როდესაც წინ მოსკინოს ჩვენებაა, ყოველთვის არის მოლოდინი, რომ ჯერემი სკოტი ჩვენს განცვიფრებას ეცდება, მიუხედავად იმისა, რომ იცი, ამას ისეთი კოლექციის წარდგენით არ მიაღწევს, რომელიც გონებაში სამუდამოდ ჩაგებეჭდება და გარკვეულ ემოციებს აღგიძრავს – არა, სკოტი მოდის მხიარულ ნაწილს წარმოადგენს, რომელისთვისაც კემპი, კიჩი, გაზვიადებული თეატრალურობა ბუნებრივი მახასიათებელია და ეს ყველაფერი დიზაინერმა უკვე მოსკინოს მოდის სახლის კოდებად აქცია. ამჯერად დიზაინერის შთაგონებად ესპანელი მხატვარი, პაბლო პიკასო და მისი მუზები იქცნენ. პოდიუმზე პიკასოს არაერთი ნამუშევარი სკოტის ინტერპრეტაციით გაცოცხლდა, მათ შორის: “გოგონა სარკის წინ” ,”გოგონა მანდოლინით” და “არლეკინი”. ეს ორი უკანასნელი პოდიუმზე მოდელებმა კაია გერბერმა და ბელა ჰადიდმა წარადგინეს.
მოსკინოს 2020 წლის გაზაფხული/ზაფხული მილანის მოდის კვირეულის ახალ სეზონზე. შემოქმედებითი ხელმძღვანელი: ჯერემი სკოტი.
შეუძლებელია პიკასოს ნამუშევრების გამოყენებისას მის აბსტრაქტულ ნამუშევრებს გვერდი აუარო. სკოტმა ისინი კაბებად აქცია და მათი სხვადასხვა ინტერპრეტაციები შემოგვთავაზა. თუმცა, დიზაინერი მხოლოდ ნახატების პრინტებს არ დასჯერდა და ერთ-ერთ მოდელს კუბისტურ სტილში შესრულებული ნუდისტური ნახატიც კი მოარგო.
სამოსზე იგრძნობოდა ესპანური ეროვნული სამოსის გავლენაც. ვხვდებით მატადორის სამოსით შთაგონებულ ლუქებს, რომელსაც დიზაინერმა უფრო ფემინური შესახედაობა შესძინა და საცეკვაო კაბების ელემენტებს, რომლის რეფერენსებიც კოპლებიანი წითელი კაბებით გამოიხატა.
ჩვენება ჯიჯი ჰადიდმა საპატარძლო კაბით დახურა, რომელსაც დიდი ბაფთა და მტრედების დეკორაციები ამშვენებდა, რაც კიდევ ერთი რეფერენსი იყო პიკასოს შემოქმედების. კოლექცია იდეალური მაგალითია, თუ რა არის კემპი და კიჩი.
ჩვენების სრული ჩანაწერი:
კოლექცია სრულად – Vogue.com