7 მარტს, CBS-ის ეთერში, ოფრა უინფრის შოუში გავიდა წინასწარ ხმაურიანად დაანონსებული ინტერვიუ, რომელიც მეგან მარკლისთან და პრინც ჰარისთან ჩაიწერა. როგორც წამყვანი გვპირდებოდა, ორსაათიანი გადაცემა საკმაოდ შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, რადგან მეგანმა და ჰარიმ სამეფო ოჯახის ბევრ ტაბუდადებულ და უცნობ თემაზე ისაუბრეს. ინტერვიუს სკანდალური ხასიათის მოლოდინი ბევრს ჰქონდა. არა იმიტომ, რომ ოფრა უინფრის შოუ მაინცდამაინც ასეთი ხასიათით გამოირჩევა – ამ მოლოდინის მიზეზი ჰარის და მეგანის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებული რადიკალური გადაწყვეტილებები იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჰარი და მეგანი მედიისაგან მეტნაკლებად დისტანციას იცავდნენ და არც სამეფო ოჯახი გამოირჩევა შიდა საქმეების გასაჯაროებით, შორიდანაც ნათელი იყო ის დაძაბულობა, რომელიც წყვილსა და ბუკინგემის სასახლეში დარჩენილ სამეფო წარმომადგენლებს შორის იყო. სამეფო ოჯახთან დისტანცირების სურვილი, ახალ სამეფო წყილს არც არასდროს დაუმალავს – ამან ოფიცალური სახე მიიღო მაშინ, როცა მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ საჯაროდ თქვეს უარი სამეფო ოჯახის პრივილეგიებზე, სასახლესთან ერთად ბრიტანეთიც დატოვეს და შეერთებულ შტატებში გადავიდნენ საცხოვრებლად. მიუხედავად მათი მეამბოხე ხასიათისა, მედიისათვის ბევრი დეტალი მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა. ინტერვიუს მომდევნო დღეს, საერთაშორისო მედია აქტიურად მიმოიხილავდა ინტერვიუს. ჰარის ოფრასთან მისვლის გადაწყვეტილება ბევრმა მედიაიმომხილველმა ლედი დაიანას გადაწყვეტილებასაც შეადარა, როდესაც ის მარტინ ბაშირთან BBC-ის ეთერში საკმაოდ სკანდალური ინტერვიუს ფორმატით გამოჩნდა. ლედი დაიანას ამ ინტერვიუზე ბევრი ითქვა, თუმცა, თანამედროვე მედიის ყურადღებას ამ მოცემულ მომენტში ის საიდუმლოებები იქცევს, რომლებიც ჰარიმ და მეგანმა სააშკარაოზე გამოიტანეს. და მაინც, რა გავიგეთ ოფრა უინფრისთან სტუმრობისას, 2-საათიანი ინტერვიუს დროს:

ორსულობისას მეგან მარკლი დეპრესიაში იყო და სუიციდური აზრები ჰქონდა.

მეგან მარკლი საკმაოდ ემციური იყო, როცა ინტერვიუს დროს მისი ყველაზე რთული პერიოდი გაიხსენა სამეფო ოჯახში. ქორწილიდან მალევე, ის მედიის ერთ-ერთი სამიზნე გახდა, რამაც ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლად აქცია. როგორც მარკლმა აღნიშნა, რამდენადაც მედიის მხრიდან გამუდმებულ ბულინგს განიცდიდა, ფსიქიკურმა ჯანმრთელობამ უმტყუნა და ორსულობისას მწვავე დეპრესიით იტანჯებოდა. სუიციდური ფიქრების გაძლიერების შემდეგ, მან სამეფო ოჯახს დახმარებისათვის მიმართა, თუმცა, ბუკინგემის სასახლის წევრებმა უთხრეს რომ მეგანის მენტალურ ჯანნმრთელობაზე ხმამაღა საუბარი და შესაბამისი სპეციალისტების ჩარევის ამბის გახმაურება ინსტიტუციის რეპუტაციისათვის საზიანო იქნებოდა. მეგანმა ასევე ისაუბრა ცხოვრების წესის რადიკალურ ცვლილებაზე, როცა ის სამეფო ოჯახის წევრი გახდა და იმ სტრესზე, რაც ამის გამო ადგებოდა. როგორც მან აღნიშნა, ტიტულის მიღების შემდეგ მას მოუწია უარი ეთქვა მანქანის მართვაზე, ცხოვრებისეულ ჩვევებზე “წარმოიდგინეთ, Uber-ის გამოძახებაც კი არ შემეძლო სასახლეში”- უთხრა მან ოფრას ინტერვიუს დროს.

ჰარი სრულად იზიარებდა მეგანის დამოკიდებულებას სამეფო სტატუსის მიმართ და შემდგომ გადაწყვეტილებას ბოლომდე მხარს უჭედა

“ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე – მან მე ნამდვილად გადამარჩინა” – აღნიშნა პრინცმა ჰარიმ ინტერვიუს დროს. მრავალი ხნის განმავლობაში, საერთასორისო მედია მეგან მარკლს ბოროტი პერსონაჟის ამპლუაში წარმოაჩენდა, მისი სახით პრესაში შეიქმნა პერსონაჟი, რომელმაც პრინცი ჰარი საკუთარ ოჯახს დააშორა, თუმცა, აღმოჩდა, რომ სინამდვილეში ჰარიც ისევე იტანჯებოდა სამეფო ოჯახის წესების ჩარჩოებისაგან, როგორც მეგანი. განსხვავება ის არის, რომ ჰარი ამ ვითარებაში ყოფნა მთელი თავისი ცხოვრება უწევდა. როგორც ჰარიმ აღნიშნა, ის ვერასდროს გაბედავდა თავი დაეხსნა ამ სიტუაციისაგან, რომ არა მეგან მარკლი. მან საკუთარი თავი და უილიამი შეაფასა, როგორც ორი სტატუსში და როლში გაჭედილი ადამიანი. მიუხედავად ამისა, ჰარის ძმაზე ბევრი არ ულაპარაკია, ამიტომ ინტერვიუს შემდეგაც გაურკვეველი დარჩა უილიამის პოზიცია. ოფრასთან ინტერვიუს გასვლამდე რამდენიმე ხნით ადრე, ჰარიმ განაცხადა რომ მამამისი, ჩარლზი არ ელაპარაკებოდა. ამ ინტერვიუს დროს, ჰარიმ მაყურებელს ახალი ინფორმაცია აუწყა და გაუმხილა, რომ მამასთან ურთიერთობა შედარებით გამოსწორდა. რაც შეეხება დედოფალს, ჰარიმ თქვა რომ მასთან კარგი ურთიერთობა აქვს და ამერიკაში წასვლის შემდეგ, იმაზე მჭიდრო და ხშირი კომუნიკაცია აქვს, ვიდრე გასული რამდენიმე წლის განმავლობაში.

ინტერვიუს დროს, ქეით მიდლტონის ამჟამინდელი პოზიცია კიდევ უფრო კარგად გამოიკვეთა.

მიუხედავად იმისა, რომ მეგან მარკლს ეს პირდაპირ სიტყვასიტყვით არ უთქვამს, მაყურებელს გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალება მიეცა ქეით მიდლტონის პერსონაზე, მის პოზიციასა და ამჟამინდელ მდგომარეოაზე. როცა ქეითი და უილიამი დაქორწინდნენ, საერთაშორისო მედია ისევე არაეთიკური იყო მის მიმართ, როგორც მომავალში მეგანის მიმართ. ქეითი ხშირად ხდებოდა დაცინვის ობიექტი თავისი წარომავლობის გამო. ყვითელი პრესა ხშირად მას დამამცირებელ კონტექტსში მოიხსენიებდა და ხაზს უსვამდა გარემოებას, რომ ქეითმა ბევრი იბრძოლა, რომ უილიამის ცოლი გამხდარიყო. დროთა განმავლობაში, ქეით მიდლტონს მედია, შეიძლება ითქვას, შეეშვა. მიზეზი კი ორი აქტორია: ქეითმა მოახერხა, რომ ზუსტად დაეცვა სამეფო ოჯახის წევრის და ტიტულის მფლობელი პრინცის ცოლის წესები, დამორჩილებულიყო ეტიკეტის ყველა ნორმას, გამხდარიყო უინტერესო და შესამისად – შეუმჩნეველი. მეორე მიზეზი კი, ოჯახში სწორედაც რომ მეგანის გამოჩენაა -თავისი წარმომავლობით, მსახიობის კარიერით და ბექგრაუნდით ის უფრო მიმზიდველი სამიზნე გახდა ტაბლოიდებისათვის.

ოფიციალურ ცერემონიამდე, მეგანმა და ჰარიმ საიდუმლოდ იქორწინეს

ინტერვიუს მოულოდნელი ნაწილი იყო მომენტი, როცა მეგანმა გაამხილა, რომ მან და ჰარიმ საიდუმლოდ იქორწინეს. მოკრძალებული ცერემონია იქამდე გაიმართა, სანამ სამეფო ხალხმრავალი ქორწილი შედგებოდა. “სამეფო ცერემონია ხალხსისათვის სანახაობა იყო, ჩვენ კი გვინდოდა ეს შეერთება მხოლოდ ჩვენს შორის გაგვეზიარებინა. სწორედ ამიტომ ფიცი, რომელიც ორივემ საკუთარ საძინებლებში დავწერეთ, ერთმანეთს ამ სადუმლო ცერემონიაზე გავანდეთ.” სიმბოლურია, რომ ჰარი ინტერვიუს სწორედ ამ ნაწილში შემოუერთდა.

სამეფო კარზე მეგანისა და ჰარის მომავალი შვილის კანის ფერი განიხილებოდა.

ოფრა უინფრის შოუში ბევრი მოულოდნელი დეტალი გახმოვანდა, თუმცა, ყველაზე შოკისმომგვრელი ის ნაწილი იყო, როცა მეგანმა თანამედროვე განვითარებული სამყაროსათვის სრულიად შეუთავსებელი ისტორია მოყვა. როგორც მან აღნიშნა, ორსულობისას, სამეფო კარზე, ზოგიერთმა პრივილეგირებულმა პირმა გარკვეული წუხილი გამოთქვა იმის შესახებ “თუ რამდენად მუქი შეიძლება ყოფილიყო ბავშვის კანი”. ამ ნათქვამმა ადამიანის უფლებების დაცვით ცნობილი წამყვანი ცხადია ძალიან ააღელვა და ინტერვიუს ერთ-ერთ საკვანძო მომენტადაც იქცა. მეგანის განმარტებით, ჰარი აღნიშნული თემის განსახილველად რამდენჯერმე დაიბარეს. მეგანმა ასევე უარი განაცხადა დაესახელებინა ის ადამიანები, რომელთა ინიციატივითაც აღიშნული საუბარი წარიმართა. მაყურებელმა მხოლოდ ის გაიგო, რომ სამეფო ოჯახის და სასახლის წარმომადგენლების აზრით ( რომელთა ვინაობაც უცნობია), ბავშვის კანის მუქი ტონი სასახლის და სამეფო საგვარეულოს რეპუტაციას დააზიანებდა. ამ ეჭვების საფუძველი ცხადია მეგან მარკლის წარმომავლობამ გააჩინა. ამ შემთხვევის დეტალებზე ასევე არ ისურვა საუბარი ჰარიმ. მისი განმარტებით, არ სურს ამაზე დამატებითი კომენტარის გაკეთება, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და შოკისმომგვრელი გამოცდილებაა მისთვის. გადაცემის შემდეგ, ამ ფაქტმა ყველაზე დიდი ხმაური გამოიწვია მედიაში. ეჭვი ცხადია, პირველ რიგში დედოფალ ელიზაბეთისა და პრინც ფილიპზე გაჩნდა, თუმცა, მოგვიანებით ოფრამ განაცხადა, რომ საუბრის ინიციატორ პირებს შორის დედოფალი და პრინცი ფილიპი არ იყვნენ.

ინტერვიუს დროს, წყვილმა მომავალი შვილის სქესი გაამხილა.

უნდა ითქვას, რომ ინტერვიუ მხოლოდ ნეგატიური მომენტებისაგან არ შედგებოდა. ოფრასთან საუბრისას მეგანმა და ჰარიმ პირველად გაამხილეს მომავალი შვილის სქესი და თქვეს, რომ მათი მალე გოგონა შეეძინებათ.

და ბოლოს, ოფრამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საუკეთესოდ შეუძლია ინტერვიუს წარმართვა.

მიუხედავად იმისა, რომ ყველას ყურადღება ჰარისა და მეგანის სკანდალური პასუხებისაკენ იყო მიპყრობილი, ნუ დაგვავიწყდება, რომ ინტერვიუს სამი მთავარი გმირი ჰყავს – მეგანი, ჰარი და ოფრა. სწორედ ოფრა უინფრი აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელმაც თანამედროვე მედიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ინტერვიუს ჩაწერა შეძლო, თანაც მსგავსი გულახდილი პასუხებით. მან სამეფო საგვარეულო მნიშვნელობის რესპოდენტებთან ინტერვიუ ეთიკის ყველა სტანდარტის და ამავდროულად შოუს ელემენტების დაცვით წარმართა. ეს იყო ერთდროულად პოლიტიკური და შოუბიზნესის ელემენტებით გაჯერებული საუბარი, სადაც კომერციული რეკლამის ჭრებიც კი შენარჩუნებული იყო. ოფრამ ერთდროულად აჩვენა თავშეკავება, ზომიერება, სწორი საკითხვების სტრატეგია, ემპათია და საკუთარი ძლიერი პოზიციაც.