სტილი თვითგამოხატვის საშუალებაა. თითოეული დეტალი, რითაც საკუთარ სხეულებს ვამკობთ, მეტყველებს იმაზე, თუ ვინ ვართ და რა ინტერესები გვაქვს. ზოგჯერ ეს ყველასათვის ნათელია, ზოგჯერ კი დაფარული. მრავალი წელია ადამიანები თავიანთი იდენტობის საჩვენებლად სიმბოლოებსაც იყენებენ. სიმბოლოების საშუალებით ერთმანეთთან კავშირის უთქმელად დამყარება, სხვაში საკუთარი თავის დანახვა და საერთო ღირებულებების გაზიარება ხდება. მათი ამოცნობა შესაძლოა ყველას არ შეეძლოს და მიზანიც სწორედ ეს იყოს. მწვანე მიხაკი არის მაგალითი იმისა თუ როგორ ვუგზავნიდით ასეულობით წლების განმავლობაში ერთმანეთს მესიჯებს ჩვენი ჩაცმულობის საშუალებით.
1892 წელს, ოსკარ უაილდმა თავისი პიესის, “ლედი უინდერმირის მარაოს,” პრემიერაზე, რამდენიმე მეგობარს პიჯაკებზე მწვანე მიხაკების დამაგრება დაავალა. ჰომოსექსუალმა მწერალმა მწვანე მიხაკს ახალი აზრი შესძინა. “მას შემდეგ, პიჯაკის გადანაკეცზე მიმაგრებულ მწვანე მიხაკს საიდუმლო მნიშვნელობა ჰქონდა, ის მიმანიშნებელი იყო იმისა, რომ შენ იყავი კაცი, რომელსაც სხვა კაცები უყვარდა,” ამბობს სარა პარდი.
როდესაც უაილდს თავისმა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ჰკითხა თუ რას ნიშვნავდა მწვანე მიხაკი, მან უპასუხა: “ისეთს არაფერს, მის აზრს უბრალოდ ვერავინ ჩასწვდება.”
© Oscar Wilde Tours
მე-19 საუკუნისგან განსხვავებით, 2021 წელს ბევრი აღარ ერიდება ღიად გამოხატოს თავისი ორიენტაცია და საზოგადოების ნაწილისთვის შესაძლო მიუღებელი გადაწყვეტილებები, მაგრამ ისეთი მშვენიერი ფარული გზავნილი, როგორიც მწვანე მიხაკია ჩვენს დროში კვლავ ვიხილეთ.
Elliot Page © Vogue Es / Getty Images
წლევანდელი მეთ გალას წითელ ხალიჩაზე ელიოტ ფეიჯი, რომელმაც გასულ წელს განაცხადა, რომ ტრანსგენდერი იყო, ბალენსიაგას ოტ კუტიურ კოსტიუმზე მიმაგრებული მწვანე ყვავილით წარსდგა. კავშირი მასსა და ოსკარ უაილდს შორის აშკარა იყო და ამან არაერთი მისი გულშემატკივარი და ქვიარ ადამიანი აღაფრთოვანა.