რომ არა ჯენი მეირენსი ჩვენ შეიძლება მარტინ მარჯიელას არსებობის შესახებაც კი არ გვცოდნოდა. მოდაში უამრავი მაგალითია, რომელთა მიხედვითაც დიზაინერის წარმატება არამარტო მის ბრწყინვალე შემოქმედებითობას, არამედ სხვა დამოუკიდებელ გონებას უნდა მივაწეროთ. ივ სან ლორანის მთელ კარიერასა და ცხოვრებაზე პასუხისმგებელი პიერ ბერჟეა. რომ არა იზაბელა ბლოუ ალექსანდრ მაკქუინს თავისი წარმოუდგენელი ნიჭის მიუხედავად შესაძლოა თავის დამკვიდრება და ადგილის შენარჩუნება გასჭირვებოდა. ჯენი მეირენსის გარეშე კი მარტინ მარჯიელას სამოსზე ოთხი ნაკერი არ იარსებებდა.

ოთხმოციან წლებში ბელგიის მთავრობის ინიციატივით ადგილობრივი დიზაინერების ხელშეწყობის და მოდის ინდუსტრიის განვითარების მიზნით ყოველწლიური კონკურსი Golden Spindle ტარდებოდა. ალბათ, გასაკვირი არ იქნება იმის აღნიშვნა, რომ მისი შექმნის პირველ ათწლეულში გამარჯვებულთა რიგები ანტვერპენის ექვსეულის თითქმის ყველა წევრმა დაიკავა. ერთ-ერთმა ეს 1983 წელს მოახერხა, როდესაც ჟიურის წარმომაგენლებმა დირკ ვან საენის ნამუშევრები სხვა დანარჩენებისას ამჯობინეს, მათ შორის მარტინ მარჯიელას შემოქმედებას. თუმცა ეს არ ყოფილა ერთსულოვანი გადაწყვეტილება. ჟიურის ერთ-ერთი წევრი აქტიურად უჭერდა მხარს დიზაინერს, რომლის შემოქმედებამაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ჯენი მეირენს მარტინის მოგება სურდა. „ჩემთვის ის საუკეთესო იყო. სხვებთან ჩხუბიც მომიწია,“ – იხსენებს ჯენი. „სამოსი ქირურგების ხალათებით იყო შთაგონებული, ქვედაბოლოები უზარმაზარი იყო, მძიმე დაბალ ქუსლიანი ფეხსაცმელები კი ლამაზი, ძალიან ძლიერი და მასკულინური ზედა ნაწილით იყო წარმოდგენილი.“
სწორედ იმ წელს ჯენიმ თავისი ინოვაციური მაღაზია Crea გახსნა, სადაც ბელგიელების გარდა, ისეთი დიზაინერების სამოსს ყიდდა, როგორებიც არიან: იოჯი იამამოტო და კლოდ მონტანა. კონკურსის შემდეგ მეირენსმა თავის შემჩნეულ ტალანტს ერთი კვირის განმავლობაში მაღაზიაში კოლექციის გაყიდვა შესთავაზა.
მარჯიელა მოხიბლული იყო ჯენის მაღაზიით. მოსწონდა, რომ სამოსს გამოსაჩენ ადგილზე ფერების მიხედვით ალაგებდა და არა ბრენდის მნიშვნელობის. „ჯენი თავის მომხმარებლებს რჩევებს აძლევდა, სთაილინგთან დაკავშირებით კონსულტაციას უწევდა ან „პირადი შოპინგ ასისტენტის“ როლს ირგებდა, უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ მაღაზიის მეპატრონე,“ – ამბობს მარტინი. „ის ხშირად ტალანტების სკაუტივითაც იქცეოდა. მან აღმოაჩინა ჩემი ნამუშევარი, მისით დაინტერესდა, ამიტომ ერთმანეთის ნახვა რეგულარულად დავიწყეთ.“ დიზაინერი სწორედ ჯენის და მის მაღაზიას მიაწერს იმ ფაქტს, რომ ერთ დროს თევზის ბაზრებით ცნობილი ბრიუსელის ცენტრში არსებული სივრცე ახლა დიზაინერების ყველაზე „გაჰაიპებული“ ადგილია.
„მათ მისი ქანდაკება მართებთ.“ – მარტინ მარჯიელა
შემდეგ წელს ჯენიმ ბელგიაში პირველი კომ დე გაღსონის მაღაზიის გახსნაც მოინდომა, რისთვისაც ტოკიოში რეი კავაკუბოსთან შესახვედრად გაემგზავრა. შეხვედრაზე მას თავიდან ბოლომდე მარჯიელას ნამუშევრები ეცვა. რეი აკვირდებოდა, თუმცა მისთვის არაფერი უთქვამს, სანამ თვითონ ჯენი არ შეეკითხა აზრს თავის ჩაცმულობაზე. „მან მითხრა: „ძალიან მომწონს შენი ფეხსაცმელები.“ და ერთი წყვილი შეუკვეთა,“ – ამბობს მეირენსი. „ჩემს ოთახში დაბრუნებისას შუაღამეს მარტინს დავურეკე. „მარტინ, შენი ფეხსაცმელები რეი კავაკუბოს მივყიდე.“ რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდა.“ რეი თავად ჯენისაც დადებითად ახასიათებს და ძლიერ პიროვნებას უწოდებს.
„ყოველთვის მძულდა ქალები, რომლებსაც სჭირდებოდათ სექსუალურები გამოჩენილიყვნენ. ჩემი აზრით, სექსუალური ან ხარ, ან არა. მკერდს ან ფეხს რომ აჩენ ეგ არ გხდის სექსუალურს.“ – ჯენი მეირენსი
წლების განმავლობაში მარტინი და ჯენი უფრო და უფრო დაახლოვდნენ და ერთმანეთის პარტნიორები გახდნენ. მჭიდროდ, ნამდვილად დაკავშირებულები ერთმანეთისთვის ყოველთვის ავტორიტეტები იყვნენ და უმეტესად ერთმანეთზე დამოკიდებულები, როდესაც საქმე პიროვნულ თუ პროფესიულ განვითარებას ეხებოდა.
მარტინმა ჟან-პოლ გოტიესთან თავისი სამუშაო მიატოვა, რათა ჯენისთან ერთად საკუთარი ბრენდი შეექმნა. დიზაინერი იხსენებს:
„ვგრძნობდით, რომ მზად ვიყავით ერთად დაგვეწყო მოდური გამოცდილების მიღება, შეგვექმნა საკუთარი მოდის სახლი, Maison Martin Margiela. მთელი წლის განმავლობაში ერთმანეთს იდეებს ვუზარებდით: ის სტრატეგიის სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე საუბრობდა, მე კი ჩემი კოლექციების სტილის შექმნაზე.“
მეირენსი მარჯიელას ყველაფერთან დაკავშირებით აძლევდა რჩევებს, ბიზნესის ფინანსური მხარიდან დაწყებული დიზაინთან დაკავშირებული საკითხებით დამთავრებული. თავიდან მხოლოდ ორნი იყვნენ, ისინი მეამბოხის სულისკვეთებით მოქმედებდნენ და მათი მაგალითი მოწმობს ფაქტს, რომ ზოგჯერ რისკები ამართლებს.

მანტოვაში, იტალიაში მდებარე პატარა ბარში თეთრი მარკის იდეა დაიბადა. ტანსაცმლის დიზაინერის სახელის გარეშე წარმოდგენის დაუჯერებელი აზრი ჯენის გაუჩნდა, რომელსაც ამით დიზაინის ხარისხის ხაზგასმა სურდა და ბრენდის სახელისთვის ნაკლები მნიშვნელობის მინიჭება. გარდა ამისა, მისტიური ასპექტის შეძენა, რომელიც მარჯიელას მთელ შემოქმედებას და პიროვნებას ასე ახასიათებს. „დარწმუნებული ვიყავი, რომ არ — ვერ — უნდა წარმოგვედგინა რაღაც, რაზეც მარტინ მარჯიელა იკითხებოდა,“ – ამბობს მეირენსი. „როდესაც ხალხი მაღაზიაში მოვა და ძლიერ ტანსაცმელს დაინახავს, რომელზეც სახელი არ იკითხება მისით კიდევ უფრო დაინტერესდება.“
მარტინი თავიდან სკეპტიკურად განეწყო, თუმცა შემოთავაზებას საბოლოოდ მაინც დათანხმდა, თუმცა ერთი პირობით. სამოსს მხოლოდ გარედან შესამჩნევი ოთხი ნაკერი უნდა დამატებოდა.
თავიანთ ადვოკატს არ შეეძლო ამ გადაწყვეტილების დაჯერება, რადგან შეუძლებელი იყო თავისუფალი სივრცის დაცვა, ამიტომ მოატყუეს და უთხრეს, რომ უკანა მხარეს მარტინ მარჯიელას დააწერდნენ. მაგრამ ასე არ მოქცეულან და ბრენდის ხელწერად სიცარიელე აქციეს.

Maison Martin Margiela ფინანსურად და შემოქმედებითად დამოუკიდებელ კომპანიად ჩამოყალიბდა, რომელსაც საჭირო შემოსავალი ჰქონდა. არც ცოტა, არც ბევრი. იმდენი რამდენიც მისი ვალების გარეშე არსებობისთვის საკმარისი იყო. და მიუხედავად წარმოქმნილი სირთულეებისა, ჯენი მათთან გამკლავებას ახერხებდა. ბრენდს თავისუფლება საშუალებას აძლევდა მოდის სისტემას შეწინააღმდეგებოდა და საკუთარი წესებით ეთამაშა.
მარჯიელა პირველი იყო, რომელმაც მოდელების არჩევა ქუჩიდან თუ სამეგობრო წრიდან დაიწყო თავისი ნამუშევრების პოდიუმზე გასატანად. თუმცა მათი სახეები ხშირად დაფარული იყო, რათა აქცენტი სამოსზე გაკეთებულიყო.
„რა თქმა უნდა, უფრო მარტივია პროფესიონალ მოდელებთან მორგებების ჩატარება. მაგრამ არ მომწონს ის აზრი, რომ ქალები სრულყოფილები უნდა იყვნენ. ქუჩაში მოსიარულე იმ ქალებს ვამჯობინებ, რომლებსაც რაღაცის გამოხატვა შეუძლიათ.“ – ჯენი მეირენსი
ჩვენებებზე დასაჯდომი გეგმა არ იყო. და ისინი ყველგან ტარდებოდა – სასაფლაოზე თუ მეტროს მიტოვებულ სადგურში. სტანდარტული სახე არც მოსაწვევებს ჰქონიათ.
1989 წლის შემოდგომა/ზამთრის ჩვენებისთვის მეირენსმა უფასო გაზეთში განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ჩვენების ჩატარების დრო, თარიღი და ადგილი იყო მითითებული. გამოქვეყნებისთანავე მარჯიელას გუნდმა ასობით კოპი შეაგროვა, განცხადება წითლად მონიშნა და მოსაწვევის სახით გადაგზავნა. „ეს ყველაზე იაფფასიანი მოსაწვევი იყო,“ – ამბობს მეირენსი.

ჯენის დამსახურებით 1997 წელს მარტინი ერმესის შემოქმედებითი ხელმძღვანელი გახდა. მიზანი დამატებითი შემოსავალი იყო, რომელსაც თავიანთ ბრენდს მოახმარდნენ.
2003 წელს კი ჯენიმ კომპანია მიატოვა, ხუთი წლით ადრე სანამ იგივე ნაბიჯს მარტინი გადადგამდა. „დაღლილი ვიყავი,“ – ამბობს ის. მაშინ მოდურიც ის გახდა, რის წინააღმდეგ ასე აქტიურად იბრძოდა. კომპანია რენზო როსოს მიყიდა, მიღებული ფულით კი აპულიაში ზღვისპირა სახლი და ბელგიის პროვინციაში მიწა იყიდა. მოდის ქაოსს ჩამოშორებული თავისი განხორციელებული ოცნებით სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველყოფილი ცხოვრობდა. ჯენი 2017 წელს 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„მაშინაც კი, როდესაც ის სამყაროს შავ ფერში ხედავდა, მე ყველაფერს თეთრად ვხედავდი. და მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა თაობას წარმოვადგენდით, ერთმანეთს ვაინტრიგებდით, ვიწვევდით და აღვავფრთოვანებდით. ახალგაზრდა დიზაინერისთვის დასაწყისი უაღრესად მნიშვნელოვანია, ამიტომ ჯენის ყოველთვის მადლიერი დავჩები, რადგან მან ჩემი ყველაზე გიჟური ოცნებების ნამდვილ ბიზნესად ჩამოყალიბება შეძლო.“ – მარტინ მარჯიელა

მეირენსის და მარჯიელას თანამშრომლობა მრავალმხრივ უპრეცედენტოა. მათი ინტრიგისკენ ლტოლვა, სარისკო, ნოვატორული ნაბიჯები და გამბედაობა კოლაფსის მიზეზი არ გამხდარა, არამედ ტრიუმფისა, რომელსაც ოთხმოციანი წლების ბოლოს ჩამოყალიბებულმა პატარა მოდურმა კომპანიამ მიაღწია.