2020 წელი Netflix-სათვის საკმაოდ წარმატებული პერიოდი იყო, თუ გავითალისწინებთ იმას, რომ ბოლო დროის ყველაზე პოპულარული სერიალების უმეტესი ნაწილი სწორედ ამ სტრიმინგ სერვისმა გამოუშვა. ერთ-ერთი ასეთი პროექტი კი, ნამდვილად არის Bridgerton – სერიალი, რომელიც გადაღებულია ჯულია ქვინის ბესტსელერი რომანების სერიის მიხედვით. ისტორია მე-19 საუკუნის ინგლისში ვითარდება და როგორც ყველა მსგავს ფილმსა თუ სერიალში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მხატვრობას, სეტებს და ცხადია – კოსტიუმების დიზინს.

საინტერესოა ისიც, რომ შონდა რაიმსის პროდიუსერობით შექმნილ Bridgerton-ში, ახალბედა და ნაკლებად ცნობილი მსახიობები ვიხილეთ. ზოგადად, ასეთი არჩევანი ერთის მხრივ გონივრულია – წარმატებული შესრულების შემთხვევაში, მსახიობი მაყურებლისათვის პირველად სწორედ აღნიშნულ როლთან ასოცირდება. უნდა ითქვას, რომ Bridgerton-ის შემქმნელების გადაწყვეტილებამ ამ მხრივ ნამდვილად გაამართლა – პერსონაჟები მაყურებლის მრავალმილიონიანმა აუდიტორიამ კარგად მიიღო, სატელევიზიო ინდუსტრიას კი Netflix-მა ახალი მიმზიდველი სახეები აღმოაჩენინა.

განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მთავარი პერსონაჟის – ახალგაზრდა ჰერცოგის, საიმონ ბასეტის როლის შემსრულებელმა რეჟე-ჯინ პეიჯმა (Regé-Jean Page). მსახიობი 31 წლისაა, თუმცა, მას ასეთი პოპულარული როლები აქამდე არ შეუსრულებია და მედიის ყურადღებაც სწორედ Bridgerton-ის მეშვეობით მოიპოვა. მისი პერსონაჟი განსაკუთრებული შარმით, სტილით და მომხიბვლელობით გამოირჩევა, ამ ყველა დეტალის ეკრანზე გაცოცხლება პეიჯმა შესანიშნავად შეძლო. არაერთი ჟურნალი აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ დიდი შანსია მსახიობი სატელვიზიო და კინოინდუსტრიაში ერთ-ერთ მოთხოვნად მსახიობად და 2020-იანი დეკადის განსაკუთრებით პოპულარულ ვარსკვლავად იქცეს.

ფოტო: ჟურნალი Esquire. რეჟე-ჯინ პეიჯი Louis Vuitton-ის ჰუდით.

როცა მსახობს ისეთი ეკრანიზაციიდან ვიცნობთ, რომელიც გასული საუკუნეების ეპოქას ასახავს, ცხადია ჩნდება ინტერესი – როგორია მისი სტილი რეალურ ცხოვრებაში, რა ინტერესები აქვს და ასე შემდეგ. რეჟე-ჯინ პეიჯი საკმაოდ კარგად ახერხებს მოირგოს ცნობილი მოდის სახლების სამოსი სხვადასხვა ფოტოსესიაში. სწორედ ამიტომ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გემოვნების და საჯარო იმიჯის გათვალისწინებით, პეიჯი შესაძლოა სტილის ახალ ვარსკვლავადაც მოგვევლინოს. ამ ვარაუდს ისიც ამყარებს, რომ უკვე მოდის არაერთი ჟურნალი დაინტერესდა მისით.

რეჟე-ჯინ პეიჯი 1990 წელს ბრიტანეთში, წარმოშობით ზიმბაბველი ექთნის და ინგლისელი მღვდლის ოჯახში დაიბადა. ბავშვობა ზიმბაბვეს დედაქალაქში გაატარა, 14 წლის კი კვლავ ინგლისში დაბრუნდა. 2013 წელს პეიჯმა Drama Center London დაამთავრა, 2016 წლიდან კი ლოს ანჯელესში დასახლდა. ამ პერიოდის შემდეგ, ის აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფილმისა და სერიალისათვის გამოცხადებულ კასტინგებში და რამდენიმე სატლევიზიო შოუს ეპიზოდებშიც გამოჩნდა. როგორც მისმა ყოფილმა კოლეგებმა Bridgerton-ის გამოსვლის შემდეგ მასზე ისაუბრეს, რეჟე-ჯინ პეიჯი მრავალი ნიჭით დაჯილდოებული მსახიობია – ფლობს ვოკალურ და ქორეოგრაფიულ შესაძლებლობებს. ამას გარდა, მას ერთნაირად წარმატებით შეუძლია კომედიური და დრამატული როლის მორგება.

აღსანიშნავია, რომ Bridgerton პეიჯის და სახელგანთქმული პროდიუსერის – შონდა რაიმსის პირველი თანამშრომლობა არ არის. შონდამ და მისი კომპანიის წარმომადგენლებმა ის გაცილებით ადრე შენიშნეს და ერთ-ერთ პროექტში როლიც მისცეს. ხოლო, როცა საქმე Bridgerton-ის სამსახიობო გუნდის შეკრებაზე მიდგა, რეჟე-ჯინ პეიჯმა მთავარი როლი მიიღო.

როგორც მსახიობმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, როლის მორგებისას მთავარ ინსტრუმენტად სწორედ პესონაჟისათვის შექმნილ გარდერობს იყენებს. პეიჯის თქმით, სტილი ბევრს ამბობს გმირის ხასიათზე, შესაბამისად, კოსტიუმების დათვალიერება და მათი შესწავლა ძალიან ეხმარება როლის გათავისებაში. Bridgerton-ზე მუშაობისას პეიჯმა იგივე მეთოდი აირჩია. მისი თქმით, ახალგაზრდა ჰერცოგის ხასიათს კარგად გადმოსცემს ის სამოსი, რომელშიც ის სხვადასხვა სცენაში ჩნდება – თავდაჯერებული, ახალგაზრდა რომანტიკოსი დიდგვაროვანი, რომელსაც მთელი მსოფლიო აქვს მოვლილი. რაც შეეხება რეალურ ცხოვრებას, რეჟე-ჯინ პეიჯის თქმით, სიმარტივეს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა, მოხიბლულია თანამედროვე ეპოქის ისეთი ვარსკვლავების გაბედული სტილით, როგორიც მაგალითად ჰარი სტაილსს აქვს.

რეჟე-ჯინ პეიჯი InStyle-თან ინტერვიუში Bridgerton-ის ერთ-ერთ მთავარ ღირსებად აღიარებულ დეტალს – რასობრივ მრავალფეროვნებას შეეხო. “მსურს, რომ ისტორიულ ფილმებსა და სერიალებში ხშირად ჩნდებოდნენ შავკანიანი პერსონაჟები. ასეთ ნამუშევრებში, ძირითადად თეთრკანიანი გმირების ამბებს ვხვდებით, მაშინ როცა წარსული დროიდან მოყოლებული, ჩვენც მივისწრაფოდით ბედნიერებისაკენ, გვიყვარდებოდა და გვქონდა ურთიერთობები. ამის ეკრანზე ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანია.” – აღნიშნა მსახიობმა.