ბოლო დროს, ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება მოდის ინდუსტრიაში საკმაოდ საინტერესო და მასშტაბურ ხასიათს იძენს. იზრდება ციფრული პროდუქტების ყიდვის, მათ შორის, აუქციონის წესით ყიდვის ინოვაციური ფორმების დამკვიდრება და აქ ერთ-ერთ მთავარ როლს NFT თამაშობს. NFT ე.წ. არაჩანაცვლებადი ტოკენია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ციფრული ფაილების უნიკალური ბაზა ვიყიდოთ. ამ გზით, ჩვენ მიერ შეძენილი ფაილების კოპირებისაგან ვართ დაზღვეული და ვფლობთ ერთგვარ დამადასტურებელ დოკუმენტს, რომ მისი კანონიერი მესაკუთრეები ვართ. მოდის ინდუსტრიაში NFT ტექნოლოგიის გამოყენების რამდენიმე შემთხვევა ვიხილეთ – მაგალითად, როცა GUCCI-მ ვირტუალური სნიკერები გამოუშვა, ან როდესაც სულ რამდენიმე დღის წინ, სახელოვნებო კოლექტივმა ქეით მოსის სამი ვიდეო NFT-ის სახით 16 000 ევროდ გაყიდა.
ამჯერად კი, ონლაინ აუქციონზე ყოველდღიური ტანსაცმლის ბრენდმა, სახელწოდებით “Overpriced” ვირტუალური ჰუდი გაიტანა, რომელიც ანონიმურმა მყიდველმა 19 000 ევროდ (23 ათას დოლარად) შეიძინა. მოდელის დიზაინი კარგად გამოხატავს თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში ტექნოლოგიების დომინირებას. შავი ფერის ჰუდზე ვხედავთ პრინტს – QR კოდის ფონზე შესრულებულ მწვანე წარწერას “Fuck Your Money”.

როგორც ჰუდის შემქნელი ბრენდის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ეს ერთგვარი სოცალური პასუხია თანამედროვე სამყაროში ფულისა და ხელოვნების გადაკვეთაზე. NFT ფაილებად ქცეული სამოსი Overpriced-მა იდენტური დიზაინის ფიზიკურ ჰუდთან ერთად გაყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მფლობელს მისი ტარებაც შეეძლება.
ჟურნალ Hypebeast-თან საუბრისას, Overpriced-ის დამფუძნებელმა, ლეიტონ ჯეიმსმა ბრენდის კონცეფციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ის არტ კოლექტივს წარმოადგენს, რომლის მიზანია, აუდიტორიას აჩვენოს ხელოვნების ფორმად ქცეული მოდა, რომელიც დაუპირისპირდება მაღალი მოდის სტანდარტებსა და წარმოდგენებს. “ამ პროცესში, ციფრული ტექნოლოგიები და კონკრეტულად, NFT ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, რომ თანამედროვე არტისტებმა დაუბრკოლებლად შექმნან ავთენტური ნამუშევრები” – აღნიშნავს ჯეიმსი