საფრანგეთის სილამაზის და პარფიუმერიის ასოციაციამ 2020 წელი მიმოიხილა. ცნობილი ხდება, რომ გასულ 12 თვეში, პირველად, საფრანგეთის მრავალმილიარდიანი Beauty ინდუსტრიისთვის მთავარი პარტნიორი ქვეყანა ჩინეთი გახდა. ჩინეთს ჩამორჩნენ გერმანია და ამერიკის შეერთებული შტატები. ჯამში, საფრანგეთიდან ჩინეთში, 15.7 მილიარდი ევროს ღირებულების კოსმეტიკური საშუალებების ექსპორტი განხორციელდა.
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე, სილამაზის ინდუსტრიის ექსპორტი საფრანგეთში 11%-ით შემცირდა, თუმცა პარფიუმერია, კოსმეტიკა და თავის მოვლის სხვა საშუალებები კვლავ რჩება ქვეყნისთვის მეორე ყველაზე დიდ საექპსპორტო სეგმენტად – საავიაციო ინდუსტრიის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში წარმოებული ტუჩსაცხები ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ ჩინეთში იყიდება. უფრო კონკრეტულად კი, მსოფლიოში გაყიდული ყოველი 4 ფრანგული წარმოების ტუჩსაცხიდან, ერთი ჩინეთის ბაზარზეა წარმოდგენილი.
„კოსმეტიკამ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია ნებისმიერ უჩვეულო სიტუაციას გაუმკლავდეს“, ვკითხულობთ FEBEA-ის პრეზიდენტის, პატრიკ ოქუინის განცხადებაში. აქვე უნდა ითქვას, რომ კოსმეტიკის ექსპორტი საფრანგეთში 130,000 ადამიანს ასაქმებს, ხოლო საფრანგეთში წარმოებული თავის მოვლის საშუალებები, მსოფლიოს Beauty ინდუსტრიის 24%-ს შეადგენს, რაც შთამბეჭდავი მაჩვენებელია. როგორც საფრანგეთის სილამაზის და პარფიუმერიის ასოციაციის პროფესიონალები ამბობენ, ’Made in France’ მყიდველებში განსაკუთრებული ხარისხის მანიშნებელია, ამიტომ ისეთმა გლობალურმა გამოწვევამაც კი, როგორიც პანდემიაა, ინდუსტრიისთვის სერიოზული ზიანის მიყენება ვერ შეძლო.