2011 წლის 25 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ Christian Dior – ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ჩხუბისთვის და ანტისემიტური ფრაზების გაჟღერების გამო დააკავეს. მალე ის ფრანგული მოდის სახლიდან და თავისი საკუთარი ბრენდიდანაც გაუშვეს. რომ გავიგოთ რა მოხდა, დავბრუნდეთ ერთი დღით უკან, როცა პარიზის ერთ-ერთ კაფეში ჯონ გალიანომ საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა.

24 თებერვალს არაბული სამყაროს ინსტიტუტის გამოფენების ხელმძღვანელი, 35 წლის Geraldine Bloch და თავისი შეყვარებული, მდივნად მომუშავე 41 წლის Philippe Virgitti კაფე La Perle – ს ტერასაზე ლუდს მიირთმევდნენ და საუბრობდნენ, როცა მათი მისამართით მთვრალმა მამაკაცმა უხეში სიტყვების სროლა დაიწყო. შეყვარებული წყვილის გვერდით მჯდარი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი უცნობი პიროვნება მათ უფრო ჩუმად ლაპარაკისკენ ყვირილით მოუწოდებდა. ჯერალდინი და ფილიპი ხედავდნენ მის მდგომარეობას, ამიტომ ცდილობდნენ, მისთვის ყურადღება არ მიექციათ. „თქვენი ხმა მაღიზიანებს. ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობთ,“ – ის მათ მაინც არ ეშვებოდა.

„მე დიზაინერი ჯონ გალიანო ვარ!“ – სიამაყით, გამარჯვებულის პოზაში ამბობდა ბრიტანული აქცენტით მოლაპარაკე მამაკაცი წყვილისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ.

სანამ სიტუაცია უფრო გაუარესდებოდა, გალიანოს დაცვის წევრმა იგრძნო, რომ მალე ყველაფერი შესაძლოა ჩხუბში გადაზრდილიყო, რადგან დიზაინერი დანებებას არ აპირებდა, ჯერალდინს კი მისი წამოძახილები უფრო და უფრო ანრისხებდა. დაცვის წევრმა გალიანოს ადვოკატს დროულად დაურეკა და ტელეფონის მიწოდება ჯერალდინისთვის დააპირა, რათა მისი დამშვიდება შეძლებოდა. ჯერალდინმა ადვოკატთან ლაპარაკზე უარი განაცხდა, რის შემდეგაც დაცვის წევრმა სხვა მაგიდასთან გადაჯდომა შესთავაზა. ვიდრე ქალი ასე მოიქცეოდა, ვითარება უკიდურესად სწორედ მაშინ დაიძაბა.

გალიანო მას თმაში სწვდა და ყვირილი დაიწყო: „ბინძური ებრაული სახე, შენ მკვდარი უნდა იყო.“ და როცა ჯერალდინი ტკივილისგან ყვიროდა, ის აგრძელებდა: „მოკეტე, ბინძურო ძუნკავ. არ შემიძლია შენი ბინძური მეძავი ხმის ატანა.“

ჯონი შემდეგ ფილიპს მიადგა და განრისხებულმა მას დაუწყო ყვირილი: „აზიელო ნაბიჭვარო, მოგკლავ!“ და ისევ ჯერალდინს მიმართა: „ძალიან მახინჯი ხარ. არ შემიძლია შენი ყურება. იაფასიანი ჩექმები გაცვია. თმა არ გაგაჩნია, უშნო წარბები გაქვს, მახინჯი ხარ, არაფერი ხარ, გარდა მეძავისა.“ მერე უკვე ამაყად დაიწყო საკუთარი ვინაობის გამჟღავნება.

Dior Spring 2007 Couture © TONY BARSON/WIREIMAGE

სიახლემ ყველა დაადუმა. ის შემოქმედებით გენიას ეხებოდა, რომელმაც არაფხიზელ მდგომარეობაში არასწორი, მიუღებელი ნაბიჯები გადადგა. ასევე გაჩნდა კითხვის ნიშნები – შეინარჩუნებდა ჯონ გალიანო თავის თანამდებობას? გადაწყვეტილებას ჯერ ვერც ის ადამიანები იღებდნენ, ვინც გალიანოს კარიერაზე იყვნენ პასუხისმგებლები – ბერნარ არნო და სიდნი ტოლედანო. საქმეზე გამოძიება დაიწყო.

რამდენიმე დღის შემდეგ The Sun – მა თავის ვებ-საიტზე გამოაქვეყნა ვიდეო და ეს, ალბათ, ყველაზე ცუდი რამ იყო, რაც შეიძლებოდა იმ მომენტში გალიანოს კარიერისთვის და საჯარო იმიჯისთვის მომხდარიყო. კადრები  გადაღებული იყო რამდენიმე თვით ადრე იმავე კაფეში, სადაც ეს ინციდენტი მოხდა. ჩანაწერში დიზაინერი იქ მყოფებსაც ანტისემიტური ფრაზებით აყენებს შეუაცხყოფას და თამამად ამბობს: „მე მიყვარს ჰიტლერი.“ აღსანიშნავია ისიც, რომ გალიანოს არცერთი ადრესატი ებრაელი არ ყოფილა.

მას ეს უკვე აღარ აპატიეს. ოცდაოთხ საათში ჯონ გალიანომ დაკარგა საკუთარი ბრენდი და დიორში შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოსტი. მისი კარიერა დაინგრა. ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ მას მკურნალობა სჭირდებოდა.

ამ პროცესებს პარიზის მოდის კვირეულის განრიგში დიორის ახალი კოლექციის ჩვენებაც დაემთხვა, რომელიც ყველაფრის მიუხედავად მაინც ჩატარდა. შოუ როდენის მუზეუმის ბაღებში გაიმართა და სანამ ის დაიწყებოდა, მასზე დასასწრებად შეკრებილი აუდიტორიის წინაშე ბრენდის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი სიდნი ტოლედანო წარსდგა.

„საშინელებაა ის, რაც გასული კვირის განმავლობაში მოხდა,“ – განაცხადა ტოლედანომ. „ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა იმის ყურება თუ როგორ გახდა დიორის სახელი უპატივცემულო განცხადებებთან ასოცირებული, რომლებიც მის დიზაინერს ეკუთვნოდა, მნიშვნელობა აღარ აქვს რამდენად ბრწყინვალეა ის.“

Dior Fall 2011 © VOGUE RUNWAY

შოუს ბოლოს ჯონის ნაცვლად თეთრ ხალათებში გამოწყობილი ატელიეში მომუშავეები გამოვიდნენ. ეს იყო გალიანოს დიორისთვის შექმნილი ბოლო კოლექციის ჩვენება.