კრიზისის ფონზე, როდესაც მიმდინარე სეზონზე ქვეყანაში მთავარი მოდური ღონისძიება არ ტარდება და დიზაინერებს, რომლებსაც მთავრობის მხრიდან ხელშეწყობა არ აქვთ, შეკვეთები გაუუქმდათ, ქართული მოდის ინდუსტრიის განვითარების მომავალი უჩვეულოდ ნათელი და იმედის მომცემია.
„გამოწვევების მიუხედავად, ქართველი დიზაინერები — და სხვა შემოქმედები — კოვიდ-19-თან მარცხს არ აღიარებენ,“ – აღნიშნულია WWD – ის გამოქვეყნებულ ახალ სტატიაში.
თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის ორგანიზატორი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი სოფო ჭყონია გამოცემას თავისი გეგმების შესახებ ესაუბრა. ჭყონია თავისი მიზნების განხორციელებას, პირველ რიგში, ახალი კულტურული სივრცის გახსნით იწყებს. ეს სივრცე კი თბილისის ცენტრში მდებარე კოკა-კოლას ძველი ქარხანაა, რომელიც მიმდინარე სეზონისთვის უკვე მზად იყო, მოდის კვირეულისთვის ემასპინძლა. ახალი კულტურული ჰაბი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ტალანტებს დაეხმარება. მასში მოეწყობა სამკერვალოები, გალერიები, კაფეები, ბიბლიოთეკები და ფოფ-აფ მაღაზიები. განთავსდება კომერციული ფართები და დიზაინერებს სტუდიების დაქირავების შესაძლებლობაც მიეცემათ. მოდის კვირეულების გარდა, სხვა აქტივობებსაც უმასპინძლებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იქ საქართველოს პირველი მოდის სასწავლებელი განთავსდება.
„ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: საქართველოსთვის მოდის სკოლა აუცილებელია. აქ დიზაინერების უმეტესობა თვითნასწავლია, მათ კი განათლება სჭირდებათ და სხვადასხვა ეროვნების ადამიანებთან ურთიერთობა, ამიტომ სკოლა საერთაშორისო იქნება.“
სოფო ჭყონია
რაც შეეხება არსებულ ვითარებაში მოდის კვირეულის ჩატარების განსხვავებულ გზებს, სოფოს თქმით, თბილისის მოდის კვირეულის სპეციფიკიდან გამომდინარე, ციფრული ალტერნატივა მის შემთხვევაში არ გაამართლებს:
„საერთაშორისო სტუმრებისთვის ყოველთვის საინტერესოა საქართველოში ჩამოსვლა. ბევრს თბილისის შესახებ გაგებულიც არ აქვს. ადამიანები, რომლებიც პარიზის თუ მილანის გარშემო მოგზაურობენ, ჩვენგან რაღაც განსხვავებულს მოელიან. მათ თბილისი არ სთავაზობს ტიპურ მოდის კვირეულს, არამედ კულტურულ ცვლილებას და ახალგაზრდა დიზაინერების, ნიჭიერი არტისტების და ფოტოგრაფების სოციალურად პასუხისმგებელ პროექტებს. ამ ახალ გარემოში საშუალება გვექნება ყველა ეს ელემენტი გავაერთიანოთ და ადამიანებს შეეძლებათ ყველაფერი ერთ დიდ სივრცეში იხილონ. მოდის გარდა კიდევ ბევრი რამ გვაქვს შესათავაზებელი.“
ჭყონია ღონისძიების ჩატარებას ოქტომბერში იმედოვნებს, თუმცა ამჯერად დიზაინერების შემცირებული და კულტურული ღონისძიებების გაზრდილი რაოდენობით.