24-26 ივნისს Tbilisi Open Air გაიმართა. იქიდან გამომდინარე, რომ Covid-19-ის პანდემიის გამო გასული ორი წლის განმავლობაში მუსიკალური ფესტივალის გამართვა ვერ მოხერხდა, წელს მის მიმართ განსაკუთრებული მოლოდინი არსებობდა. Cigarettes After Sex, Alt-J, Rhye, უკრაინული ბენდი Okean Elzy იმ არტისტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც მსმელენთა წინაშე წარსდგნენ. წლევანდელ ღონისძიებას მუსიკის მოყვარულთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დაესწრო. წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ლისის საოცრებათა ქვეყანამ ათასობით ადამიანს უმასპინძლა.
„მუსიკა ათავისუფლებს“ Tbilisi Open Air-ის უცვლელი სლოგანია. ზოგადად, მუსიკალური ფესტივალები თვითგამოხატვის, საკუთარი ინდივიდუალობის ხაზგასმის შესანიშნავი პლატფორმაა. ისინი არ გზღუდავს იყო თავისუფალი – და ეს თავისუფლება შეიძლება გამოიხატებოდეს შენს განცდებში, ქცევებსა თუ სტილში.
ბევრის აღქმაში, საფესტივალო სტილი უმეტესწილად ბოჰემურ ელემენტებს აერთიანებს, თუმცა ის შეიძლება მრავალგვარი იყოს. 2022 წლის Tbilisi Open Air-ის ყველაზე აქტუალური სამოსი უდავოდ საწვიმრები იყო, რომელმაც, შეიძლება ითქვას, ფერების გამო დამატებითი დატვირთვაც იქონია. ადგილზე დარიგებულ ლურჯსა და ყვითელ საწვიმრებში შემოსილი სტუმრები უსიტყვოდ გამოხატავდნენ მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი უკრაინის მიმართ.
მბზინვარე მაკიაჟი, თავისუფალი სტილის სამოსი, მოკლე ტოპები, სახასიათო აქსესუარები, ზოგიერთ შემთხვევაში არაორდინალური გადაწყვეტილებებიც და, რა თქმა უნდა, ყველასთვის საერთო, ინტერნეტში მრავალი მიმის ინსპირაციის წყაროდ ქცეული ტალახიანი ფეხსაცმელები ღონისძიების სტუმრების სტილში ყველაზე შესამჩნევი იყო.
როგორ გამოიყურებოდნენ 2022 წლის Tbilisi Open Air-ზე მისული ადამიანები
ფოტოები: FB / Tbilisi Open Air






























