სათვალე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აქსესუარია, რომელიც გარდა ფუნქციური დატვირთვისა, სტილის მნიშვნელოვანი დეტალიც არის. სათვალის ფორმის არჩევისას, მთავარი სახის მოყვანილობისა და ზოგადი სტილის გათვალისწინებაა. ის რაც სარეკლამო ბანერზე აღბეჭდილ მოდელს უხდება, შესაძლოა, ჩვენ სულაც არ მოგვიხდეს და ასევე პირიქით – ერთი შეხედვით ჩვეულებრივ და სადა სათვალეს შეუძლია იდეალურად მოერგოს ჩვენს გარეგნობას და ნაკვთები გამოკვეთოს. მიუხედავად ასეთი ინდივიდუალური დამოკიდებულებისა, სათვალეების სტილზეც მოქმედებს მოდის ინდუსტრიის ზოგადი ტრენდები და არსებობს გარკვეული ტენდენციები, რომლებიც სხვადასხვა დროს განსაკუთრებით აქტუალურია. ამის საპირისპიროდ, ცვალებად სტილის პირობებშიც კი, გვახსოვს ისეთი საკულტო მოდელები, რომლებმაც დროს გაუძლო და დღემდე შეუცვლელ კლასიკად მიიჩნევა.
გთავაზობთ, ყველა დროის სახელგანთქმულ სათვალეებს, რომელთაც დღემდე შეხვდებით კოლექციებში, ფილმებში, რეკლამებში, მუსიკალურ ვიდეობსა, თუ ქუჩის სტილში.
Ray-Ban Aviator
პიტერ ფონდა, Aviator ტომ კრუზი, Top Gun
ეს სათვალე უკვე მრავალი წელია აქტუალობას არ კარგავს – მეტიც, სხვადასხვა დროს მისი ახლებური ვერსიებიც ვიხილეთ. ეს არის მოდელი, რომელიც უხდება, როგორც სპორტულ და ყოველდღიურ, ასევე ოფიციალურ და კლასიკურ სტილსაც. სწორედ ამიტო არის, რომ Ray-Ban Aviator ისტორიის განმავლობაში იყო როგორც პოლიტიკური ლიდერების, ასევე როკ ვარსკვლავების იმიჯის ნაწილი. სათვალე კომპანია Bausch & Lomb-მა 1937 წელს წარადგინა. თავდაპირველად, ის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების მფრინავი პილოტებისათვის შეიქმნა, რათა მაქსიმალურად დაეცვა მზის სხივებისაგან. გამოშვების შემდეგ მალევე, ეს სტილი პოპულარული გახდა და მისი მასობრივი წარმოებაც დაიწყო.
Ray-Ban Wayfarer
ბობ დილანი
ლეონარდო დიკაპრიოჯეიმს დინი
“ავიატორის’ წარდგენის შემდეგ, კომპანია Bausch & Lomb-ის დაარსებული ბრენდის, Ray-Ban-ის პოპულარობა წარმოუდგენლად გაიზარდა, ამიტომ გაჩნდა გონივრული ვარაუდი, რომ სხვადასხვა დიზაინის შექმნა კომერციულად წარმატებული ნაბიჯი იქნებოდა. 1952 წელს, Ray-Ban-მა “ავიატორის” ნაცნობი ფორმა და მეტალის ჩარჩო შეცვალა და მისი წინამორბედის ახალი ვერსია Ray-Ban Wayfarer შექმნა. სათვალე 50-იანი და 60-იანი წლების პოპკულტურის ერთგვარ იმიჯად იქცა – ის გახდა ბობ დილანის, ჯეიმს დინის, ენდი უორჰოლის, მერლინ მონროს და ამ ეპოქისა სხვა წამყვანი ვარსკვლავების საყვარელი აქსესუარი.
Persol 714

იტალიელი ჯუზეპე რატის (Giuseppe Ratti) მიერ დაარსებული სათვალეების ცნობილი ბრენდი Persols არაერთი სახელგანთქმული მოდელის მწარმოებელია. თავდაპირველად, ბრენდის სამიზნე აუდიტორიაც, Ray-Ban-ის მსგავსად, პილოტები და ავტომრბოლელები იყვნენ. მართვისას ისინი განსაკუთრებით ექსტრემალურ პირობებში იმყოფებოდნენ. აუცილებელი იყო, რომ თვალები მაქსიმალურად დაეცვათ, თანაც ისე, რომ დისკომფორტი არ ეგრძნოთ. იტალიური ბრენდი Persols სწორედ მათთვის ქმნიდა სათვალეებს, თუმცა, ბრენდის რამდენიმე დიზაინის განსაკუთრებულმა პოპულარობამ, მათი მასობრივი წარმოება გამოიწვია. აღსანიშნავია სათვალის მოდელი – Persols 714, რომელიც 50-იანი და 60-იანი წლების ჰიტად და ელეგანტურობის სიმბოლოდ იქცა. ამ სტილთან ყველაზე მეტად ასოცირდება მსახიობი სტივ მაკქვინი, რომელსაც თავისი დამახასიათებელი სტილის და იმიჯის გამო, მედიამ “King Of Cool” უწოდა.
Carrera, Boeing-ის სერიები

Carrera დღემდე ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ბრენდია, თუმცა, პოპულარობის ზენიტში გასული საუკუნის 70-იან და 80-იან წლებში იყო. 1986 წელს, Carrera-მ თავისი ყველაზე სახელგანთქმული პროდუქტი წარადგინა – ეს იყო სათვალის მოდელის – Boeing-ის სერიები. მოდელის ეს სერია იმ დროისათვის არსებული ტექნოლოგიების მაქსიმალური გაუმჯობესებით შეიქმნა. გაამართლა დიზაინმაც და Carrera-ს Boeing-მა თავისი ადგილი დაიმკვიდრა ავიაციასა და პოპ კულტურის ისტორიაში.
Cazal 968

დახვეწილი და ორიგინალური დიზაინით ცნობლმა Cazal-მა სათვალის არაერთი წარმატებული მოდელი შექმნა. 1970 წლიდან, ბრენდის სახე ალ პაჩინოა. სტატიაში ნახსენები უმეტესი ბრენდისაგან განსხვავებით, Cazal თავიდანვე არა ავიაციისათვის, ან სპორტული ინდუსტრიისათვის აწარმოებდა სათვალეებს, არამედ სტილისათვის – Cazal-ის ფილოსოფიის მიხედვით, სათვალე თავიდანვე მოდურ აქსესუარად აღიქმებოდა. 1968 წელს, ბრენდმა თავისი, ყველაზე პოპულარული და წარმატებული მოდელი – Cazal 968 წარადგინა. ამ დროიდან, გაგვიჭირდება გავიხსენოთ მომენტი, როცა ალ პაჩინო მის გარეშე გამოჩნდა კინოში ან ეკრანის მიღმა.
Oakley Frogskin

80-იან წლებში, როცა Frogskins პირველად გამოვიდა, კოლექცია 50-ზე მეტ ფერს აერთიანებდა და მხოლოდ 40 დოლარად იყიდებოდა. Oakley-ის ფილოსოფია იყო, დახვეწილი ტექნოლოგიით შეექმნა მოსახერხებელი, მაქსიმალურად კომფორტული და ახალგაზრდებისათვის ხელმისაწვდომი სათვალე. დროსთან ერთად, მოდელმა მომხმარებლის სიყვარული დაიმსახურა და Oakley-მ, როგორც ბრენდმა, სათვალეების მწარმოებელი ბრენდების რუკაზე თავისი ადგილი დაიმკვიდრა. Oakley Frogskin განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სპორტსმენებსა და აქტიური ცხოვრების სტილის მოყვარულებს შორის.
The John Lennon Collection

ეს სახელგანთქმული ე.წ. “ლენონებია” როგორც მას უკვე წლებია მოვიხსენიებთ. საკულტო მუსიკალური ჯგუფის წევრის და ასევე ცნობილი სოლო შემსრულებლის, ჯონ ლენონის იმიჯი წარმოუდგენელია ამ სათვალის გარეშე. დიზაინი თავად ლენონმა შექმნა და ის 1970-იანების სტილის ნამდვილ სახედაც იქცა. რეტრო ვიზუალი და გენდერულად ნეიტრალური სტილი იმ დროისათვის უშვეულო სინთეზს და ინოვაციურ ხედვას წარმოადგენდა.