ბევრ მაგალითს ნამდვილად ვერ მოვიყვანთ მოდის ინდუსტრიაში დასაქმებული იმ წარმატებული ქართველების შესახებ, რომლებსაც პირველად მოდის ბიბლიად წოდებული ამერიკული ვოგი გვაცნობს. რომელიც მის ისტორიას სტატიების სერიით გვიყვება, რომელშიც მის პირად ცხოვრებასა და კარიერასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მომენტები გვხვდება – დაწყებული სამშობლოს დატოვების გადაწყვეტილების მიღების მიზეზებით, დამთავრებული ქორწილით. ეს ნამდვილად კარგი და საამაყოა (ამავდროულად, რაღაც გაგებით გულდასაწყვეტიც). ქეთევან გვარამაძე ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი სტილისტია, რომელმაც შეძლო თავი დაემკვიდრებინა სფეროში, რომელშიც საქმიანობს. მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის, რომელთან დაკავშირებითაც უნდა ველოდეთ ისტორიის მოსმენას, რომელიც გვიამბობს ადრეულ ასაკში გაჩენილ პროფესიულ მიზანზე, რომელსაც გზიდან გადახვევის გარეშე აღწევენ. ეს არის ამბავი, რომლის გმირიც განსხვავებული გამოცდილებების მიღებით მიდის საბოლოო დანიშნულების ადგილამდე.

„ისიც კი არ ვიცოდი ანა ვინტური ვინ იყო! ტანსაცმლის ერთმანეთისთვის შეხამება სამსახურადაც არ აღიქმებოდა, არაფერი გამეგებოდა.“

ქეთევან გვარამაძე, Vogue, 2015

Vogue Poland April 2020
Model: Julia van Os
Photographer: Stanislaw Boniecki
Fashion Editor/Stylist: Ketevan Gvaramadze

ექიმი დედის და ლანდშაფტის არქიტექტორის ოჯახში დაბადებულმა ქეთევანმა საქართველო 1999 წელს, 18 წლის ასაკში დატოვა. მან უკან მოიტოვა მკვდარი ქალაქი, სიბნელის პერიოდი, მის ცხოვრებაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევები და უკეთესის ცხოვრებისთვის ამერიკისკენ გაემართა.

„ცხოვრება იქ უკეთესი აღმოჩნდა. საბოლოოდ აქ დავრჩი და უკან აღარ დავბრუნებულვარ.“

ქეთევან გვარამაძე

შეერთებულ შტატებში მან პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა და ძიძად მუშაობდა.

მის ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპი პრესტიჟულ იტალიურ რესტორან Giorgione-ში მიმტანად მუშაობას უკავშირდება, როდესაც Allure-სთვის გამართულ წვეულებაზე ამ ჟურნალიდან Siobhan Bonnouvrier და მისი ქმარი, DNA Models-ის დამფუძნებელი, David Bonnouvrier გაიცნო.

„Siobhan-მა მომმართა: „აქ რას აკეთებ?“ მე კი ხუმრობით ვუპასუხე, „გინდა დამიქირავო? – იხსენებს ის.

ერთი კვირის შემდეგ ქეთევანი Bonnouvrier-მა გადაღებაზე მიიწვია.

„ასე დაიწყო ყველაფერი,“ – ამბობს გვარამაძე.

Ketevan Gvaramadze and Michael Beauple’s wedding © Vogue

2006 წელს მან Allure-ში ასისტენტად დაიწყო მუშაობა, სადაც მალე დააწინაურეს. პარალელურად Boom Boom Room-ში მიმტანადაც მუშაობდა. 

„[Paul] Cavaco-მ (Allure-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი) და Bonnouvrier-მა (Allureის Fashion Director) გამზარდეს. არ ვიცი ეს ორი რატომ იყო ჩემთან მიმართებაში ასეთი კარგი და მომთმენი. მათ ყველაფერი მასწავლეს.“

ქეთევან გვარამაძე, Vogue, 2015

2009 წელს ქეთევანმა Boom Boom Room და Allure დატოვა, რათა შტატგარეშე სტილისტი გამხდარიყო.

წლების განმავლობაში მან არაერთ მნიშვნელოვან გამოცემასთან (Vogue, Vogue Polska, V, Antidote, Schön…), მოდელთან (Doutzen Kroes, Edita Vikeviciute, Dilone…) თუ კომპანიასთან (Michael Kors, Tiffany’s, Gloria Vanderbit…) იმუშავა. კავშირს ინარჩუნებს თავის სამშობლოსთანაც და აქტიურად თანამშრომლობს თამუნა ინგოროყვასთან.

Tatia Ukleba for Tamuna Ingorokva by Ketevan Gvaramadze

დიზაინერმა და სტილისტმა ერთმანეთი ჯერ კიდევ ბავშვობაში თავიანთი დედების საშუალებით გაიცნეს, თუმცა ერთმანეთთან კავშირი წლები აღარ ჰქონიათ, სანამ 2011 წელს გვარამაძეს საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობა ისევ მიეცემოდა.

„12 წლის განმავლობაში ერთმანეთთან შეხება არ გვქონია. მაგრამ კავშირის აღდგენა ბუნებრივად, ძალიან ორგანულად მოხდა.“

ქეთევან გვარამაძე

Tatia Ukleba for Tamuna Ingorokva by Ketevan Gvaramadze

ხშირად ერთმანეთთან ჯაჭვურად გადაბმული მოვლენების შედეგად მიდიხარ მოულოდნელ შედეგამდე. ქეთევანის შემთხვევა ამის მაგალითია. სტილისტობა არ ყოფილა გვარამაძის თავდაპირველი არჩევანი. თუმცა, როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა, მისი მოწოდება სწორედ ეს იყო.

Tags :