ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საერთაშორისო მედიაში ყოველდღიურად ვრცელდება სიახლეები, რომელიც რუსეთის ბაზრიდან ცნობილი ბრენდების გასვლის შესახებ იუწყება. ქვეყანა დატოვეს ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, მოდის სახლებმა, ტანსაცმლის მასობრივი წარმოების ბრენდებმა, ავტომწარმოებლებმა და ასე შემდეგ. ამჯერად, რუსეთში ოპერირებას აჩერებს გავლენიანი მედია კონგლომერატი – Condé Nast.
Condé Nast-ის შემდგენლობაშია ისეთი ცნობილი მედია პლატფორმები, როგორებიც არის: Vogue, GQ, Vanity Fair. როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, როჯერ ლინჩმა განაცხადა, რუსეთში ცენზურის დაკანონების შემდეგ, შეუძლებელია ამ ჟურნალების რედაქციებმა მუშაობა გააგრძელონ. შეგახსენებთ, რომ რუსეთში ე.წ. “ყალბი ამბების” კანონი მიიღეს, რაც ქვეყნის ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, დაარბიოს რედაქცია და დააკავოს ნებისმიერი პირი, რომელიც შესაბამისი სამთავრობო ინსტიტუტების შეფასებით, არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ემსახურება.