ჯანი ვერსაჩე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დიზაინერი იყო. ოჯახთან ერთად, ვერსაჩემ ბრენდი გასული საუკუნის 80-იან წლებში შექმნა. თავიდან მოდის სახლი ჯანის სახელს ატარებდა – Gianni Versace. მოგვიანებით, ბრენდს სახელი ჯანი ჩამოსცილდა და დარჩა მხოლოდ გვარი – Versace.  ჯანი ვერსაჩე მოდის სახლს 1997 წლამდე ხელმძღვანელობდა. 1997 წლის 15 ივლისს, ვერსაჩე, მაიამიში, საკუთარი ვილის შესასვლელში მოკლეს.

ჯანი იტალიაში, კალაბრიის რეგიონში, 1946 წლის 2 დეკემბერს დაიბადა. მოდით ადრეული ასაკიდან დაინტერესდა, რაც დედის პროფესიით შეგვიძლია ავხსნათ.  ვერსაჩეების დედა მკერავი იყო. ჯანი მკერვალობის ხელოვნებას სწორედ დედის ატელიეში დაეუფლა. ბევრ სანდო წყაროზე დაყრდნობით, სწორედ დედის წახალისებით, ვერსაჩემ მშობლიური ქალაქის დატოვება და კარიერის მილანში გაგრძელება გადაწყვიტა. მილანში გაჩნდა საკუთარი ბრენდის შექმნის იდეაც, რომელიც ჯანიმ თავის უფროს ძმასთან, სანტო ვერსაჩესთან ერთად განახორციელა. ძმებთან ერთად, მილანში გადავიდა, ჯანის და სანტოს უმცროსი და, დონატელა. ამგვარად გასული საუკუნის 80-იან წლებში, მაღალ მოდაში გამოჩნდნენ დედმამიშვილები: ჯანი, სანტო და დონატელა ვერსაჩეები.

მარცხნიდან:სანტო, დონატელა, ჯანი ვერსაჩეები.

ჯანის სამოსი რევოლუციური იყო, განსაკუთრებით მატერიების მიქსი – ტყავისა და მაქმანების მიქსი ლითონთან, სვაროვსკის კრისტალებთან. სამი ელემენტის გამოყენება ერთი კაბისთის მანამდე გაუგონარი მოვლენა იყო. ჯანი ფერებსაც არაჩვეულებრივად იყენებდა, ამიტომ ხშირად იხსენიებენ როგორც იტალიის პასუხს ივ სან ლორანზე. უნდა აღინიშნოს, რომ პოპ-კულტურასთან ახლო კავშირით და სუპერმოდელების ფენომენის შექმნით, ვერსაჩემ მოდა ისედათ აქცია, როგორსაც მას დღეს ვიცნობთ. აქედან გამომდინარე, მისი მკვლელობა არა მხოლოდ Versace-ს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი თავის ტრაგიკული დასასრული იყო, არამედ – მაღალი მოდის ინდუსტრიაში ეპოქალური მოვლენის მოულოდნელი და თავზარდამცემი ფინალი.

ბრენდის მთავარი შემოქმედის გარდაცვალების შემდეგ, ვერსაჩეს კრეატიული დირექტორის თანამდებობა ჯანის უმცროსმა დამ, დონატელა ვერსაჩემ დაიკავა. დონატელა პასუხისმგებლობას მომზადებული შეხვდა, რაც გარდა თანდაყოლილი ნიჭის და უნარებისა, კიდევ ერთი გარემოებით აიხსნებოდა.

1994 წელს, გარდაცვალებამდე 3 წლით ადრე, ჯანის ყურის იშვიათი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. დიზაინერი დაავადებას 2 წელი ებრძოდა. როგორც დონატელამ ნიუ-იორკ ტაიმსისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ჯანი ფიქრობდა, რომ მძიმე დაავადება იმსხვერპლებდა და სწორედ ამიტომ, დიაგნოზის დასმის შემდეგ, დონატელას ბრენდის მართვაში აქტიურად ამზადებდა. მკვლელობამდე ზუსტად 6 თვით ადრე, ექიმებმა ლეგენდარულ დიზაინერს ყველა პაციენტისთვის სასიხარულო სიტყვები უთხრეს – ვერსაჩემ სიმსივნე დაამარცხა! 6 თვით ოჯახი კვლავ ჩვეულ, ბედნიერ რიტმს დაუბრუნდა.

ჯანის რევოლუციურმა ჩვენებებმა, კოლექციებმა და სარეკლამო კამპანიებმა თაობები შთააგონა.  გარდაცვალებიდან 2 ათწლეულის შემდეგ, მისი სახელი და შემოქმედება კვლავ განაგრძობს არსებობას. ის იყო იტალიური მოდის მეამბოხე მეფე, რომელმაც ინდუსტრიას წარუშლელი მემკვიდრეობა დაუტოვა.

თვალი გადავავლოთ 5 დასამახსოვრებელ მომენტს ვერსაჩეს ჩვენებებიდან:

Versace ოტ კუტიური შემოდგომა/ზამთარი 1995/96

Versace’s ‘მერილინ მონრო’ კოლექცია, 1991.

Versace ოტ კუტიური შემოდგომა/ზამთარი 1995/96.

Versace ოტ კუტიური გაზაფხული/ზაფხული 1996.

Versace 1997, ჯანის ბოლო ოტ კუტიური, მკვლელობამდე 1 კვირით ადრე.