მიუჩია პრადას პერსონალური სტილიც ისეთივე კომპლექსური და უნიკალურია, როგორიც მისი პიროვნება.  

„[…] ის ერთგვარი მოდერნისტული სალამაზის სალონის მესაკუთრეს ჰგავს, სადაც იტალიელი ფუტურისტი კარდონის თმისთვის მივიდოდა […] მას მამაკაცის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდან ღია ნაცრისფერი ბამბის ქურთუკი აცვია, რომელსაც ფხრიწიანი შესაკრავი აქვს. მას ოდნავ წაწვეტებულ, დაბალძირიან, ბორდოსფერ, მძივებით გაწყობილ ფეხსაცმელს უხამებს. არის ფეხსაცმელები, რომლებიც მხოლოდ ისეთმა ადამიანებმა უნდა ატარონ, რომლებმაც მართლა იციან ჩაცმა, რადგან ისინი ნახევრად ‘orrible’ და ნახევრად chic არის. ის (მიუჩია) შესანიშნავად გამოიყურება.“ – ჯო-ენ ფერნისი

მან თავისი კარიერა არაერთი მიმართულებით განავითარა –  ჯერ პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი გახდა, შემდეგ პანტომიმის თეატრის მსახიობი, მოგვიანებით იტალიის კომუნისტური პარტიის წევრი, მერე ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტი, შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დიზაინერი, ხელოვნების მუზეუმიც დააარსა და ახლა პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალია. როცა ვამბობ, რომ მისი პიროვნება კომპლექსურია, ამის თქმის საბაბი ნამდვილად არსებობს.

„ერთხელ სტუდიაში იდგა, სათანადო, წვივებამდე სიგრძის, ნაკეცებიანი თეთრი კაბა ეცვა, რომელშიც ელექტრული ვარდისფერი საცვალი უჩანდა. არ ვიცი თვითონ ეს იცოდა თუ არა, მაგრამ კონსერტვატორულობის და ფხიზლად ყოფნის ეს მიქსტურა რაღაც შოკისმომგვრელთან ზუსტად პრადაა და ზუსტად მას წარმოადგენს. ეს უნახავი სექსუალურობაა, რაც სრულიად ინსტიქტურია.“ – ქეითი გრანდი

არც მიუჩიას სტილთან დაკავშირებით ნათქვამი არის უსაფუძვლო. whatmiuccia მისი სტილისადმი მიძღვნილი ინსტაგრამია, რომელიც ამ მხრივ დიზაინერის გამორჩეული მომენტების დოკუმენტირებას ახდენს. სწორედ მასზე დაყრდნობით შეიძლება დარწმუნება იმაში, რომ მიუჩია პრადა თავისი სტილითაც საკულტო ფიგურაა.