ჟურნალების სიმრავლე და ყდების მრავალფეროვნება დაბნეულობას ხშირად იწვევს. შეუძლებელია ერთხელ მაინც არ წააწყდეთ გარეკანს, რომელიც სინამდვილეში მთავარი გარეკანი არ არის და მოდელის, ან ვარსკვლავის ყდების ჯამურ რაოდენობაში არ ითვლება. თუ თქვენ დამწყები კოლექციონერი ხართ, ან უბრალოდ მოდური ჟურნალები მოგწონთ, ეს არის ინფორმაცია, რომელიც პატარა ცოდნას მოგცემთ ჟურნალების ყდების ტერმინებზე და დაჯამების სფეციფიკაზე.

Cover – ჟურნალის/კატალოგის მთავარი გარეკანი.
Reprint Cover – პრეფიქსი re აღნიშნავს რაღაც ქმედების ხელახლა გაკეთებას, print არის ბეჭდვა, შესაბამისად reprint არის ხელახლა დაბეჭდვა.

განვიხილოთ მაგალითი: 2005 წლის მაისში ნატალია ვოდიანოვა იტალიური ვოგის გარეკანზე დაიბეჭდა. 2005 წლის ნოემბერში ნატალია რუსული გლამურის გარეკანზეც მოხვდა. რუსული გლამურის ყდაზე გამოყენებული იყო ფოტო ნატალიას იტალიური ვოგის ფოტოსესიიდან. ნებისმიერი ჟურნალის ყდას, რომელიც აღებულია სხვა ჟურნალიდან, ვუწოდებთ Reprint Cover-ს.

გავლენიანი მოდური ჟურნალების მთავარი ქვეყნების გამოცემები, როგორებიცაა: ამერიკული, ბრიტანული, იტალიური, პარიზის, Reprint Cover-ს არ იყენებენ. ტრადიციულად, მათი ფოტოსესიები იბეჭდება სხვა ნაკლებად მნიშვნელოვან ჟურნალებში. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოები სხვა ჟურნალიდან არის აღებული, Reprint Cover დაჯამებისას ითვლება, რადგან ჟურნალი გაყიდვაში ჩვეულებრივად გამოდის და ფიზიკური ასლის შეძენა ორიგინალი ყდის მსგავსად ხდება.

Supplement Cover – სიტყვა supplement ნიშნავს დანართს, დამატებას. ზოგჯერ ხდება, რომ ჟურნალის ახალი ნომერი რამდენიმე გარეკანით გამოიცემა. ამ შემთხვევაში კვლავ მნიშვნელობა ენიჭება გამოდის, თუ არა ყველა გარეკანი გაყიდვაში და ჟურნალში შემავალი მასალა არის, თუ არა ერთი და იგივე. საკმაოდ ხშირად ვოგის მთავარ ნომერს თან ახლავს ბუკლეტი, რომელიც კონკრეტულად ერთ თემას ეხება, მაგალითად ოტ კუტიურ კოლექციებს. ბუკლეტის ყდაზე შესაძლოა იყოს ის პიროვნება, რომელიც ამშვენებს მთავარ ყდას, ან სხვა. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როდესაც ამას თავად ჟურნალის ოფიციალური საიტი იუწყება, დამატებითი, ბუკლეტის, ან ნებისმიერი სხვა სახით გამოცემული გარეკანი, რომელიც ფიზიკური ასლის სახით გაყიდვაში არ გამოდის, ვოგის ძირითად ყდებში არ ითვლება.

მაგალითისთვის განვიხილოთ, იტალიური ვოგის 2009 წლის სექტემბრის ნომრის ძირითად ყდაზე გამოსახულები არიან ტოპ მოდელები, ხოლო დამატებით supplement ყდაზე – რიანა. 2009 წლის supplement ნომერი მთავარ გამოცემას, რომელსაც მოდელები ამშვენებენ, დამატებით მოჰყვა და ოტ კუტიურს მიეძღვნა. შესაბამისად, ითვლება, რომ 2009 წლის სექტემბრის ყდაზე დაბეჭდილები არიან მოდელები. რიანას ყდა არ არის მთავარი და არც ითვლება. სუპერვარსკვლავს ვოგის დიდი ოთხეულის შესავსებად სწორედ იტალიური გამოცემა აკლია.

შესაძლებელია, რომ ერთი ნომრისთვის რამდენიმე გარეკანი გაკეთდეს და ყველა ძირითადი იყოს. ასეთ შემთხვევაში ჟურნალში მოცემული მასალა ერთია, თუმცა მყიდველს შესაძლებლობას აძლევს ის გარეკანი შეიძინოს, რომლის ფოტოც უფრო ხიბლავს. მაგალითისთვის კვლავ რიანა და ბრიტანული ვოგის 2020 წლის მაისის ნომერი ავიღოთ. გამოცემამ რიანას გამოსახულებით 2 გარეკანი გაავრცელა. ორივე ძირითადი გარეკანია და გაყიდვაში, ფიზიკური ასლის სახით ორივე გამოდის, თუმცა დაჯამებისას ითვლება, როგორც ერთი, რადგან ერთ თვეს წარადგენს. თუ ჟურნალმა მაისში გარეკანზე 2 განსხვავებული ფოტო გამოიტანა, არ ნიშნავს, რომ ვარსკვლავმა, რომელიც ორივე გარეკანზეა 2 ნომერი დაამშვენა. მან დაამშვენა გამოცემის მაისის ნომერი – 1 ნომერი. შედეგად, თუ რიანას ბრიტანული ვოგის მაისის ნომრამდე ჰქონდა 15 გარეკანი, ახლა აქვს 16 და არა 17 ყდა.

Subscribers Cover – ყდა, რომელსაც იღებენ ჟურნალების გამომწერები. თითქმის ყველა გავლენიანი გამოცემა გვთავაზობს ფასდაკლებას, თუ მთლიანი წლის ყველა ნომერს წინასწარ შევიძენთ. ტრადიციულად, ამ მომსახურებით მოდის აქტიური მიმდევრები და ჟურნალების კოლექციონერები სარგებლობენ. მაგალითად, ემილია კლარკი ამერიკული ჰარპერს ბაზარის 2015 წლის ივნისი / ივლისის ნომრის ყდაზე.

პირველი გარეკანი არის ძირითადი, რომელიც გამოდის გასაყიდად, ხოლო მეორეს ძირითადთან ერთად იღებენ ჟურნალების გამომწერები, რომლებსაც მთელი წლის ნომრები წინასწარ აქვთ შეკვეთილი. Subscribers Cover დაჯამებისას არ ითვლება. 2 თვის მოხსენიებამ არ უნდა დაგაბნიოთ. რამდენიმე მოდური გამოცემა ორ თვეს ერთ ნომერში გამოსცემს. მაგალითად პარიზის ვოგის ივნისი/ივლისი და დეკემბერი/იანვარი. ჟურნალში მოცემული მასალა ერთია და ერთ ნომრად გამოდის, ამიტომ ჯამდება, როგორც ერთი გარეკანი.

Miscellaneous Cover – ნიშნავს სხვადასხვაგვარს, შერეულს, მრავალფეროვანს. მოდურ ტერმინად ნაკლებად ითვლება, თუმცა კოლექციონერები ხშირად იყენებენ. ჟურნალები (ყვითელი პრესა მეტწილად, თუმცა არა მარტო) ზოგჯერ გარეკანზე ბეჭდავენ ფოტოებს, რომლებიც არ ეკუთვნის არც ერთ ედითორიალს, არამედ არის ფოტო რომელიმე კამპანიიდან, პაპარაცების მიერ გადაღებული, ან უბრალოდ წითელი ხალიჩის სურათი. ასეთი სახის ყდები ვერანაირად ვერ გაერთიანდება რეფრინთებში და მითუმეტეს ორიგინალ ყდებში, სწორედ ამიტომ შეერქვა მას Misc Cover. მაგალითისთვის – Tatler-ის გარეკანი მეგან მარკლის გამოსახულებით. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალში ინტერვიუ ახალი და ორიგინალი დაიბეჭდა, ფოტო აღებულია მეგანის ერთ-ერთი საჯარო გამოჩენიდან. აქაც იგივე პრინციპით, თუ გაყიდვაში გამოდის, მაშინ ვთვლით.

Beauty – გარეკანს იშვიათად ვუწოდებთ, რადგან მეტწილად ჟურნალში იბეჭდება, როდესაც მომდევნო რამდენიმე გვერდი სილამაზეს და თავის მოვლას ეხება. დაბნეულობას დიდი ასოებით გაკეთებული წარწერა იწვევს, თუმცა ნუ დაიძაბებით, რადგან ჟურნალში დაბეჭდილ ასეთ ფოტოს, მარჯვენა კუთხეში, თითქმის ყოველთვის ახლავს კიდევ ერთი წარწერა Beauty, რომელიც მიგანიშნებთ, რომ ეს მთავარი ყდა არ არის. მაგალითისთვის იაპონური ვოგის 2020 წლის მაისის ნომერი. პირველი გარეკანი არის მთავარი ყდა, მეორე არის ჟურნალში დაბეჭდილი Beauty Cover, რომელიც დამოუკიდებლად არ იყიდება და შესაბამისად არც ითვლება.

Digital Cover – ციფრული ყდა ბოლო რამდენიმე წლის „გამოგონებაა“. ეს არის (ხშირად) მოძრავი გარეკანი, რომელიც ინტერნეტის მომხმარებელზეა გათვლილი. მოდელს, ან ვარსკვლავს ციფრული ყდა ჩაეთვლება, თუ არა, დამოკიდებულია ჟურნალზე. მაგალითად, 2020 წლის აპრილში, ამერიკული ვოგის ყდას 15 მოდელი ამშვენებდა, თუმცა გარეკანზე, რომელიც ფიზიკური ასლის სახით გაყიდვაში გამოვიდა, მხოლოდ 3 მოდელი იყო გამოსახული. დანარჩენი 12 მოდელის ყდა ციფრულია. მიუხედავად ამისა, ამერიკულმა ვოგმა ციფრული ყდები გაავრცელა, როგორც ძირითადი. შედეგად, გოგონებს, რომლებიც – ამშვენებენ, ეთვლებათ, რომ ამერიკული ვოგის ყდაზე დაბეჭდილები არიან. შეგვიძლია განვიხილოთ მეორე მაგალითიც, როდესაც ჟურნალმა ციფრული ყდა გაავრცელა, როგორც დამატებითი და არა ძირითადი, ამიტომ მოდელს, ბელა ჰადიდს, მიუხედავად ციფრული ყდისა, ითვლება, რომ ამერიკული ვოგის ყდა ჯერ არ დაუმშვენებია.

Vogue US აპრილი 2020:გასაყიდად გამოსული ყდა / ციფრული ყდები.

ბელას მოძრავი გარეკანი, რომელიც ამერიკული ვოგის საიტისთვის შეიქმნა. ფუნქცია პარიზის ოტ კუტიურ მოდის კვირეულის ახალი კოლექციების უკეთ წარმოჩენა იყო. ეს ციფრული გარეკანი მთავარ ყდად არ ჩაითვალა.

Editorial – იგივე leading article, ანუ მოწინავე სტატია, რომელიც წარმოადგენს opinion piece-ს. Opinion piece არის ჟურნალში ან გაზეთში დაბეჭდილი სტატია, რომელიც გადმოგვცემს სტატიის ავტორის შეხედულებებს კონკრეტულ საკითხზე, ასეთი სტატიები შეიძლება პერიოდულ ხასიათს ატარებდეს. არსებობს Editorial cartoon, ანუ ილუსტრირებული ედითორიალები, რომლებიც პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და ზოგჯერ პოლიტიკურ ედითორიელებსაც უწოდებენ. მოდის სამყაროში წარმოდგენილი ედითორიალის რეალური სახელი არის Photo-Editorial (შემოკლებით editorial). ფოტო ედითორიალი არის ჟურნალის მთელ გვერდზე დაბეჭდილი ფოტო, რომელიც ეხება კონკრეტულ თემას, დიზაინერს, მოდელს და ა.შ.

და ბოლოს, Outtake – ამოღებული, ამოჭრილი, მაგალითად, ფილმიდან ამოჭრილი სცენა, რომელიც ფილმში არ ხვდება, ანალოგიურად არსებობს ფოტოები, რომლებიც ფოტოსესიების საბოლოო შედეგში არ ხვდება სხვადასხვა მიზეზით. როგორც ვიცით, მოდელებს ფოტოსესიისას უამრავ ფოტოს უღებენ, თუმცა ფართო საზოგადოებამდე მხოლოდ 10-15 ფოტო აღწევს. Outtake-ები ეწოდება ფოტოებს, რომლებიც არ მოხვდა ედითორიალში, ან კამპანიაში, რომელიც ფოტოგრაფმა, თავად დიზაინერმა, ვინმე სხვამ დაიწუნა და ნაგვის ყუთისკენ გაისტუმრეს.