კინო და სატელევიზიო ინდუსტრია ყოველთვის ახდენდა გავლენას სილამაზის აღქმაზე. ტელეეკრანებზე ნაჩვენები პერსონაჟები თუ მათი შემსრულებელი ვარსკვლავები ხშირად ადგენდნენ ვარცხნილობის, ტუჩსაცხის ფერისა თუ თვალის მაკიაჟის სტანდარტებს. ეს ტრადიცია არც უკანასკნელ წლებში შეცვლილა, უფრო მეტიც – სოციალური ქსელების აქტუალობამ და სარეკლამო ინდუსტრიაში მათმა გამოყენებამ კიდევ უფრო გააძლიერა საკულტო პესონაჟებისა, თუ კონკრეტული პერიოდის პოპულარული ადამიანების სტილის გავლენა.

როდესაც ვსაუბრობთ დამახასიათებელ გარეგნულ შტრიხებზე, ერთ-ერთი უპირველესი HBO-ს სერიალი Euphoria გაგვახსენდება – სერიალი რომელმაც არამხოლოდ სცენარით, სამსახიობო შემადგენლობით და პერსონაჟების ისტორიით, არამედ დამახასიათებელი მაკიაჟის ტრენდებითაც დაიმკვიდრა თავი. ეს არის სატელევიზიო შოუ, რომელმაც მთელს Beauty ინდუსტრიას გამბედავი ნაბიჯებისა და სითამამისაკენ უბიძგა. უფრო მეტიც – Euphoria-მ ამ ბაზარზე ახალი პროდუქტების გამოჩენაც კი განაპირობა.
სერიალის პირველი სეზონის დასრულებასთან ერთად, შოუს ესთეტიკა ე.წ. „თაობა Z“-ის სახედ და იმიჯად იქცა. ეს არ არის მხოლოდ მკვეთრად შეღებილი ტუჩები, გლითერები და ფერადი, ნეონის თვალის ჩრდილები – Euphoria-ს მაკიაჟი ინდივიდუალიზმისა და თვითგამოხატვის ერთგვარ სიმბოლოდ პოზიციონირდა, რომელიც გარკვეული მესიჯებისა და მინიშნებების მატარებელიც არის. დღეს, პერსონაჟების ლუქებს ვხედავთ ინსტაგრამზე, ვლოგერი ვიზაჟისტების ვიდეოებში, ისეთი ცნობილი ბრენდების რეკლამებში, როგორიც არის მაგალითად MAC, HUDA. Euphoria-ს ესთეტიკით შთაგონებული მაკიაჟი ჩნდება წითელ ხალიჩაზე, მოდის კვირეულებსა და მოდური ჟურნალების გარეკანზეც კი.
ტენდენციები ასეთი მასშტაბით ცხადია ვერ დამკვიდრდებოდა, რომ არა ამ მაკიაჟის სრულყოფილი შესრულება. შესაბამისად, როცა ვლაპარაკობთ ამ სატელევიზიო შოუს გავლენაზე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ადამიანი, რომელიც სცენის მიღმაა – საუბარია სერიალის მთავარ ვიზაჟისტ Doniella Davy-ზე. ის არასდროს ყოფილა სოციალურ ქსელში აქტიური და არ უცდია საკუთარი თავის ინფლუენსერად დამკვიდრება, თუმცა, აღმოჩნდა რომ 2019 წლის მთავარი ტრენდის ერთ-ერთ შემოქმედად იქცა.