მუგლერი

2020 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონისთვის ქეისი ქადუალადერის მუგლერისთვის მორგებულმა სექსუალურმა იმიჯმა რადიკალური სახე მიიღო. გამჭირვალე ბოდეები, დიდი რაოდენობით ტყავი, კორსეტები, დახელოვნებული ჭრები და ფერთა ბნელი პალიტრა თამამი და შეუპოვარი ქალის სახეს აყალიბებს. ყველაფერთან ერთად, კოლექცია ნებისმიერს შეუძლია მოირგოს, მიუხედავად პარამეტრებისა. მნიშვნელობა მხოლოდ მის გემოვნებას, ხასიათს, დამოკიდებულებას აქვს.

Mugler Fall 2020 © Filippo Fior 

რიკ ოუენსი

„მიშელ ლემი რიკ ოუენსის ჩვენებაზე რიკ ოუენსის თავით მივიდა“ – თუ მკითხავთ, რა დამამახსოვრდა ყველაზე მეტად 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე, დაუფიქრებლად გიპასუხებთ ამ ფრაზას, რომელიც ნამდვილად არ უნდა გაიგოთ გადატანითი მნიშვნელობით.

დიახ, ჩვენების წინა რიგი უკვე საკმარისად საკულტო იყო, როდესაც გარი ნიუმანის (რომელსაც რიკმა ფან-წერილი გაუგზავნა) საუნდტრეკის თანხლებით მოდელებმა დევიდ ბოუით და გარით შთაგონებული გლემ-როკისთვის დამახასიათებელი ესთეტიკა წარმოადგინეს.

Rick Owens Fall 2020 © Isidore Montag 

ბალენსიაგა

ბალენსიაგას ახალი კოლექციის ჩვენებისთვის მოწყობილ აპოკალიფსურ გარემოში დემნა გვასალიას პერსონალური ობსესიები გამოვლინდა. უფრო კონკრეტულად, მისი ფეტიშის საგანს სასულიერო პირები და ფეხბურთელები წარმოადგენენ. ეს ქართველი დიზაინერის ყველაზე შავი შოუ იყო, ამავდროულად, დრამატული და მინიმალისტური. რა თქმა უნდა, შეუსაბამობებიც ბევრი იყო და პარადოქსულად, ეს დემნამ ბალენსიაგასთვის სრულიად ბუნებრივი გახადა. გვასალიას ხელწერით შექმნილ მკაცრ სტილთან ერთად წარმოდგენილი სპორტული და რელიგიური კოდები სეზონის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დასამახსოვრებელი შემოთავაზებაა.

და კიდევ, დროა ბალენსიაგას პლატფორმიანი კროქსები დაივიწყოთ. დემნას ჩვენთვის ახალი შეუხედავი ფეხსაცმელი აქვს.

Balenciaga Winter 2020 © Footwearnews

ლუი ვიტონი

ნიკოლა გესკიერის ლუი ვიტონისთვის შექმნილ ახალ კოლექციაში სხვადასხვა ეპოქა ერთიანდება. ეს არ არის წარსულისთვის პატივის მიგება, არამედ მისი აწმყოსთან შეთავსების არაჩვეულებრივი მცდელობა. ამავდროულად, ამ იდეის მოწმე, პირდაპირი გაგებით, წარსული იყო. მილენა კანონერომ, რომელსაც არაერთი დაუვიწყარი კოსტუმი აქვს სტენლი კუბრიკის ფილმებისთვის შექმნილი, მე-15 საუკუნიდან დაწყებული 1950-იანი წლების ჩათვლით სხვადასხვა პერიოდისთვის დამახასიათებელი სამოსი ვოკალისტთა 200 კაციან ჯგუფს მოარგო. ლუვრში მიწვეული აუდიტორიის წინაშე გასული საუკუნეების ფონზე ნიკოლას ფუტურისტული ხედვა წარსულის თავისებურ აღქმასთან გაერთიანდა.