“უკვე აღარ მადარდებს ვის თვლიან ლამაზად. ჩემი შემოქმედება სხეულის ყველა ფორმას, განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებს, სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლებს, გენდერის ბევრნაირ გამოხატულებას შეესაბამება,” – ამბობს ქეისი ქედუალადერი, Mugler-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, რომლის ბოლო ჩვენებაც მრავალფეროვნების ნამდვილი ზეიმია.
მისი ქმნილებები ხაზს უსვამს სხეულის ფორმებს და ეს არ ეხება მხოლოდ გამხდარ სილუეტს. თუ Mugler-ის ახალი პრეზენტაციის ყურებას დავიწყებთ, ჩვენ წინაშე კოლექციას ერთმანეთისგან განსხვავებული ინდივიდები წარმოადგენენ – თითოეული მათგანი საკუთარ ლუქს ხასიათით ავსებს. როგორც დიზაინერი ამბობს, ამ ქალებს შორის საერთო არსებობს და ეს მათ გონებას ეხება. “ისინი ჩამოყალიბებული, დამოუკიდებელი, საოცარი მოაზროვნეები არიან, რომლებსაც შეუძლიათ ჭკვიანურად წარუდგინონ თავიანთი თავები მსოფლიოს,” – აღნიშნავს ის. “ისინი რეალიზებულები, ემპათიურები, ყურადღებიანები არიან, მე კი სწორედ ამაში ვხედავ სილამაზეს.”
შოუში მონაწილეობა მიიღეს როგორც პროფესინალმა მოდელებმა, ისე სხვა სფეროს წარმომადგენლებმა, რომლებმაც არანაკლები თავდაჯერებულობით შეძლეს პოდიუმზე საკუთარი თავების წარმოდგენა. მათ შორის იყვნენ: Bella Hadid, Soo Joo Park, Alek Wek, Irina Shayk, Hunter Schafer, Patia Borja, Kembra Pfahler და შოუს ნამდვილი ვარსკვლავი Dominique Jackson.
აღსანიშნავია, რომ მოდის სახლში ამ სეზონზე კოლექცია საკმაოდ ეფექტური ფორმით იყო ნაჩვენები ციფრულ ფორმატში. ქეისის თქმით, მას ყოველთვის სურდა მოდელებს პოდიუმზე სიარულის გარდა კიდევ რაღაც გაეკეთებინათ, მაგრამ ცოცხალ პრეზენტაციაზე ეს სარისკოდ მიაჩნდა, ფილმმა კი ექსპერიმენტების ჩატარების საშუალება მისცა. საბოლოო შედეგი იმდენად კარგი გამოვიდა, რომ ის გულგრილს არავის დატოვებს.
ყველაფერთან ერთად, ჩვენება See Now Buy Now ფორმატში გაიმართა, რაც 2021 წელს ნამდვილად გასაკვირი სიახლეა თუ იმ არაერთი ბრენდის წარუმატებელ გამოცდილებას გავიხსენებთ, რომლებმაც რამდენიმე წლის წინ ამ მოდელთან ადაპტირება ვერ შეძლეს და ისევ მოდის ტრადიციულ სისტემას დაუბრუნდნენ. აქედან გამომდინარე, Mugler-ის ახალი კოლექცია განკუთვნილია 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის და მისი შეძენა მსურველებისთვის უკვე შესაძლებელია.
Mugler გაზაფხული/ზაფხული 2021
შემოქმედებითი ხელმძღვანელი: Casey Cadwallader
რეჟისორი: TORSO