მიუჩია პრადა და რაფ სიმონსი რამდენიმე ათწლეულია მოდის მამოძრავებელ ძალებს წარმოადგენენ. თებერვალში მათი უპრეცედენტო გაერთიანების შესახებ გაჟღერდა: “რაფ სიმონსი პრადას შემოქმედებითი თანადირექტორია, ის მიუჩიასთან ერთად შექმნის ბრენდის კოლექციებს!” და როდესაც ორი გენიალური და აღიარებული დიზაინერი ერთობლივად იწყებს ახალი თავის წერას, ბუნებრივია, მათ მიმართ დიდი მოლოდინები ჩნდება.

როცა ამ სასიხარულო კოლაბორაციის შესახებ გავიგეთ, მსოფლიოში სხვა ვითარება იყო და სიახლეც სხვანაირად მივიღეთ, ისე როგორც საჭირო იყო. ძალიან მალე მოდური ჩვენება ნამდვილად არ იყო ის, რაზე ფიქრიც ქაოსურ, გაურკვეველ და საშიშ პერიოდში შვებას მოგგვრიდა. შვიდი თვის შემდეგ პანდემია ისევ რჩება, მაგრამ მოდის კვირეულებიც კვლავ იმართება. მიუხედავად იმისა, რომ სამყარო ვარდისფერი ჯერ ისევ არ არის, სურვილი ამდენ ცუდში რაღაც კარგი ვიხილოთ, უფრო ძლიერდება, კალენდარში რაფის და პრადას პირველი საერთო კოლექციის ჩვენების ჩანიშვნა კი ამ სურვილის დაკმაყოფილების ერთ-ერთი საშუალება უნდა ყოფილიყო.

პრადას 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის პრეზენტაცია მილანის მოდის კვირუელის ფარგლებში 24 სექტემბერს გაიმართა. ჩვენება ციფრულ ფორმატში ჩატარდა და სიმონსის და პრადას პირველი ნამუშვერები ახალმა სახეებმა Fondazione Prada – ში, ყვითელი ფარდების ფონზე წარმოგვიდგინეს.

ორმოცი ლუქით დიზაინერებმა შემოგვთავაზეს ის, რაც დროთა განმავლობაში თავიანთ ხელწერად იქცა. ჩვენებაზე განსაკუთრებული სიახლე არაფერი არ იყო თუ არ ჩავთვლით იმას, რომ თითოეული ლუქით რაფის ხედვა მიუჩიასას ანაცვლებდა.

ფეიერვერკების მოლოდინში პირველივე ლუქებში პრადას სამკუთხა ლოგოები ტანსაცმელზე ყველაზე შესამჩნევ ადგილას, კიდევ უფრო გადიდებულ ზომაში ვიხილეთ, რაც იმდენად იქცევდა ყურადღებას, რომ რთული იყო აღექვა ის, რაზეც ისინი იყო მიკერებული.

კოლექცია ერთგვარი პატივის მიგებაც იყო ხელში დაჭერილი ე.წ. Clutch Coat – ების მიმართ, რომლებიც გვინახავს როგორც პრადას, ისე რაფ სიმონსის ჯილ სანდერისთვის გამართულ ჩვენებებზე.

Prada
გაზაფხული/ზაფხული 2001.
შემოდგომა/ზამთარი 2005.
გაზაფხული/ზაფხული 2013.
რესორთ 2021.

Jil Sander by Raf Simons შემოდგომა/ზამთარი 2012

შოუზე ვიხილეთ პრადას პრინტი 1996 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებიდანაც. ეს იყო შოუ, რომლითაც მაშინ მიუჩიამ პოდიუმზე Ugly Chic წარმოადგინა და თავისი „უშნო ესთეტიკით“ ცვლილებებს საფუძველი ჩაუყარა . მაგრამ იქნებ უკეთესი ყოფილიყო უფრო საინტერესო ფორმით შემოეთავაზებინათ ეს საკულტო პრინტი, ვიდრე ჰუდზე მისი დატანებაა, 2020 წელს.

Prada გაზაფხული/ზაფხული 2021.

იმის მანიშნებელი, რომ კოლექციის შექმნის პროცესში რაფ სიმონსიც მონაწილეობდა, ტანსაცმელზე წარმოდგენილი პიტერ დე პოტერის შექმნილი გრაფიკული პრინტებიც არის, ბელგიელი არტისტის, რომელთანაც დიზაინერს არაერთხელ უთანამშრომლია.

კოლექციაში ასევე ვხვდებოდით ამოჭრილ დეტალებიან ნაქსოვ ყელიან სვიტერებს (დიახ, რაფზე ვლაპარაკობთ), რომლებიც პრადასთვის დამახასიათებელ გრძელ, მოცულობით A-ხაზოვან კაბებთან იყო შეხამებული.

ამ ჩვენებას მიმდინარე სეზონზე ყველაზე მეტად ელოდნენ, თუმცა კოლექცია არ არის ის, რაც არსებულ მოლოდინებთან თანხვედრაში ჰარმონიულად მოექცევა. მაგრამ პირველი შეთავაზება ხომ არასდროს იძლევა საბოლოო ვერდიქტის გამოტანის საშუალებას.

ჩვენების შემდეგ დიზაინერებმა გულშემატკივრების დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. მიუჩიამ განახცხადა:

„მინდა ხალხს რაღაც აზრიანი შევთავაზო, რადგან ძალიან ბევრი ბრენდი არსებობს. ადამიანებთან კავშირი უნდა დაამყარო —  უნდა გამოიყენო, რასაც კითხულობ, სწავლობ, განიხილავ. რაც უფრო მეტად დაუკავშირდები სამყაროს, შენი საქმეც უფრო საინტერესო იქნება.“