ჩოგბურთის ლეგენდამ რაფაელ ნადალმა ახალი სუნამოს ხაზი მეუღლესთან მარია ფრანჩესკა პარელოსთან ერთად გამოუშვა. სუნამოს სახელია “In All Intimacy” და მასზე პარფიუმერმა ენრი ჟაკმა იმუშავა.
მათთვის, ვინც რაფაელს კარგად იცნობს, სიახლე მოულოდნელი სულაც არ ყოფილა. როგორც ჩანს, მისთვის პარფიუმი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, “ყოველი თამაშის ან ვარჯიშის შემდეგ, შხაპს ვიღებ და სუნამოს ვისხამ. თუ სუნამო თან არ მაქვს, თითქოს რაღაც მაკლია.” ამბობს სპორტსმენი ვოგთან საუბარში. “მეუღლესთან ერთად საკუთარ სუნამოზე მუშაობა ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო. ყოველთვის გვსურდა რამის ერთად შექმნა”
წყვილმა ერთმანეთი მოზარდობისას მაიორკაზე გაიცნო და ისინი ერთად 17 წლის განმავლობაში იყვნენ, მანამ სანამ ჯვარი დაიწერეს 2019 წელს. სუნამოს გამოშვების პერიოდი მათ ცხოვრებაში კიდევ ერთ სასიხარულო ამბავს დაემთხვა, წყვილს ოქტომბრის დასაწყისში შვილი შეეძინა.
რაფაელ ნადალი წარსულში Tommy Hilfiger-ისა და Lanvin-ის სუნამოებს უწევდა რეკლამას, თუმცა მისთვის ეს საკუთარი სახელით გამოშვებული პირველი პროდუქტია.