სტივენ მეისელის სახელს არაერთი ცნობილი ტოპ მოდელის კარიერის აღმავლობა უკავშირდება. გასული 30 წლის განმავლობაში, სტივენი მოდის ფოტოგრაფიის ცოცხალ ლეგენდად იქცა. ნებისმიერი მოდელისთვის, განსაკუთრებით კი, ახალბედებისთვის, მეისელის ობიექტივში მოხვედრა, გამორჩეული კარიერული მომენტი და დიდი შანსია.

ცნობილი ფაქტია, რომ მეისელის გადაღებებში მხოლოდ ის მოდელები მონაწილეობენ, ვისზეც ფოტოგრაფი თავად აცხადებს თანხმობას.

რამდენიმე საათის წინ, მასმარკეტის უპირობო ლიდერმა, ზარამ ახალი სარეკლამო კამპანია გაავრცელა. ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ უკვე 2 წელია, ზარას სარეკლამო კამპანიებს ექსკლუზიურად სტივენ მეისელი იღებს. 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის კამპანიაში მოხვდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც.

Zara შემოდგომა/ზამთარი 2022/23

სწორედ ზარას კამპანიის ფარგლებში ითანამშრომლა მატილდამ ლეგენდარულ ფოტოგრაფთან. სტივენთან ერთად, გადაღების გუნდი ინდუსტრიის გავლენიანი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. სტილისტი გახლავთ კარლ თემფლერი, ვიზაჟისტი პატ მაკგრათი, ვარცხნილობის სტილისტი კი – გუიდო პალაუ.

აქვე შეგახსენებთ, რომ მოდის თვის დასრულების შემდეგ, Models.com-მა მატილდა გვარლიანი ტოპ ახალბედა სახეებს შორის დაასახელა.