ისე არცერთი პერიოდი იწვევს ერთდროულად სირცხვილის განცდას და ნოსტალგიას, როდესაც საქმე სტილს ეხება, როგორც ორიათასიანი წლები. ეს არის დრო, როცა სტილის ხატი პერის ჰილტონია და ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია.

„ორიათასიანი წლები ძალიან სახალისო და საკულტო ერაა მოდაში. ადამიანებს არ ჰყავდათ სტილისტები და ნამდვილად პერსონალური სტილი ჰქონდათ. ახლა თითქოს ყველა ერთნაირად გამოიყურება!“ – პერის ჰილტონი

დიახ, არც ისე დიდი ხნის წინ ხალხი პერისის სტილს აკოპირებდა და საერთაშორისო ჰიმნი ბრიტნი სპირსის “Toxic” იყო.

დაბალწელიანი შარვლები, ბადიანი კეპები, ჟაკეტების შიგნით ჩაცმული ჰუდები, ფერადი თმისამაგრები, შარვალი კარგო, დიდი მრგვალი საყურეები, მუცლის ჯაჭვები, ჯინსის მინი კაბებს შეხამებული უგები, ასიმეტრიული კაბები, ქამრებად გამოყენებული ჰალსტუხები, კისერზე შესაკრავი მაისურები, ჯაჭვები შარვლებზე, შარფები ნებისმიერ სეზონზე, ბენდენის ტოპები, დენიმის კაბები, გამაშები, ფერადი ავიატორის სათვალეები… კიდევ რამდენი ტრენდის ჩამოთვლაა საჭირო, რომ ნოსტალგია კიდევ უფრო აუტანელი გახდეს და საკუთარი თავის გახსენებით გამოწვეული სინანულის განცდა მეტად გამძაფრდეს? თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ ტრენდებს ის ადამიანებიც წარმოაჩენდნენ, რომელთაგანაც ზოგი ახლა ყველაზე გემოვნებიანი ქალების რიგებს იკავებს და მოდის აიქონის ჯილდოსაც კი ფლობს. როგორც მიღებულია, შეცდომები მოსულა.

პირადი ფავორიტები:

მთლიანად ჯინსისგან შედგენილი ლუქი (შეუძლებელია ჯასტინის და ბრიტნის წყვილზე უკეთესი მაგალითის მოყვანა)

პლატფორმიანი ფლიპ-ფლოპები

ჯინსის შარვლებზე გადაცმული კაბები

გასაშლელი ტელეფონი აქსესუარად

კიმ კარდაშიანის და პერის ჰილტონის დუეტი

ნოსტალგიას ვეღარ უმკლავდებით? მაშინ კარგი სიახლის დრო დადგა: გარკვეული ტენდენციები ცხადყოფს, რომ ეს დრო ისევ დადგა.

ლოგომანია ისევ დაიწყო.

Juicy Couture tracksuits დაბრუნდა (Paris Hilton approved).

ნუ დაგვავიწყდება ტენდენციის ხელახალი დასაწყისი, სამი წლის წინ ვეტმანის ჯუისი კუტიურთან თანამშრომლობა, რომელმაც დიდი ხმაური გამოიწვია.

I could not help, but wonder ქერი ბრედშოუს მანოლო ბლანიკის Strappy sandals-ს და დიორის Saddle bag-ს შორის მხოლოდ ერთის არჩევა რომ შეძლებოდა, რომელს მიანიჭებდა უპირატესობას?

მაგრამ ამ შეკითხვაზე პასუხი რელევანტური 19 წლის წინ იქნებოდა, ამიტომ მხოლოდ იმის აღნიშვნა ჯობს, რაც ახლაა მნიშვნელოვანი. თავის დროზე SATC-ში პოპულარიზირებული და ხელახლა გამოშვებული გალიანოს Saddle bag მიმდინარე დროის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი აქსესუარია.

თუმცა წარსულიდან არამარტო ტენდენციები, არამედ ბრენდებიც ბრუნდება. ზაფხულში კიმორა ლი სიმონსი Baby Phat-ის თავიდან დაწყებას გეგმავს. კიმორას ბრენდი პირდაპირ ასოცირდება ორიათასიან წლებთან. მან ის თავის ქმარ რასელ სიმონსთან ერთად 1999 წელს დააფუძნა, როგორც ქუჩის სტილის კომპანია და იმდენად პოპულარული გახდა, რომ გაყიდვები მილიარდ დოლარს აჭარბებდა.

კატის ლოგო, დახეული ჯინსის შარვლები, ლილ’ კიმი პოდიუმზე და გასაშლელი ტელეფონის ქეისები არის ის, რაც პირველ რიგში ასოცირდება შანელის ყოფილი მოდელის ბრენდთან.

მართალია ახლა მოტოროლას ნაცლად ხელში აიფონები გვიჭირავს, მაგრამ კიმორა Baby Phat-ში მოდერნიზებული რეტრო ელემენტების შეტანას მაინც აპირებს. ნამდვილად დამაინტრიგებელია. თუმცა ამჯერად კიმორა მას თავის ორ ქალიშვილთან, 16 წლის აოკისთან და 19 წლის მინგთან ერთად გაუძღვება, რომლებიც ჩვენებების ბოლოს აუდიტორიის წინაშე დედასთან ერთად ხშირად ჩნდებოდნენ. როგორც ამ ეტაპზე ცნობილია, ბრენდი კონცენტრირებული იქნება მეინსტრიმ სპორტულ სამოსსა და აქსესუარებზე.

„ეს ჩემი შვილის თავიდან დაბადებაა,“ – განაცხადა კიმორამ 9 წლის შემდეგ თავისი ბრენდის ისევ გამოშვებაზე საუბრისას.  

და ბოლოს, ნუ დაგვავიწყდება კიდევ ერთი ტრენდი, რომელიც კიმორასთვისაც მნიშვნელოვანია, პერის ჰილტონიც არ უარყოფს და შესაბამისად, ჩვენც ასე უნდა ვიფიქროთ: ვარდისფერი ზედმეტი არასდროსაა.