30 ივნისს პარიზში მაღალი მოდის (ოტ კუტიური) კვირეული იწყება. Haute Couture Fashion Week წელიწადში ორჯერ და მხოლოდ პარიზში ტარდება. კვირეული 4 ივლისამდე გასტანს. ოტ კუტიურით მოდის კვირეულების სეზონი სექტემბრამდე დაიხურება. თვალი გადავავლე პარიზის მაღალი მოდის პალატის მიერ გავრცელებულ განრიგს და გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას, რას უნდა ველოდოთ ოტ კუტიურ მოდის კვირეულის ახალი სეზონიდან.
მთავარი მოვლენა შანელის ჩვენება იქნება. პარიზში კარლ ლაგერფელდის გარეშე პირველი ოტ კუტიურ კვირეული გაიმართება. კარლის მარჯვენა ხელი და შანელის ახალი შემოქმედებითი ხელმძღვანელი, ვირჯინია ვიარდი პირველად წარადგენს ოტ კუტიურ კოლექციას, რომელიც დამოუკიდებლად შექმნა. ღიმილის მომგვრელია ფაქტი, რომ სკიაპარელიშიც ახალი შემოქმედებითი ხელმძღვანელის დებიუტი შედგება. გასულ საუკუნეში კოკო შანელი და ელზა სკიაპარელი ერთმანეთის ყველაზე დიდი კონკურენტები იყვნენ. თითქმის საუკუნის შემდეგ, პარიზში ველით ოტ კუტიურ მოდის კვირეულს, სადაც 2 დებიუტი უნდა შედგეს, ერთი შანელში, მეორე სკიაპარელში. დენიელ როუზბერი სკიაპარელის შემოქმედებით ხელმძღვანელად 2 თვის წინ დაინიშნა. როუზბერი 33 წლის ტეხასელი დიზაინერია, რომელიც 10 წელი თომ ბრაუნთან მუშაობდა ქალისა და მამაკაცის კოლექციებზე და დიზაინ გუნდის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა.
2019 წლის შემოდგომა/ზამთრის ოტ კუტიურ კვირეულის ტოპ შოუები:
პირველ ივნისს : სკიაპარელი, ირის ვან ჰერპენი, დიორი, რალფ & რუსო, ჯამპატისტა ვალი. 2 ივნისს : შანელი, ჯორჯო არმანი, ჟივანში. 3 ივნისს : მარჯიელა, ელი სააბი, ჟან პოლ გოტიე, ვალენტინო, ზუჰაირ მურადი, გუო პეი.