მოდაში ყოველ დეკადაში ჩნდება ისეთი დიზაინერი, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩევა სხვებისგან და დომინირებს სხვა დიზაინერის კოლექციებშიც, ასეთები, თუ დეკადის შემდგომაც არ კარგავენ თავიანთ ზეგავლენას, მოდის ლეგენდების სიას უერთდებიან, მაგრამ არსებობს დიზაინერების კიდევ ერთი კატეგორია, რომლებსაც გამორჩეული შემოქმედებითი ტალანტი გააჩნიათ, რომელთა სამოსი შესაძლოა პრაქტიკული არ იყოს, მაგრამ განსაკუთრებული თეატრალურობით გამოირჩეოდეს და ჩვენს გონებაში ისევე ღრმად იბეჭდებოდეს, როგორც ზემოთხსენებული დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსი. ასეთ დიზაინერებს უფრო შოუმენები უნდა ვუწოდოთ, რადგან პოდიუმზე ისეთ სანახაობას გვთავაზობენ, როგორსაც სხვა მოდურ ჩვენებებზე ვერ შევხვდებით. შოუმენი დიზაინერები არიან: თიერი მუგლერი, ჯონ გალიანო და ალექსანდერ მაკქუინი, სამივე განსხვავებული, ინდივიდუალურად შემოქმედებითი გენიოსები იყვნენ კიდევ უფრო განსხვავებული ინტერესის სფეროებით და, რა თქმა უნდა, ქალებით. თუმცა მუგლერი იყო შოუმენი დიზაინერების პიონერი, რომლის ნებისმიერი ოტ კუტიური ჩვენება უნიკალურია და დაუსრულებლად შეიძლება მათზე საუბარი, მაგრამ მის შემოქმედებაში განსაკუთრებით 1995 წლის შემოდგომა/ზამთრის კუტიურ ჩვენება გამოირჩევა, რომელიც გრემის დაჯილდოვებაზე ქარდი ბის მუგლერის ლუქით გამოჩენის შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური გახდა და დიზაინერის მიმართ, რომელმაც მოდა 2002 წელს დატოვა, ნოსტალგია კიდევ უფრო გაამძაფრა.

მუგლერს Fall 1995 კოლექციით მოდაში 20 წელი შეუსრულდა. დიზაინერმა ჩვენების ლოკაციად პარიზის ცირკი შეარჩია, სადაც სტუმრები 1 საათით “გამოკეტა”. შესაძლოა გაგიკვირდეთ ჩვენების ხანგრძლივობა დღევანდელი გადმოსახედიდან, მაგრამ დიახ, მუგლერი 1 საათიან შოუებს გვთავაზობდა, რომელსაც ყველა დიდი სიამოვნებით ესწრებოდა, რათა დიზაინერის შემოქმედების ტყვეები გამხდარიყვნენ.

ჩვენებაზე თითქმის ყველა სუპერმოდელი გამოვიდა, მათ შორის: ქეით მოსი, ნაომი ქემბელი, ლინდა ევანჯელისტა, შალომ ჰარლოუ, კარენ მიულდერი, ელი მაკფერსონი და კლაუდია შიფერი. ჩვენებაზე აგრეთვე ვიხილეთ ვერუშკა, ჯერი ჰოლი და მერი ჰელვინი. მაგრამ შოუ დაუვიწყარი James Brown-ის შესრულებამ გახადა.

“მოდის ვუდსტოკის მსგავსი იყო” – მოდელი ვაიოლეტა სანჩესი

სკალპელის ჭრები და აეროდინამიკური დეტალები, რომელიც მუგლერისთვის იყო დამახასიათებელი, ამ კოლექციაშიც იქნა წარმოდგენილი. მუგლერი ქალებს სუპერგმირების და კიბორგების ამპლუაში ხშირად წარმოგვიდგენა, მაგრამ მან ამ ჩვენებით ეს წარმოდგენა სხვა დონეზე აიყვანა, როდესაც პოდიუმზე ნადია აუერმანი რობოტის ექსტავაგნტური, გლამურული კოსტიუმით გამოჩნდა. ლუქმა გავლენა არაერთ ცნობილ დიზაინერზე იქონია, მათ შორის: ალექსანდერ მაკქუინზე, ნიკოლას ჟესკიერსა და გარეთ პიუზე.

თიერის უყვარდა ქალები და ყოველთვის ხაზს უსვამდა მათი სხეულის აგებულებას, ამიტომ ხშირად იყენებდა ლატექსის მატერიას, რომელიც სხეულს იდეალურად კვეთდა. ჩვენება სწორედ შავი ლატექსის ლუქებით გაიხსნა, მოდელები დიდი ქუდებითა და შავი კოსტუმებით გამოჩნდენ. ამ ლუქებიდან ერთ-ერთი კარინ როიტფელდის მიერ მოწყობილს მოდურ ჩვენებაზე ბელა ჰადიდმა მოირგო.

ბელა ჰადიდი CR Runway შოუზე

დღეს ოტ-კუტიური არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია. ახლა მოდაში სხვა გამოწვევებია, რომელსაც ოტ კუტიური დიდად ვერ ეხმიანება და უფრო და უფრო კარგავს რელევანტურობას, თანამედროვე მოდა თუ რამით ვერ დაიკვეხნის თეატრალურობაა, ასეთ ფონზე კი მუგლერის ჩვენებებზე თვალის გადავლება განსაკუთრებით სასიამოვნოა და სევდიან ნოსტალგიას აღგვიძრავს.

“მოდა ხელოვნების ერთადერთი დარგია, რომელიც ქუჩაში მოძრაობს” – თიერი მუგლერი

Tags :