ჩემო ძვირფასო კოკო,

შენმა წარმატებამ, როგორც მოდაში, ისე ხელოვნებაში, მიიქცია ჩემი ყურადღება. ის, რასაც შენ აკეთებ, ერთგვარი  სასწაულია. შენ მუშაობ მოდაში იმ წესების მიხედვით, რომლებიც ერთი შეხედვით მხოლოდ მხატვრებისთვის, პოეტებისთვის და მუსიკოსებისთვისაა. შენი უბრალო, სუფთა და ელეგანტური სტილი იდეალურად ერგება ჩემს ნამდვილი ფრანგული სტილის იდეას. შენ დიდი გავლენა გაქვს მუსიკალურ სამყაროზეც, იგორ სტრავინსკის შემოქმედების მეშვეობით.

ფრანგული კულტურის იდეალებია უბრალოება და ელეგანტურობა. ჩემს წიგნში Le Coq et l’Arlequin: Notes autour de la musique, მე აღვნიშნე, რომ ერიკ სატიე, რომელიც სამაგალითო ფრანგია, ასუფთავებს, აუბრალოვებს და ათავისუფლებს რიტმს. სატიე ტოვებს მხოლოდ ცარიელ გზას, რომელზეც აბსოლუტურად ყველა არის თავისუფალი. მე მჯერა, რომ არსებითი ფრანგული სტილი, რომელსაც მე ყველგან ვეძებ შენს ნამუშევრებში ყოველთვის არსებობს, ჩემო ძვირფასო კოკო. ვოგი,1923 წლის 15 თებერვალს გმოცემაში აბსოლუტურად მართალი იყო, როდესაც დაბეჭდა, რომ შენი შემოქმედების საკვანძო მომენტები შენი ახალგაზრდულობა, უბრალოება და სწორი ხაზებია. სწორედ ეს სწორი ხაზები და მარტივი დიზაინი არის იმის დასტური, რომ შენ, კოკო, ხარ ფრანგულობის იდეალური მაგალითი.

სტრავინსკის მუსიკალურ გადაწყვეტილებებსა და შენი მოდის ფილოსოფიას შორის არსებობს პარალელები. მის კომპოზიციებზე დიდ გავლენას ახდენენ ჩვეულებრივი ადამიანები და სტილი, რომელიც მათში პოპულარულია. შანელის ფილოსოფიამ, რომ მოდა უნდა მოდიოდეს ქუჩიდან, შემოიტანა სამუშაო კოსტიუმი მაღალი მოდის სამყაროში. შანელმა შექმნა სწორხაზოვანი კაბები, რომლებიც მრავალფუნქციური და ელეგანტურია: იდეალური მაგალითი ფრანგული ნაციონალური სტილის. სტრავინსკიმ კი, შანელის მეთოდებით შთაგონებულმა, შემოიტანა მუსიკალური ხელოვნების სამყაროში მუსიკა ქუჩიდან და ჯაზ-კლუბებიდან. შენმა ელეგანტურმა ატმოსფერომ შთააგონა იგორი და ამან იმოქმედა მის პროდუქტიულობაზე, რადგან მან დაასრულა ბევრი მისი ნაწარმოები, მათ შორის ცნობილი “ოქტეტი” შენს ელეგანტურ გარშეს სახლში. შენმა ფრანგულმა უბრალო და მარტივმა ფილოსოფიამ პირდაპირ იმოქმედა სტრავინსკიზე და მის შემოქმედებაზე.

სტრავინსკის სუფთა სტილი განაპირობა გენიალურმა კომპოზიტორმა, ნადია ბულაჟემ, ის სტრავინსკის კომპოზიციებს აღწერდა როგორც ზუსტს. ნეოკლასიციზმი იგორის ნამუშევრებში ისევე შეიძლება აღიწეროს, როგორც შენი ნამუშევრები, ისინი იმავე პარიზული სტილისაა, რომელიც შენ შექმენი. „მარტივი, სწორი ხაზებით“ შეიძლება აღწერო როგორც შენი სახასიათო ნიშნები, ასევე სტრავინსკის ნეოკლასიკური ნამუშევრები, მაგალითად „პულჩინელა“. შენ ნამდვილად დიდი გავლენა გაქვს თანამედროვე მუსიკაზე, განსაკუთრებით კი იგორზე.

შენ ასევე ფინანსურადაც უჭერ მხარს ფრანგ მოდერნისტებს, დიაგილევთან მეგობრობის მეშვეობი. მე ვიცი, რომ სასტუმრო კონტინენტალში შენ ანონიმურად გადაეცი სერგეის 300.000 ფრანკი რომ მას გადაეწერა ომის შემდგომ პერიოდზე დაყრდნობილი ნამუშევარი „გაზაფხულის რიტუალი“. ამის შემდეგ წლები გავიდა, მაგრამ პოლ მორანდისთან ინტერვიუში შენ თქვი, „მე არ დამიცავს დიაგილევის ბალეტი განადგურებისგან“. რუსული ბალეტი დიდ კრიზისში იყო ფინანსურად და ესთეტიურად, ომის და ომის შემდგომ პერიოდში უაქტიურობის გამო. შენ მათ დახმარება გაუწიე როგორც ფინანსურად, ასევე შემოქმედებითად, როცა შთააგონე სტრავინსკი და გაუკეთე საჩუქარი სერგეის.  მე ვიცი, რომ შენ არ ნანობ ამ საჩუქარს, მაგრამ არ მესმის, რატომ არ გინდა აღიარო, რომ შენ მიგიწევს წვლილი რუსული ბალეტის რეინკარნაციაში ფრანგულ მოდერნიზმში?

შენი პირდაპირი და აქტიური ჩარევა ხელოვნებაში მაშინ დაიწყო, როცა დიაგილევმა ნიუ-იორკში მისი დადგმისთვის „ანტიგონი“ კოსტიუმების დიზაინერად მიგიწვია 1924 წელს. წარმოუდგენელია! ვოგის სათაური იყო „შანელი გახდა ბერძნული, მაგრამ ის კვლავ შანელად რჩება“. “ანტიგონი” შენი პირდაპირი ბილეთი იყო ავან-გარდულ ხელოვნებაში. აქ გამოჩნდა, რომ შენმა მოდამ გადალახა ბარიერები და შეაღწია ხელოვნებასა და ფილოსოფიაში. დაწყებული შენი პირადი ურთიერთობებით, შენი თანადგომით, მხარდაჭერით და გავლენით, დამთავრებული შენი შეტანილი წვლილით ბოლო ათწლეულის პარიზულ ხელოვნებაში, შენ ხარ ძალა, რომელმაც განსაზღვრა თანამედროვეობის ხმა, რომელსაც მე ასე აღვწერდი – „მუსიკა, რომლის მეშვეობითაც ადამიანი წინ მიდის“.

ლამაზ დღეს გისურვებ, ჩემო ძვირფასო კოკო.

ჟან კოკტო.

(c) getty
Tags :