შატო შენონსოში (Château de Chenonceau), საფრანგეთში მდებარე სახელგანთქმულ სასახლეში, ვირჯინია ვიარდმა შანელისთვის შექმნილი თავისი მეორე Métiers d’art კოლექცია წარადგინა.
„ვირჯინია უფრო და უფრო უკეთესი ხდება. ის ქალია, რომელიც ქალებისთვის ქმნის და ეს მის ჩვენებებში ძალიან კარგად ჩანს.“
ბრუნო პავლოვსკი, შანელის პრეზიდენტი
Métiers d’art შოუ პირველად 2002 წელს კარლ ლაგერფელდის ინიციატივით გაიმართა და მას შემდეგ ყოველწლიური ხასიათი მიიღო. მისი მთავარი მიზანი მოდის სახლის იმ პარტნიორების დიდებულების წარმოჩენაა, რომელთა ოსტატობითაც შანელის კოლექციების სრულყოფა ხდებოდა.
ლუარის ველზე მე-16 საუკუნეში აგებული შატო შენონსო ცნობილი, როგორც „Château des Dames,“ვირჯინიას თქმით, ჩვენების გასამართად „აშკარა არჩევანი“ იყო. სასახლეში ისეთი დიდებული ქალები ცხოვრობდნენ, როგორებიც დიანა დე პუატიე და ეკატერინა მედიჩი იყვნენ. „ეკატერინა მედიჩის ემბლემა ორი C – ის გადაბმით მიღებულ მონოგრამას წარმოადგენდა, როგორც შანელის შემთხვევაშია,“ – ამბობს ვიარდი. კოლექციაში ვხვდებით სასახლესთან დაკავშირებულ მოტივებს: ქვედაბოლოებზე იატაკის შავ და თეთრ უჯრებად დაყოფილ დეტალებს, მოსასხამებზე გობელენების ელემენტებს, ეკატერინა მედიჩის ბაღებით შთაგონებულ თეთრ ყვავილოვან ნაქარგებს, უხვად გამოყენებულ შავ ფერს, რადგან ანრი II გარდაცვალების შემდეგ ეკატერინა მედიჩი მხოლოდ ამ ფერის ტანსაცმელს იცვამდა.
„არ ვიცით კოკო მისით იყო თუ არა შთაგონებული, მაგრამ ეს სავარაუდოა, რადგან ის რენესანსის ეპოქის ქალებს აღმერთებდა. მაქმანებიანი საყელოების და თავისი ძვირფასეულობიდან გარკვეული ნივთების ესთეტიკა იქიდან მოდის. სადღაც სიღრმეში, ეს ადგილი შანელის ისტორიის ნაწილია.“
ვირჯინია ვიარდი
კოლექციაში, რა თქმა უნდა, უხვად იყო ბრენდის ხელწერად ქცეული ტვიდები და ორ ფერში წარმოდგენილი ფეხსაცმელები, რომლებიც ბზინავი დეტალებით იყო განახლებული. ამ კოლექციით ვირჯინიამ ლეგინსებზე გადაცმული ქვედაბოლოების ტრენდიც დააბრუნა.
„მიყვარს, როდესაც ყველაფერი ერთმანეთშია არეული. სხვადასხვა ეპოქები, რენესანსსა და რომანტიზმს შორის, როკსა და რაღაც ძალიან გოგოურს შორის, ყველაფერი ძალიან შანელია.“
ვირჯინია ვიარდი
Chanel Métiers d’Art 2021
© Chanel