გთავაზობთ, Fashionholics Online -ის და Phubber-ის, ახალი თანამშრომლობის ფარგლებში, გამოცხადებული საავტორო სტატიების კონკურსის რჩეულ სტატიებს.
თემა: რატომ უნდა გავხდეთ მდგრადი მოდის მომხმარებლები?
ავტორი: სესილი მიქაძე.
რა არის მდგრადი მოდა?
მდგრადი მოდა პროცესია, რომელიც ხელს უწყობს წარმოებისა და მოდის სისტემის ეკოლოგიურ უზრუნველყოფას. მას მეორენაირად „მწვანე“ ან „ეკო-მოდასაც“ უწოდებენ. ეკო-მოდის მიზანია მასალის სასიცოცხლო ციკლის ხანგრძლივობის ხელშეწყობა, ნარჩენების რაოდენობის შემცირება, ე.წ. „მწვანე მომხარებლის“ გააქტიურება და შესაბამისად, გარემოზე ზრუნვა.
რა იწვევს ამჟამინდელ არამდგრად მდგომარეობას მოდაში?
მოდის არამდგრადი მდგომარეობის ყველაზე თვალსაჩინო მიზეზი ამ სფეროს დროებით ასპექტებს უკავშირდება – ახალი საქონლის უწყვეტი ნაკადის ბაზარზე შემოტანას და „სწრაფ მოდას“, რომლის მიზანია მომხარებლისთვის ისეთი„ხელსაყრელი“ პირობების შექმნა, როგორიცაა ტრენდული ტანსაცმლის ბიუჯეტურ ფასად შეთავაზება. თუმცა ამ სიამოვნების მიღმა გარემოს დაბინძურების ჯერ კიდევ აღმოუფხვრელი პრობლემები დგას: იხარჯება პლანეტის რესურსები და იმ ტანსაცმლის მუშაკების დრო და ენერგია, რომლებიც იძულებულნი არიან დაუღალავად იმუშაონ კვირაში 7 დღე, რათა ჩვენამდე მოაღწიოს იმ ნივთმა, რომელიც, მინიმუმ რამდენიმე თვეში, ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება.
რატომ უნდა გავხდეთ მდგრადი მოდის „მწვანე მომხარებლები“?
მოდა ის ინდუსტრიაა, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის გარემოს. ტანსაცმელში გამოყენებული პოლიესტერი აფერხებს ბოჭკოების გადამუშავებას. პოლიესტერში შემავალი მიკროელემენტები კი წარმოადგენს ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომლებიც აბინძურებენ პლანეტას. მოცემული ფაქტია, რომ ტანსაცმელი, ყოველწლიურად, ოკეანეებში ნახევარ მილიონ ტონა მიკროფიბრას გამოყოფს, რაც 50 მილიარდზე მეტ პლასტმასის ბოთლს უდრის. მსგავსი ნივთიერების შერევისას სამოსიც გაცილებით ბიუჯეტურია. რაც, გარდა იმისა, რომ მავნებელია თითოეული ჩვენგანისთვის, აგრეთვე მოდის ინდუსტრიაში შრომითი უფლებების დარღვევას ახალისებს. იმის გამო, რომ ტანსაცმელი ძალაინ იაფი გახდა, ჩვენ აღარ ვითალისწინებთ ხარისხს. დამეთანხმებით ალბათ, რომ უხარისხო ტანსაცმლის შეძენისას, მათი მალე ფუჭებადობის გამო, ხშირად, ნივთის ვერც გაყიდვას ვახერხებთ და ვერც გაჩუქებას. შედეგად, მას ნაგავსაყრელზე მოვათავსებთ, რაც ძნელად მუშავდება და საბოლოოდ, გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, მწვავე შედეგებამდე მიჰყავს.

პირადი გამოცდილება
ძვირადღირებულ ბრენდები მავნე ნივთიერებებს ნაკლებად იყენებენ, ისინი გაცილებით ხარისხიანი და მდგრადია, ამის მაგალითი კი, საკუთარი გამოცდილებიდან მაქვს. ცეცხლისგან გადამწვარ სახლში, უსისოცხლო და გაშავებულ ნივთებში, „CHANEL“-ის ე.წ „BALLET FLATS “ სტილის ფეხსაცმელზე ხანძარმაც არ იქონია გავლენა. ამ დღიდან, თუ ვინმე გააპროტესტებდა ლუქს ბრენდების მაღალ ფასს, სულ ამ ისტორიას ვყვებოდი. თუმცა, რა საკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ძვირადღირებული ნივთი დაცული იქნება ზემოქმედებისგან, მაგრამ ფაქტია, რომ ხარისხს და მასალის შემადგენლობას დიდი მნიშნელობა აქვს, მათ წლობით შეუძლიათ პირვანდელი სახის შენარჩუნება.
როგორ გავხდეთ „ეკო-მეგობრულები“ დაბალი ბიუჯეტით ?
თუ თქვენ ჯერ კიდევ ახალი ხართ მდგრადი მოდის მომხმარებლებში, გთავაზობთ ჩამონათვალს, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ:
· გადაარჩიეთ სამოსი. რომლის ჩაცმაც აღარ გსურთ, არ მოისროლოთ ნაგავსაყრელზე, გააჩუქეთ ან გაყიდეთ!
· შეიძინეთ მეორეული ნივთები.
· რეგულარულად გაასუფთავეთ გარდერობი, რაც ხელს შეგიწყობთ ადვილად მიაგნოთ და გაგახსენდეთ თქვენთვის საჭირო ნივთის არსებობა.
· შეძენამდე შეამოწმეთ ტანსაცმელი შემადგენლობით, ამით გაუფრთხილდებით გარემოსაც და თქვენს კანსაც.
ეკო-მეგობრული ბრენდები
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სრულყოფილად „ეკოლოგიური ტანსაცმელი“, ცნობილი ბრენდები მუდმივად ცდილობენ ცვლილებების განხორციელებას უკეთესი მომავლისთვის. არიან მაღალი დონის ძვირადღირებული ბრენდები, რომლებიც აწარმოებენ მაღალხარისხიან ეკოლოგიურ კოლექციებს, მათ შორის გამორჩეულია: Stella McCartney, Maggie Marilyn და Mother of Pearl, Brother Vellies და AllBirds. რაც შეეხება შედარებით ხელმისაწვდომ ვარიანტებს, გირჩევთ, რომ თვალი გადაავლოთ შემდეგ ბრენდებს:
· Bogdar – დაარსდა 2015 წელს და ქმნის თანამედროვე სტილის სამოსს.
· Nawgrey – აწარმოებს შეზღუდული რაოდენების სამოსს, რათა თავიდან აიცილოს ჭარბწარმოება.
· Gaala – ბრენდი ფოკუსირებულია მდგრადი ქსოვილების შექმნაზე, მათი ნამუშევრები დამზადებულია ბამბის, ვისკოზის, აბრეშუმისა და მატყლის ქსოვილებისგან,რომლებსაც იტალიის მოდის სახლების ნარჩენებით ქმნიან.
· Lark & Berry – სამკაულების ბრენდია, რომელიც მდგრადი გზით მიღებულ კულტივირებულ ბრილიანტებს გვთავაზობს, რომელიც იქმნება ლაბორატორიული ტექნოლოგიის გამოყენებით. ისინი ისეთივე ხარისხიანია, როგორც მოპოვებული ბრილიანტები.
ცხადია, რომ ეს იმ ბრენდების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც დღევანდელი მოდის ეკოლოგიურ უზრუნველყოფას ახორციელებენ. „მწვანე მოდა“ სულ უფრო და უფრო ტენდენციური ხდება და ახალი კომპანიებიც ცდილობენ გაითვალისწინონ ყველა ნორმა, რომელიც დაეხმარება გარემოს გაჯანსაღებას და ამასთან ერთად, უმეთალყურეოდ არ დატოვებს ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანების შრომით უფლებებს.