ლოტა ვოლკოვას ინტერვიუ (fashionnetwork.com, 2016)

როგორ მოხვდი მოდის სამყაროში?

ყოველთვის მიყვარდა ტანსაცმელი. 17 წლის ვიყავი, როდესაც ხელოვნების, ფოტოგრაფიის და მოდის შესასწავლად რუსეთი დავტოვე და ლონდონის Central Saint Martins-ში მოვეწყე. 19 წლის ასაკში მამაკაცის სამოსის და აქსესუარების ბრენდი, Lotta Skeletrix შევქმენი, რომელსაც გარკვეული წარმატებები ჰქონდა. ჩემს სამზარეულოში ვმუშაობდი მეგობრებთან ერთად. სახალისო და მარტივი იყო. მერე 2007 წელს გადავწყვიტე, რომ პარიზში წავსულიყავი, სადაც ყველაფერი უფრო გართულდა. ამიტომ ბრენდს თავი დავანებე და სთაილინგზე დავიწყე ფოკუსირება. 

შენი კარიერის რა ეტაპზე იმყოფები?

უკვე რვა წელია რაც მოდაში სტილისტის რანგში ვმოღვაწეობ და სხვადასხვა ბრენდის კონსულტანტი ვარ. კასტინგებს ვხელმძღვანელობ ჩვენებებისთვის და კოლექციებისთვის. რამდენიმე ჟურნალისთვის მოდის რედაქტორადაც ვმუშაობ.


ყველაზე აღსანიშნავი შენი სამუშაოა ვეტმანთან. როგორ გაიცანი ბრენდის დამფუძნებელი და დიზაინერი დემნა გვასალია?

ერთმანეთს მეგობრების საშუალებით შევხვდით. ერთ დღეს თავისი კოლექციის ფოტოები მანახა. ვუთხარი, რომ შესანიშნავი სამოსი იყო, თუმცა სთაილინგი არ ვარგოდა. ამიტომ ამის მოგვარება მე მთხოვა. ერთად 2015 წლიდან ვმუშაობთ. ახლა ბრენდის კონსულტანტი ვარ და ჩვენებებსა და კოლექციებზე ვზრუნავ, კასტინგიდან დაწყებული სთაილინგით დამთავრებული.


როგორ ახსნი ვეტმანის წარმატებას?

ჩვენ მართლა გვიყვარს რასაც ვაკეთებთ! მუშაობით და მოდის სისტემის მიერ დაწესებული კოდების მიყოლით იმედგაცრუებულები ვიყავით. გადავწყვიტეთ, რომ სამოსი პირველ რიგში ჩვენთვის და ჩვენი მეგობრებისთვის შეგვექმნა, უბრალოდ საკუთარი თავები გვესიამოვნებინა. ვეტმანი თავიდანვე იყო და არის დამოკიდებულების გამოვლინება და ასევე, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, კარგად გაკეთებული და სასურველი პროდუქტი. ის სხვადასხვა მუსიკალურ სუბკულტურებზე საუბრობს, რომელთა ხელახალი ინტერპრეტირება ჩვენი მეთოდებით მოვახდინეთ.

Lotta Volkova at Vetements Fall 2016


დემნასთან ბალენსიაგაშიც მუშაობ, რომლისთვისაც ის ახალი შემოქმედებითი ხელმძღვანელია, როგორია ეს?

ჩემთვის ეს უმაგრესია, რადგან არასდროს გვქონია ასეთ რესურსებსა და ბიუჯეტზე წვდომა! გარდა ამისა, საშუალება გვაქვს ვიმუშაოთ იმ ადამიანებთან, რომლებიც კრისტობალ ბალენსიაგას იცნობდნენ. ეს ძალიან საინტერესოა. 

Loïk Gomez , Demna Gvasalia, Lotta Volkova and Adrian Hurtado before Jacquemus show, Paris Fashion Week, Spring 2017.

ახალ ბალენსიაგას ბევრი საერთო აქვს ვეტმანთან…

ეს ნორმალურია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ერთი და იგივე ხალხი ქმნის ორ კოლექციას! თუმცა უფრო კარგად დაკვირვების შემდეგ შესამჩნევია მათ შორის დიდი სხვაობა. ვეტმანი უფრო პრაქტიკულია, ბალენსიაგა კი კუტიურ სახლი. ის უფრო მოხდენილი და დახელოვნებულია. მას უფრო ელეგანტური მხარე აქვს. ეს ორი ბრენდი განსხვავებულ სამყაროებზე საუბრობს, ქალების განსხვავებულ ტიპებზე, თუმცა ტექნიკის და მუშაობის მანერის მხრივ, მიდგომა ერთი და იგივეა. ღირებულებები იგივეა.