მოდის ინდუსტრიისთვის არ არის უჩვეულო, როდესაც თავის მოწყობილ სცენაზე სხვა სფეროს წარმომადგენელი გამოდის, ეს განსაკუთრებით სარეკლამო კამპანიებს და ჟურნალებს ეხება. მაგრამ არც პოდიუმისთვის არის უცხო მწერლები, მხატვრები, მსახიობები თუ მუსიკოსები. მიუხედავად ამისა, არის მომენტები, რომლებიც იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდება, რომ წლების შემდეგაც იხსენებენ, როგორც დაუვიწყარ მოვლენას. ასეთი მომენტი იყო 1995 წელს ვერსაჩეს ჩვენებაზე თუფაქის გამოჩენა.
ახლა როდესაც რეპერები მოდის ეპიცენტრში არიან მოქცეულები, ჩვენებების წინა რიგებში მათი რაოდენობა ყოველ სეზონზე იზრდება და თავიანთ სიმღერებში უფრო და უფრო ხშირად ახსენებენ დიზაინერების სახელებს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ მოდაში თავიანთი წვლილი ოთხმოცდაათიანებში, ჰიპ-ჰოპის აღმავლობის პერიოდშიც შეჰქონდათ.
თუფაქ შაკური ჯანი ვერსაჩეს ფავორიტი იყო. 1996 წლის შემოდგომა/ზამთრის შოუზე გამოსასვლელად მან რეპერი პერსონალურად მიიწვია. დიზაინერს თუფაქი დახასიათებული ჰყავს როგორც „მსოფლიოში ყველაზე მშვენიერი კაცი.“ რეპერის ჯანის მიმართ სიყვარული კი ვერსაჩეს ლუქების ტარებაში და მისი სახელის გარეპვაში გამოიხატებოდა. (Hit ‘Em Up—now it’s all about Versace, you copied my style) ბრენდის მიმართ თავისი დამოკიდებულებიდან გამომდინარე გასაკვირი არ არის, რომ დიზაინერის მიწვევას დათანხმდა და პოდიუმზე ოქროსფერ ხავერდის შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი თავის შეყვარებულ კიდადა ჯონსთან ერთად გამოვიდა (წყვილს თან ახლდა ორი პირადი მცველიც).
გაოცებულ აუდიტორიას წინ სანახაობის გაგრძელება ელოდებოდა. ლუქის წარდგენა პერფორმანსში გადაიზარდა, როდესაც თავისი ჰიტის შესრულება დაიწყო. თუფაქის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ვერსაჩეს პოდიუმზე მისი შესრულებული „California Love“ ისტორიულ მომენტად იქცა.