აზადინ ალაიას უკანასკნელი ჩვენებიდან ზუსტად ოთხი წლის შემდეგ, 2021 წლის 4 ივლისს პიტერ მიულემ მოდის სახლისთვის თავისი სადებიუტო კოლექცია წარადგინა. Alaïa-ს ატელიეს გვერდით, ქუჩაში გამართული ჩვენება ახალი თავის დასაწყისი იყო ბრენდში, რომლის დამაარსებელსაც მკაფიო ხედვა გააჩნდა თუ როგორ უნდა შეემოსა ქალები და ძალისხმევას არ იშურებდა, რათა თავის შემოქმედებაში სიზუსტისა და სრულყოფილებისთვის მიეღწია.
პიტერის, რომელიც 15 წლის განმავლობაში რაფ სიმონსის მარჯვენა ხელი იყო, მთავარი ამოცანა აზადინის დატოვებული მემკვიდრეობის გაგრძელება და ახალი თაობისთვის იმის განმარტება გახდა, თუ რას წარმოადგენს Alaïa.
მიულეს მეორე კოლექცია, რომლის პრეზენტაციაც კვირას პარიზში შედგა, პირველის გაგრძელება იყო, მაგრამ მასში ბევრი ახალი დეტალიც იყო შემოთავაზებული. მათ შორის პიკასოს ფონდთან თანამშრომლობით შექმნილი რამდენიმე დიზაინი.



Alaïa ზაფხული/შემოდგომა 2022 © Vogue Runway

Pablo Picasso, Tanagra with Spiral © Picasso Museum (Antibes)
Alaïa-ს 2022 წლის ზაფხული/შემოდგომის კოლექციაში წარმოდგენილი იყო გრძელი ნაქსოვი კაბები, რომლებიც 1940-იან წლებში პიკასოს მიერ შესრულებულ ქალის სხეულის ფორმის კერამიკულ ნაკეთობებს ეფუძნებოდა.
“ყოველთვის მეფიქრებოდა აზადინთან მათ კავშირზე. მათში შესამჩნევია უხეში, წარმართული სილამაზის ელემენტები – ნამდვილ ღვთაებებს წარმოადგენენ,” – განაცხადა მიულემ პიკასოს ტანაგრებზე საუბრისას.
თავის კაბებზე, რომელთა გრძელი საყელოებიც მოდელების სახეებს ნახევრად ფარავდა, ბელგიელმა დიზაინერმა BOF-ის თიმ ბლენქსთან ინტერვიუშიც ისაუბრა, სადაც აღნიშნა:
“აზადინი და პიკასოს შვილი კლოდი ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყვნენ. ეს კოლაბორაცია ცოტათი რაფისა (სიმონსი) და ჯილში (სანდერი) მისი შექმნილი ცნობილი სამი სვიტერის მიმართ თავის დაკვრაც არის. კაბები უხეში სილამაზისაა და არც ისე ელეგანტურად გამოიყურება ისევე, როგორც თავად ტანაგრები. ისინი აზადინის, როგორც მოდის სკულპტორის იდეას წარმოაჩენს, რომელიც პიკასოსთან არის შერწყმული და ასევე ჩემს სამყაროსთანაც, რადგან ხელოვნების შესახებ რაც ვიცი, ყველაფერი რაფმა მასწავლა.”


Alaïa ზაფხული/შემოდგომა 2022 © Vogue Runway
როგორც პიტერმა განაცხადა, კაბები Alaïa-ს მაღაზიებში შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება.