მიუჩია პრადა ყოველგვარი კლიშეს წინააღმდეგია და ყოველთვის სიახლის ძიებაშია, ამიტომ მისი ნამუშევრები არავისას არ ჰგავს. პრადას გენიალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ყველასთვის მიუღებელს მიმზიდველს ხდის. თუ რაღაც სიმახინჯედ აღიქმება და მას მიუჩია ხელს მოკიდებს, შემდეგ ის სასურველი ტრენდი ხდება. ნეილონი მის შემოქმედებაში ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, რომელსაც, რა თქმა უნდა, ახალ კოლექციაშიც ვხვდებით.
Photos: Christina Fragkou
ჩვენება Fondazione Prada-ს ინდუსტრიულ კომპლექსში ჩატარდა. სივრცე იანვარში გამართული მამაკაცის შოუს მსგავსად მოეწყო: სტუმრების განსათავსებლად პირამიდის დიზაინის საფეხურებიანი პლატფორმა აიგო, რომლის ცენტრშიც პოდიუმს გარშემო მიმაგრებული 150 ნათურა ანათებდა.
მოდელები პროჟექტორების შუქის ქვეშ ლედი გაგას და მერილინ მენსონის მუსიკის და „ზღაპრები აკლდამიდან“ და „საიდუმლო მასალების“ საუნდტრეკების ფონზე გამოვიდნენ.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2019/02/1-7-1024x748.jpg)
Photos: Alessandro Lucioni
2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში მიუჩიას კარგის და ცუდის გაერთიანება უნდოდა, რაც მისთვის მიმდინარე დროის გამოძახილია. ჩვენების თემა „რომანის ანატომია“ იყო, რომელიც დიზაინერის ინდივიდუალიზმით გადმოიცა.
Photos: Armando Grillo
„ეს იყო კარგის და ცუდის ერთობლიობა. კოლექცია რომანტიკას შეეხებოდა და მასთან ერთად შიშსაც… მასში იყო გარკვეული სიყვარულის ისტორიაც, მაგრამ საბოლოოდ ნამდვილი მნიშვნელობა იყო თუ როგორ უნდა წარადგინო რაღაც კარგი მსოფლიოში, რომელსაც ძალიან ბევრი ცუდი გააჩნია.“ – მიუჩია პრადა
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2019/02/2-5-1024x748.jpg)
Photos: Alessandro Lucioni
კოლექციაში შავი ფერი დომინირებდა. ის მოიცავდა კლასიკური მკერვალობის ტექნიკით შესრულებულ ქამრებით დამაგრებულ ლუქებს, სამხედრო სამოსის ელემენტებს, ნაქსოვ სვიტერებს, მაქმანებს, ვარდების გრაფიკულ პრინტებს და 3D გამოსახულებებს.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2019/02/3-4-1024x728.jpg)
ყვავილებით იყო გაფორმებული ჩანთებიც, რაც რომანტიკის თემას კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს. აქსესუარების გასაფორმებლად გამოყენებული იყო ბეწვი და კრისტალური დეტალებიც.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2019/02/6-1-1024x836.jpg)
ჩვენებაზე წარმოდგენილი სქელი და მძიმე ჩექმები, ზოგიერთ მათგანზე მიმაგრებული საფულეებით, ელვისებური დეტალების მქონე თუ მბზინავი ქუსლიანი ფეხსაცმელები პრადას ამ ნაწილში ისევ ძლიერ მოთამაშედ ტოვებს.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2019/02/4-1-1024x836.jpg)
„ადამსების ოჯახის“ პერსონაჟი ვენსდეი ადამსი ამ სეზონზე მიუჩია პრადას ერთ-ერთი შთაგონების წყარო აღმოჩნდა, რაც მოდელების მაკიაჟსა და თმის სტილში გამოვლინდა, რომლებზეც პატ მაკგრათმა და გუიდო პალაუმ იზრუნეს.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2019/02/ALE0501-683x1024.jpg)
ამ ჩვენებას გასული თვის მამაკაცის კოლექციასთან კიდევ ერთი საერთო ჰქონდა – ჟანა დეტალანტეს შექმნილი ფრანკენშტეინის პრინტი.
„ფრანკენშტეინი არის მაგალითი მონსტრისა, რომელსაც დიდი გული აქვს. ურჩხულია, მაგრამ სიყვარული მასაც სურს.“ – მიუჩია პრადა
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2019/02/ARM_1259-683x1024.jpg)
მერი შელის ამ გმირის გამოსახულების ნეილონის კაბა კარა დელევინმაც მოირგო. მიუხედავად იმისა, რომ კარა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი იყო და რამდენიმე წელია, რაც აქტიურ მოდელობას თავი დაანება, მისი დებიუტი პრადას ჩვენებაზე მხოლოდ ახლა შედგა.
Photo: Armando Grillo
მიუჩიამ განსაკუთრებით ბევრი კაბების დიზაინზე იმუშავა, რომლებიც უნდოდა არც ძალიან სექსუალური ყოფილიყო და არც კლიშეებთან ჰქონოდა კავშირი. საკუთარი თავის გამოწვევით მან მართლაც შექმნა საღამოს კაბები, რომლებზეც შეგვიძლია ვთქვათ ის, რაც საუკეთესოდ ახასიათებს პრადას ესთეტიკას – ugly chic.
Photos: Alessandro Lucioni
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2019/02/andreaadriani-1024x683.jpg)
პრადას შემოქმედება უფრო მგრძნობიარე ფაზაში შედის, მაგრამ ის რჩება ბრენდად, რომელსაც მიზნად აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს სტერეოტიპებს და გავრცელებული მოსაზრებები თავისი ხედვით წარმოაჩინოს.