“პოეზია თავისუფლების ყველაზე ინტიმური გამოხატულებაა. თავისუფლება არის ის, რაც ახლა ყველას გვჭირდება. რადგან ‘არ გვსურს ასე ოცნების გარეშე ყოფნა.’“ – პიერპაოლო პიჩოლი

ვალენტინოს ახალი კოლექცია სიყვარულით შთაგონებული პოეზიის ზეიმია. პიერპაოლომ სენტიმენტალური და თავისი ყველაზე რომანტიკული კოლექციის შექმნის პროცესში სიყვარულზე დასაწერად ოთხ სხვადასხვა პოეტთან ითანამშრომლა. Greta Bellamacina, Mustafa The Poet, Yrsa Daley-Ward და Robert Montgomery არიან ის არტისტები და პოეტები, რომლებმაც ხელი შეუწყეს პიერპაოლოს ზუსტად გადმოეცა თავისი იდეა გრძნობაზე, რომელიც „სამყაროს ამოძრავებს, ანთავისუფლებს.“
ისინი დიზაინერთან ინდივიდუალურად მუშაობდნენ. დიზაინის პროცესზე დაკვირვებისას, ნამუშევრების ხილვისას და პიერპაოლოსთან გასაუბრებისას გაუჩნდათ იდეები, რომლებიც სიყვარულის ძალაზე, გავლენასა და თვისებებზე დაწერილ პოემებში გამოავლინეს.
„ეს პოემები პიერპაოლოს ქმნილებებით არის შთაგონებული, რომლებიც აღნიშნავს სიყვარულის ყოველდღიურ ძიებას, თითოეული დღის მიღმა არსებულ შესუსტებულ სინათლეს.“ – გრეტა ბელამაკინა
ადგილზე მისვლისას სტუმრებს თემასთან დაკავშირებით პირველი შთაბეჭდილება განათებულ ბილბორდზე წარმოდგენილმა რობერტ მონტგომერის ფრაზამ შეუქმნა: „ადამიანები, რომლებიც გიყვარს შენში მოჩვენებებად გარდაიქმნებიან და ასე მათ ცოცხლად ინარჩუნებ.” სკამებზე კი აღნიშნული ოთხი პოეტის ნაშრომებისგან შედგენილი წიგნი Valentino ON LOVE დახვდათ.
ამ სეზონზე პიერპაოლომ კიდევ ერთხელ ითანამშრომლა Undercover-თან, რომლის დიზაინერმა ჯუნ ტაკაჰაშიმ მე-19 საუკუნეში შექმნილი შეყვარებულების ნეოკლასიკური ქანდაკება და რომანტიკის სიმბოლო ვარდები ერთმანეთს შეუთავსა და ეს პრინტი ვალენტინოს 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის მთავარ დეტალად იქცა.
კოლექციაში, რომელშიც შერწყმული იყო ქუჩის სტილი და ვალენტინოს კოდები, სიყვარულზე შექმნილი პოეზია ნაქარგებისა და პრინტების სახით მოგვევლინა, როგორც ტანსაცმელზე, ისე აქსესუარებზე.
„პოეზია კუტიურს ჰგავს – ის არის რაღაც, რაც შეიძლება ეკუთვნოდეს როგორც წარსულს, ისე მიმდინარე დროს. საკუთარ პოეზიას შეგიძლია კაბის საშუალებით მიაგნო.“ – პიერპაოლო პიჩოლი.
