რიჩარდ ბაქლის ბრწყინვალე კარიერა მეოცე საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო. ის ხელმძღვანელობდა არა ერთ ცნობილ ჟურნალს, მათ შორის WWD -ის და Vogue -ის მამაკაცის გამოცემას. მოდის ჟურნალისტიკის ვეტერანი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიახლის გავრცელების შემდეგ, რიჩარდს კოლეგები და მეგობრები იხსენებენ.
ამერიკული Vogue -ის მთავარი რედაქტორი, ანა ვინტური: „რიჩარდ ბაქლი იყო კაცი ინტელექტით, კეთილი, ბრძენი და გონებამახვილი. მას მანამდე ვიცნობდი, სანამ ტომს (ფორდს) შეხვდებოდა, ვიცნობდი და ვაფასებდი, როგორც დიდებულ ჟურნალისტს. რიჩარდის დახმარებით, ტომმა პროფესიულად და პიროვნულად სხვა სიმაღლეები დაიპყრო. ის გასაოცარი ქმარი იყო ტომისთვის და შესანიშნავი მამა ჯეკისთვის. ჩემი გული ახლა ტომთან და ჯეკთანაა.“
Vanity Fair -ის მოდის ყოფილი დირექტორი, ელიზაბეთ სალცმენი: „ზუსტად არ მახსოვს მე გავიცანი რიჩარდი პირველად, თუ ტომმა. ის ჩემთვის ყველაზე გულწრფელი ჟურნალისტი იყო. ძალიან დიდი ცოდნა და სიღრმე ჰქონდა, ამიტომ იყო მასთან მეგობრობა სახალისო. ამბობენ, რომ ადამიანებს ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ნამდვილი მასწავლებელი გვყავს, რიჩარდი იყო ჩემი მასწავლებელი. ეჭვგარეშეა, რომ ის დაეხმარა ტომ ფორდს ჰქონოდა, რაც ახლა აქვს. ყოველთვის გჭირდება ვიღაც, ვინც ირწმუნებს შენს შესაძლებლობებს და მენტორობას გაგიწევს. რიჩარდს არასდროს სჭირდებოდა თავისი დამსახურებების წარმოჩენა, ყველაფერს ტომს აძლევდა.“
ბრიტანელი ჟურნალისტი, პაოლა რიდი: „რიჩარდს პირველად DNR-ში მუშაობის დროს შევხვდი. მაშინ სულ რაღაც 24 წლის ვიყავი, ის კი მოდის ბიზნესში ყველაზე სიმპატიური კაცი იყო, გასაოცარი სტანდარტები ჰქონდა: კეთილშობილი, მხიარული, ცნობისმოყვარე და მადლიერი.“
დიზაინერი და ფოტოგრაფი, ლაიზა ეისნერი: „შეუძლებელი იყო წინასწარ გეთქვა რას ფიქრობდა, ან იტყოდა. მისთვის კლიშეები არ არსებობდა. არასდროს დაუკარგავს საკუთარი იდენტობა, მიუხედავად იმისა, რომ ტომ ფორდის ჩრდილი დიდი იყო. რიჩარდს ყოველთვის ჰქონდა თავისი ცხოვრება, ჰყავდა მეგობრები,აინტერესებდა ცხოვრება, დადიოდა გამოფენებზე და წვეულებებზე. ტომი ხალხისთვის ზედმეტად ცნობილი იყო საიმისოდ, რომ მასთან გამოსალაპარაკებლად მისულიყვნენ, რიჩარდი უფრო ხელშესახები პიროვნება იყო, ამიტომ ხშირად ამბობდნენ: “ტომს არ ვიცნობ, მაგრამ რიჩარდი მიყვარს.“
ბაქლის გარდაცვალებას გამოეხმაურა სტელა მაკარტნიც. სახელგანთქმული ბრიტანელი დიზაინერი რიჩარდის და ტომის ერთადერთი შვილის, ჯეკ ბაქლი-ფორდის ნათლიაა. „პრივილეგიაა, რომ შემიძლია რიჩარდს ძვირფასი მეგობარი ვუწოდო, “ წერს მაკარტნი ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე.