მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად გაინტერესებთ მოდა ან მუსიკა – ფაქტი, რომ ჰარი სტაილსი პირველი მამაკაცი გახდა, რომელმაც ამერიკული VOGUE-ის სოლო ყდა მიიღო, ყველამ იცის. სტაილსი დიდი ხანია მოდის და სტილის ერთ-ერთ გავლენიან ვარსკვლავად მიიჩნევა, თუმცა 2020 წელი ამ მხრივ, მის კარიერაში, კიდევ უფრო წარმატებული იყო. ჰარიმ მოდაში გენდერულად ნეიტრალური მიდგომის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი შექმნა. სტაილსის ჩაცმულობა ყოველთვის იპყრობს მოდის პრესის და სოციალური ქსელის ყურადღებას. მისმა იმიჯმა განაპირობა ის, რომ დღეს 27 წლის ვარსკვლავი მოდასთან უფრო ასოცირდება, ვიდრე მუსიკალურ ინდუსტრიასთან. თავად ყდაზე გამოჩენა მოდის ბიბლიად აღიარებული ჟურნალის ისტორიაში მოვლენა იყო – ამ დრომდე, ამერიკული ვოგის გარეკანზე მხოლოდ ცხრა მამაკაცი მოხვდა, თუმცა, არცერთი მათგანი არ ყოფილა ფოტოზე მარტო წარმოდგენილი. ჰარი ინტერვიუებში ხშირად საუბრობს მის სიყვარულზე ტანისამოსის მიმართ, ამ ბუნებრივმა დამოკიდებულებამ აქცია ის მოდის სამყაროსთან დაკავშირებული არაერთი პროფესიონალის შთაგონებად – თუ კი სხვა ვარსკვლავებისათვის დიზაინერების კოსტიუმები საჯაროდ შექმნილი იმიჯის კომპონენტია, სტაილსისათვის ეს ყოველდღიურობის ორგანული ნაწილია. მას შეუძლია მოირგოს ყველაფერი – ქალის სამოსი, გასული ეპოქების ინსპირაციით გაცოცხლებული სტილი – ეს ყველაფერი კი ყოველთვის ესთეტიკურად გამოსდის. შეიძლება ითქვას, რომ ის ყოველთვის იმ ზღვარზეა, რომელიც მომენტის საუკეთესოდ ჩაცმულ მამაკაცად აქცევს.

არც ისე ბევრი მაგალითი გაგვახსენდება, როცა ვარსკვლავებმა კარიერა ბოი ბენდიდან დაიწყეს და საბოლოოდ მოდის ინდუსტრიის ცენტრში აღმოჩნდნენ – ამ მხრივ, სტაილსის შემთხვევა განსაკუთრებით საინტერესოა. 2010 წელს, 16 წლის სტაილსი პირველად იხილა მსმენელის დიდმა აუდიტორიამ, როცა ის ბრიტანულ მუსიკალურ კონკურ THE X FACTOR-ში გამოვიდა და სტივ ვანდერის “Isn’t She Lovely” იმღერა. სტაილსი კონკურსს ფინალამდე გამოეთიშა, თუმცა X FACTOR-ის ჟიურის წევრების ინიციატივით, ბოიბენდს შეუერთდა და ასე შეიქმნა One Direction.

ბოიბენდმა დაახლოებით ექვსი წელი იარსება და საკმაო პოპულარობაც მოიპოვა. ამ დროს, ჰარის ტაილსს ჯგუფში თავისი ნიშა ჰქონდა – მომხიბლავი ბიჭი ბავშვური გარეგნობით. თუმცა, მალევე ის კიდევ უფრო პოპულარული გახდა, როცა გაბედული და ყველასაგან გამორჩეული სტილით დაიწყო წითელ ხალიჩაზე გამოჩენა. მის ევოლუციაში კი, უდიდესი როლი შეასრულა GUCCI-მ. 2015 წელს, GUCCI-ის შემოქმედებით ხელმძღვანელად ალესანდრო მიკელე დასახელდა. ის მოდის სახლში 2002 წლიდან მუშაობდა, თუმცა, 2015 წელს, მის კარიერაში დადგა პერიოდი, როცა საკუთარი ხედვით უნდა ემართა გავლენიანი ბრენდის კურსი.

2015 წელს, ალესანდრო მიკელემ მამაკაცის ხაზის თავდაჯერებული კოლექცია წარადგინა. სამოსი შთაგონებული იყო რესტრო სტილით, ის თამამი ფერებით, პრინტებით და გენდერულად ნეიტრალური ვიზუალით გამოირჩეოდა. პარალელურად, მუსიკალურ და პოპკულტურის სამყაროში, ბოიბენდების აქტუალობა დღითიდღე ქრებოდა და მასთანმ ერთად One Direction-ის პოპულარობაც მთავრდებოდა. ამ დროს, სტაილსის იმიჯზე ცნობილი სტილისტი ჰარი ლამბერტი მუშაობდა, მან გადაწყვიტა, რომ ბიჭებს რაღაც ახალი სჭირდებოდათ და ეს ვიზუალური იმიჯი იყო. ამის შემდეგ, სტაილსი One Direction-ის პირველი წევრი გახდა, რომელმაც სრულიად შეცვლილი იმიჯით გადაწყვიტა საჯაროდ გამოჩენა – მან GUCCI-ის პრინტიანი სამოსი მოირგო და სწორედ ასე წარსდგა წითელ ხალიჩაზე.

American Music Awards 2015.

სტაილსი მაშინვე ყველასაგან გამორჩეულ წევრად იქცა, მის ვიზუალს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოგვიანებით, სტილისტმა ჰარი ლამბერტმა მოდის პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს იყო მომენტი როცა მიხვდა – მოდის სამყაროში ჰარი სტაილსის მოგზაურობა იწყებოდა. რამდენადაც 20 წლის ჰარიმ შეძლო და მიკელეს სტილი იდეალურად მოირგო, ამან ლამბერტს მისცა გამბედაობა, რომ თავისი კლიენტის გარდერობში მეტი GUCCI დაემატებინა. 2015 წელს, One Direction-თან ერთად ბოლო გამოსვლის დროს, სტაილსს სცენაზე კვლავ მოდის სახლის კოსტიუმი ეცვა ყვავილებიანი პრინტებით. უკვე თვალსაჩინო იყო, რომ ის ბოიბენდს იდეურად აღარ ეკუთვნოდა.

ამის შემდეგ, ჰარი სტაილსმა სოლო კარიერა აირჩია და პირველ ალბომზე მუშაობა დაიწყო. აქაც GUCCI მისი იმიჯის სავიზიტო ბარათად იქცა – კამპანიებში ჰარი სტაილსი სწორედ ალესანდრო მიკელეს შექმნილი დიზაინით ჩნდებოდა, ალბომის ფარგლებში გამართულ მუსიკალურ შოუზეც დიზაინერის ცნობილი ყვავილებიანი პრინტის სამოსი მოირგო. პარალელურად, VOGUE და სხვა მოდის ჟურნალები აქტიურად წერდნენ ახალგაზრდა ვარსკვლავის იმიჯის ცვლილებაზე, მის ყოველ საჯარო გამოსვლას ვცრელი სტატიები ეთმობოდა.

2018 წელს, GUCCI-ისა და ჰარი სტაილსს შორის ურთიერთობამ უკვე ფორმალური სახე მიიღო – მუსიკოსი მოდის სახლის კამპანიაში გამოჩნდა. ფოტოები გლენ ლაჩფორდმა გადაიღო. ამას კიდევ ორი კამპანია მოჰყვა. სტაილსმა მოდის სახლის საიმიჯო დიზაინები წარადგინა. ჰარიმ ეს სტილი ისე მოირგო, რომ მისთვის დამახასიათებელი კოლეჯის მოსწავლის ქარიზმა არ დაეკარგა.

2019 წლის შემოდგომაზე, მრავალწლიანი ისტორიის მატარებელმა მოდის სახლმა, კოსმეტიკის და პარფიუმერიის ხაზის ფარგლებში, ახალი სუნამო წარადგინა – ეს იყო გენდერულად ნეიტრალური სუნამო და მის სარეკლამო ფოტოზეც ჰარი სტაილსი გამოჩნდა. GUCCI-ის და სტაილსის თანამშრომლობა ორივე მხარისათვის წარმოუდგენლად სარგებლიანი აღმოჩნდა – ახლა მიკელე ნაცნობი იყო არამხოლოდ მათთვის, ვისაც მოდა უყვარდა, არამედ სტაილსის ახალგაზრდა თაყვანისმცემლებისათვისაც, რომელთა რიცხვი დღითიდღე იზრდებოდა. ამასთან ერთად, მსოფლიომ და პრესამ სტაილსში უფრო მეტად დაინახა ხელოვანი, ინდუივიდუალური, კრეატიული სტილის ვარსკვლავი. სოციალურ ქსელში ჰარი სტაილსს და GUCCI-ის უკვე ერთად განიხილავდნენ.

ალესანდრო მიკელესა და ჰარი სტაილსს შორის კამპანიებით და საჯარო ვიზუალით გამოხატული თანამშრომლობა ნამდვილ მეგობრობად 2019 წლის MET GALA-ზე გადაიზარდა. აქ უკვე ნათელი იყო, რომ დიზაინერისათვის სტაილსი შეუცვლელ მუზად იქცა. ამას მოჰყვა ალესანდრო მიკელესა და სტაილსის თანამშრომლობა, როცა მაისურის საქველმოქმედო ხაზი გამოუშვეს, რომლის გაყიდვებიდან მიღებული თანხები Global Fund For Women-ში გადაირიცხა.

MET GALA 2019

2020 წელს, როცა პანდემიურ რეალობაში მოდის ინდუსტრიას ხალხმრავალი ჩვენებებიდან ციფრულ ფორმატზე მოუწია ადაპტირება, იტალიელმა დიზაინერმა ახალ კოლექცია 7-სერიანი ფილმის სახით წარადგინა. ფილმზე რეჟისორმა Gus Van Sant – მა იმუშავა. მოდის სახლის ფავორიტ ვარსკვლავებთან ერთად, პროექტში, ცხადია, მონაწილეობდა ჰარი სტაილსიც.