გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში ჯერ კიდევ უცნობი ბელგიელი დიზაინერი მარტინ მარჯიელა ჟან პოლ გოტიესთვის მუშაობდა. სამი წლის განვალობაში მარჯიელა სახელგანთქმული გოტიეს ასისტენტი იყო.

2019 წლის ბოლოს გამოსულ დოკუმენტურ ფილმში – “მარტინ მარჯიელა თავისივე საკუთარი სიტყვებით,” მარჯიელამ თავისი ასისტენტობის პერიოდიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ გოტიესთან მუშაობით თავისუფლება ისწავლა, რაც მის მიერ მოწოდებაში გამოიხატებოდა – გამოეყენებინა ყველაფერი, რაც გააჩნდა. “ყოველთვის ვცდილობდი ამ თავისუფლებას გავმკლავებოდი, მაგრამ არა ისე, როგორც საჭირო იყო. პარიზში შეგეძლო იმდენად თავისუფალი ყოფილიყავი, რამდენადაც თავად მოისურვებდი. მერე კი მითხრა, “მარტინ, შენ ვერ აცნობიერებ, რომ სტილი, გემოვნება გაქვს, რომელსაც მომავლისთვის უნდა დაეყრდნო.” უცნაურია, მაგრამ ეს არ ვიცოდი. ვიცოდი, რომ გემოვნება მქონდა, მაგრამ არ მეგონა, რომ ის სტილად გარდაიქმნებოდა,” – ამბობს ის დოკუმენტურ ფილმში.

თავად ჟან პოლს მარტინის მიმართ თავისი დადებითი დამოკიდებულება არაერთხელ გამოუხატავს. რამდენიმე წლის წინ ჟურნალ i-D-ისთან განაცხადა: “როდესაც მას შევხვდი და მისი ნამუშევრები ვიხილე, მაშინვე ვუთხარი, რომ მზად იყო თავისი ხაზი შეექმნა და ინტერნობა არ სჭირდებოდა. მაგრამ დაიჟინა, რომ ჩემთვის მუშაობა სურდა. ჩემთან სამი წელი დარჩა, ის საუკეთესო ასისტენტი იყო, ჩემი მეგობარი გახდა და როდესაც მითხრა, რომ უნდა დავეტოვებინე და საკუთარი ხაზი შეექმნა, მისთვის მხოლოდ წარმატებების სურვება შემეძლო.” მას ასევე ნათქვამი აქვს, როდესაც მარჯიელას სადებიუტო კოლექციის ჩვენებას დაესწრო, იცოდა, რომ კარგი იქნებოდა, მაგრამ ისეთ კარგს შედეგსაც არ მოელოდა, როგორიც ნახა.

ჟან პოლ გოტიე და მარტინ მარჯიელა © Instagram / margielatab1

1986 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე ჟან პოლ გოტიემ კონსტრუქტივიზმით შთაგონებული კოლექციის ჩვენება გამართა. ამ პერიოდში მარჯიელაც მასთან მუშაობდა.

როგორც კოლექციის პრეზენტაციის შესახებ ლოიკ პრიჟანის იუთუბ არხზე გამოქვეყნებულ დოკუმენტურ მასალაში ჩანს, გარდა მისი მნიშვნელობისა, ჩვენება კიდევ ერთი მიზეზის გამო არის საყურადღებო. მასზე მარტინ მარჯიელა გამოვიდა!

ვიდეოში, 21:09 წუთზე, კარგი აღნაგობის შავებში შემოსილი მამაკაცის გამოსახულება ჩნდება, რომელიც დამსწრეთა შორის პოდიუმზე თამამად, ღიმილით იწყებს სიარულს.

“ვთქვა ვინ არის?” – ამბობს ფრანგულად ჟან პოლ გოტიე. “არ ვიტყვი.” ლოიკის შეკითხვას კი, საზოგადოებისთვის ცნობილი ფიგურაა თუ არა, პასუხობს: “კი, მაგრამ მისი სახე უცნობია.”

ეს უცნობი სახის სახელგანთქმული პიროვნება ერთ-ერთი იყო შოუზე გამოსულ გოტიეს სტუდიაში დასაქმებულ ადამიანებს შორის.