ევროპაში კორონავირუსის მეორე ტალღის ძლიერი დარტყმის გამო, პარიზის მაღალი მოდისა და კოპენჰაგენის მოდის კვირეულები, ისევე, როგორც პარიზის მამაკაცის მოდის კვირეული სრულად ციფრულ ფორმატში ჩატარდება და არც ერთი ჩვენება არ დაიშვება ფიზიკურად, ან ნახევრად ფიზიკურად, ეს პარიზის პოლიციამ და კოპენჰაგენის მოდის კვირეულის ორგანიზატორებმა განაცხადეს.

დანია და საფრანგეთი პანდემიასთან ბრძოლის მიზნით გადაადგილებასა და ხალხმრავლობაზე შეზღუდვებს საგრძნობლად აგრძელებს, ისევე, როგორც ევროპის კონტინენტის სხვა ქვეყნები, მაგალითად გერმანია, იტალია და დიდი ბრიტანეთი.
“პარიზის პოლიციის სათაო ოფისიდან მივიღეთ მითითება, რომ არანაირი ხალხმრავლობა არ დაიშვება ჩვენებების ჩატარების, ან ნებისმიერი სხვა მიზნით,” განუცხადა WWD-ს ფრანგული მოდის ფედერაციის აღმასრულებელმა დირექტორმა პასკალ მორანდიმ.

თუმცა ვიდეო გადაღებები აკრძალული არ არის და ბრენდებს აქვთ დრო გადაიღონ ვიდეოები ახალი კოლექციებისთვის, ასევე, მათ აქვთ საშუალება მოაწყონ შოურუმები, სადაც მხოლოდ თითო ადამიანის დაშვება იქნება შესაძლებელი და ეს პროცესიც მკაცრი კონტროლის ქვეშ იქნება. თუმცა ამ ყველაფერს, პარიზში, საღამოს 8-დან დილის 6 საათამდე დაწესებული კომენდანტის საათი საკმაო პრობლემებს უქმნის.
მამაკაცის მოდის კვირეულთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით მხოლოდ თარიღებია ცნობილი, 19-დან 24 იანვრის ჩათვლით, მოდის სახლები წარადგენენ მამაკაცის კოლექციებს, ხოლო სამშაბათს გახდება ცნობილი, თუ როდის და რომელ პლატფორმებზე განათავსებენ ისინი ვიდეოებს.