მოდის ინდუსტრიის ცვალებადი ხასიათი თითოეული ჩვენგანისთვის ცნობილია, მიუხედავად იმისა, ვართ, თუ არა დაინტერესებული სტილის უახლესი ტენდენციებით. მოდა დროის და თანამედროვე საზოგადოების ქცევის, კულტურის და ტრანსფორმაციის ანარეკლია. ყველა ათწლეულს თავისი დასამახსოვრებელი სტილი აქვს და ის უფრო დიდ მნიშვნელობას ატარებს, ვიდრე გემოვნური საკითხებია. ამასთან ერთად, პიროვნების სტილი უკავშირდება მის ყოველდღიურობას და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებას.
მოდის ეს ფენომენი კარგად არის წარმოჩენილი ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერიალში, Why Women Kill -რატომ კლავენ ქალები.
სერიალის პირველ სეზონში, მოქმედება 3 სხვადასხვა ქალის გარშემო, 3 განსხვავებულ ეპოქაში ხდება. სცენარის და გადაღების ამგვარი განვითარება მაყურებელს შესაძლებლობას აძლევს უკეთ დაინახოს ის სოციალური, თუ კულტურული ცვლილებები, რომლებიც დროთა განმავლობაში მოხდა.
1950-იან წლებში, როდესაც მამაკაცები ომიდან სახლში დაბრუნდნენ და ქალებმა დიასახლისების როლები დაიბრუნეს, მოდაში შემოვიდა კრისტიან დიორის მიერ შექმნილი ქვედაბოლოები მომრგვალებული, რბილი სილუეტებით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 60-იანების პირველი წლებიც ძლიერ იყო შთაგონებული დიორის ‘New Look’ -ით და კონსერვატული დიასახლებისთვის დამახასიათებელი სტილით.
Why Women Kill-ის პირველი სეზონის პირველი მთავარი გმირი, ბეტენი სტენტონი 1960-იან წლებში მცხოვრები დიასახლისია, რომლის ცხოვრებას მცირეწლოვანი ქალიშვილის უეცარმა სიკვდილმა დაღი სამუდამოდ დაასვა.
სერიალის დასაწყისში, ბეტენის სტილი ელეგანტურია, თუმცა ძალიან ნეიტრალური. მისი მომრგვალებული, რბილი, წელში გამოყვანილი სილუეტები მეტწილად ბეჟ და ნაცრისფერ ტონალობებშია გადაწყვეტილი. სიუჟეტის განვითარებასთან ერთად, ბეტენის პერსონაჟი იცვლება, რაც შესამჩნევი ხდება მის სტილში, მკვეთრი ფერის ტანისამოსსა და მაკიაჟში.
პარალელურად, რეჟისორი გვაცნობს მეორე მთავარ გმირს, სიმონა გროვს. სიმონა 1980-იანი წლებში მცხოვრები მდიდარი ქალბატონია, რომლის გარდერობიც სავსეა ცნობილი დიზაინერების ტანისამოსით.
მიუხედავად იმისა, რომ ათწლეულის სტილის, როგორც ერთი მთლიანობის, განხილვა საკმაოდ რთულია, 80-იანების მოკლედ დასახასიათებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ეპოქა, როდესაც ქალების ცხოვრებაში გართობამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.
წვეულებები ელიტალურ კლუბებში, სასმელი, კონცერტები, ჩვენებები, გლამურული და აქტიური ცხოვრების სტილი, რომელიც ოთხმოცდაათიან წლებში პოპულარული გახდა, სიმონა გროვის ყოველდღიურობაშიც შესამჩნევია. ის ატარებს ექსტრავაგანტულ ვარცხნილობას, დიდ აქსესუარებს, გლამურული ქსოვილებით და დიზაინით ხაზს უსვამს საკუთარ სტატუსს და ცხოვრების აქტიურ სტილს.
პირველი სეზონის მესამე მთავარი გმირი თანამედროვე რეალობაში მცხოვრები ბისექსუალი ქალია. პროფესიით იურისტი, ტეილორ ჰარდინგი ქალთა უფლებების დამცველად მუშაობს. ის ქმარს, პირველად, ქალების მარშზე შეხვდა, სადაც სიტყვით გამოდიოდა პატრიარქატის დამარცხების შესახებ.
ტეილორის პიროვნულობა ქალისთვის და მამაკაცისთვის დამახასიათებელ თვისებებს აერთიანებს, რაც ძალიან კარგად ჩანს მის სტილშიც.
„რატომ კლავენ ქალები“ ანთოლოგიის ტიპის სერიალებს მიეკუთვნება, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველი სეზონი განსხვავებული ისტორიების და პერსონაჟების გარშემო ვითარდება.
მეორე სეზონის მთავარ გმირად ალმა ფილკოტი გვევლინება, ქალაქის საყვარელი ვეტერინარის მეუღლე, რომელმაც ცხოვრების ნახევარი შეუმჩნევლად გაატარა. ის 1950-იანი წლების დიასახლისია, საშუალო კლასის ოჯახიდან, არ გამოირჩევა სტილით და გარეგნობით, არ აქვს „ოტ-კუტიურის“ ფლობის ფუფუნება, თუმცა ოცნებობს ელიტარული ქალბატონების წრეში მოხვედრაზე. სიუჟეტის განვითარებასთან ერთად, მაყურებელი ალმა ფილკოტის დრამატული ტრანსფორმაციის მომსწრე ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ მეორე სეზონის სიუჟეტს არავითარი კავშირი არ აქვს პირველთან, ერთი რამ რაც სერიალის ორივე ნაწილს განსაკუთრებულს ხდის, მოდა და კოსტიუმებია. ალმა ფილკოტის სტილის ევოლუცია პიროვნულ ცვლილებებს უკავშირდება და რა თქმა უნდა, ერგება 1950-იანი წლებისთვის დამახასიათებელ ესთეტიკას.
სერიალი CBS All Access-ისთვის შეიქმნა, მარკ ჩერის მიერ. სამსახიობო შემადგენლობა ვარსკვლავური და გამორჩეულია: ლუსი ლიუ, კირბი ჰოუელ-ბატისტი, ალექსანდრა დადდარიო და ა.შ. რაც შეეხება კოსტიუმების დიზაინერს, სერიალის მთავარი გმირების სტილზე Emmy Awards -ის გამარჯვებულმა, ჯენი ბრაიანთმა იმუშავა.