სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჩენი და ამერიკული ფეხბურთის ცნობილი მოთამაშე, ტომ ბრეიდი 13-წლიანი ქორწინების შემდეგ ოფიციალურად დაშორდნენ. ამის შესახებ, ინსტაგრამზე თავად ჟიზელმაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ორივემ ერთობლივად მიიღო.
“ჩვენი ერთად გატარებული დროისადმი პატივისცემით, მე და ტომმა გადავწყვიტეთ, საბოლოოდ და ფორმალურად დავშორდეთ ერთმანეთს. ჩემთვის უპირველესი პრიორიტეტი არის და ყოველთვის იქნება ჩვენი შვილების კეთილდღეობა. მე ისინი მთელი გულით მიყვარს. ჩვენ კვლავაც ერთობლივად გავაგრძელებთ მშობლის მოვალეობების შესრულებას და არ მოვაკლებთ სიყვარულს, ზრუნვასა და ყურადღებას, რომელსაც ისინი იმსახურებენ” – განაცხადა ბუნდჩენმა.
როგორც ცნობილია, ჟიზელი და ტომი თვეების განმავლობაში ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. წყვილს უთანხმოება მას შემდეგ მოუვიდა, რაც ბრეიდიმ კარიერის დასრულებაზე თქვა უარი.