოლცს ვაძლევ,” – აღნიშნა ტეილორ სვიფტმა. 

მომღერლის თქმით კამალა ჰარისი ადამიანის უფლებებისა და იმ მიზნებისათვის იბრძვის, რომელიც მნიშვნელოვანია. ჰარისს სვიფტმა ლიდერი უწოდა. მომღერალმა ასევე აღნიშნა ტიმ უოლცის პერსონაც, რომელიც  LGBTQ თემის და ქალების უფლებებისათვის იბრძვის. 

ღია წერილის ბოლოს ტეილორ სვიფტმა საკუთარ თავს Childless Cat Lady უწოდა. ეს ტერმინი უშვილო ქალების მისამართით ტრამპის ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატმა გამოიყენა. 

შეერთებული შტატების 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს ჩატარდება.