მას შემდეგ, რაც 27 წლის მარგარეთ ზენგი ჩინური ვოგის მთავარ რედაქტორად დაინიშნა, მოდის ჟურნალების მოყვარულები მოუთმენლად ელოდნენ მის პირველ ნომერს. გარდა იმისა, რომ მარგარეთი, მოდის ბიბლიის ისტორიაში, ყველაზე ახალგაზრდა რედაქტორია, ის აგრეთვე პირველია ამ თანამდებობაზე, ვისაც შესაბამისი გამოცდილება არ აქვს.
მარგარეთმა მოდის ბლოგერობა ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო, ახლა ინსტაგრამზე 1.2 მილიონი გამომწერი ჰყავს. ზენგის პორტფოლიოში ვხედავთ მსხვილ კოლაბორაციებს ცნობილ ბრენდებთან და საკუთარ საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც Youtube -თან და Airbnb-ისთან თანამშრომლობდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის შემდგარი ფიგურაა თანამედროვე ციფრულ სამყაროში და გასულ 10 წელში, მართლაც დიდი გამოცდილება დააგროვა ბიზნესის ონლაინ შექმნასა და განვითარებაში, თუმცა უდავოა, რომ მისი ჩინური ვოგის მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე დანიშვნა საკამათო გადაწყვეტილება იყო.
არ არის საკამათო მხოლოდ ის, რომ 27 წლის მარგარეთ ზენგი ჩინური ვოგის სათავეში, მოდის პრესის წამყვანი გამომცემლობისთვის, Conde Nast -ისთვის და ზოგადად, ინდუსტრიისთვის, ახალი დასაწყისია.
სწორედ “ახალი დასაწყისი” შეირჩა ვოგის 2021 წლის სექტემბრის ნომრების უნივერსალურ თემად, რომლის გარშემოც მოდის ბიბლიის ყველა გამოცემა გაერთიანდა, მათ შორის ჩინური ვოგი.
2021 წლის სექტემბრის ნომერი მარგარეთ ზენგის დიდი დებიუტია ჩინური ვოგის მთავარი რედაქტორის ამპლუაში. გარეკანზე ვხედავთ 19 წლის ჩინელ მოცეკვავეს,Jinghan Fan-ს ჩრდილოეთ ჩინეთში, მთების და უდაბნოს ფონზე. განთიადისას გადაღებული კადრი სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. “მზის ამოსვლა წარმოადგენს ახალ დასაწყისს, ახალ იმედს და ოპტიმიზს,” – ვკითხულობთ განცხადებაში.
ნომრის წამყვანი კრეატორები ქალები არიან. აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება, თავისი სადებიუტო ნომრისთვის, მარგარეთმა ცნობილი მოდელების და ფოტოგრაფების ნაცვლად, დამწყები სახეები შეარჩია, რაც აგრეთვე ეხმიანება უნივერსალურ თემას.
მიუხედავად იმისა, რომ ნომერი გაყიდვაში ჯერ არ გამოსულა და მკითხველის რეაქცია ციფრებში არ ასახულა, უნდა ითქვას, რომ სოციალურ ქსელებში, გარეკანს, მეტწილად, დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.