„ალექსანდრ მაკქუინი არავის აღმოუჩენია. ალექსანდრ მაკქუინმა საკუთარი თავი თავად აღმოაჩინა.“ ეს მართლაც ასეა, მაგრამ გენიალურ დიზაინერს კარიერის საწყის ეტაპზე გვერდში ედგა ადამიანი, რომლის გარეშეც მისი ცხოვრება შესაძლოა სხვა სცენარით განვითარებულიყო. იზაბელა ბლოუმ მაკქუინის ნიჭის რეალიზება შეძლო, შემჩნეულ ტალანტს საკუთარი ბრენდის შექმნისკენ უბიძგა და მთელი თავისი ძალისხმევა მოახმარა იმას, რომ ის სხვებსაც შეემჩნიათ.
1992 წელს იზაბელა ბლოუ ბრიტანული ვოგის ასოცირებული რედაქტორი იყო, როცა Central Saint Martins-ის სტუდენტის, ლი მაკქუნის, დამამთავრებელი კოლექცია იხილა და გადაწყვიტა, რომ ეს დიზაინერი თავისი პროტეჟე უნდა გამხდარიყო.
„პირველივე ლუქიდან აშკარა იყო, რომ საქმე უზარმაზარი პოტენციალის და ნიჭის მქონე ადამიანთან გვქონდა,“ – აღნიშნა იზაბელამ.
ბრიტანელ არისტოკრატს იმდენად მოეწონა სერიული მკვლელით, ჯეკ მფატრავით, შთაგონებული ეს კოლექცია, რომ მისი შეძენა გადაწყვიტა. ამისთვის იზაბელამ მაკქუინის Bigerstaff Road-ზე მცხოვრებ ოჯახთან რეკვა დაიწყო. მას დიზაინერის დედა ჯოისი პასუხობდა. მას ბლოუ თავისი შვილის ტანსაცმელზე შეყვარებული შეშლილი ეგონა. არაერთი მცდელობის შემდეგ იზაბელამ ლი შეხვედრაზე დაითანხმა და დიზაინერისთვის მისაღებ ფასში კოლექციაც შეიძინა (წლების განმავლობაში იზაბელა აცხადებდა, რომ მან მაკქუინის დამამთავრებელი კოლექცია სრულად იყიდა, რასაც თავად დიზაინერიც არ უარყოფდა, მაგრამ როგორც ლის ახლო მეგობარმა საიმონ ანგლესმა განაცხადა, ბლოუს კოლექცია სრულად არა, თუმცა მისი უმეტესი ნაწილი ერგო). ასე დაიწყო მაკქუინის და ბლოუს ბრწყინვალე თანამშრომლობა და მეგობრობა.

ლონდონის მოდის კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი „Banshee” მაკქუინის რიგით მეოთხე კოლექცია იყო, რომელიც მოიცავდა თავის უკვე სახელგანთქმულ ‘bumster’ სილუეტს, ქალის რეზინა ჩამოსხმულ სერთუკს, თაბაშირიან კაბას, ჯულიენ მაკდონალდის ნაქსოვ გამჭირვალე დეტალიან სვიტერს და იან ვან ეიკის 1434 წლის შედევრის – „არნოლფინების ოჯახის პორტრეტის,“ რეფერენსს, რომელიც ორსულმა მოდელმა წარმოადგინა.
ჩვენების ერთ-ერთი გმირი იყო იზაბელა ბლოუც, რომელიც მოდიდან თავის ყველა გავლენიან მეგობარს მოუწოდებდა მასზე დასწრებას: „თუ მხოლოდ ერთ ჩვენებას ნახავთ, ის ალექსანდრ მაკქუინი უნდა იყოს.“
დერეკ ანდერსონის PR კომპანია In The Mix-ის ინიციატივით, ამ კოლექციის პრეზენტაცია ნიუ-იორკშიც მოეწყო, სადაც ლიმ ყველა მნიშვნელოვანი რედაქტორის ყურადღება მიიპყრო.
იზაბელა პოდიუმზე ორჯერ გამოჩნდა. ჯერ იასამნისფერი პერანგით, შემდეგ კი შავი ასიმეტრიული კაბითა და ლუდ Stella-ს (მაკქუინის მაშნდელი სპონსორის) ბოთლის ნატეხებით გაფორმებული მოსაცმელით. შოუს სხვა მონაწილეების მსგავსად, მის თმაშიც ვერცხლისფრად ელვარებდა ლოგო McQueen.

ნიუ-იორკში გამართული ჩვენების შემდეგ პოლი მელენმა განაცხადა:
„მე მოდის მომავალი ვნახე და ის ლი მაკქუინია.“