აშშ საერთაშორისოდ აღიარებული არტისტების სამშობლოა. გაგვიჭირდება დავასახელოთ სხვა ქვეყანა, რომელიც კულტურაში იმდენ გლობალურად ცნობილ სახეს ქმნის, რამდენსაც ამერიკა. ამერიკელი, ან ამერიკაში დაფუძნებული მუსიკოსების, მსახიობების, თუ დიზაინერების დამსახურებით, ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელსაც ეს ზესახელმწიფო მასპინძლობს, გამორჩეული და არაორდინალურია. 2021 წლის 20 იანვარს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე, აშშ-ის ეროვნული ჰიმნი ოსკარის და გრემის მფლობელმა მუსიკოსმა, ლედი გაგამ შეასრულა. ლედი გაგასთან ერთად, პერფორმერებში ვიხილეთ ჯენიფერ ლოპეზიც, რომელმაც შინაარსობრივად დატვირთული და გუშინდელ დღეს მორგებული სიმღერები შეასრულა, “This Land Is Your Land,” “America the Beautiful” და 1999 წლის ჰიტი “Let’s Get Loud”. დღის ბოლოს, ვაშინგტონში, ინაუგურაცია სპეციალური საღამოთი აღნიშნეს. საღამოს მუსიკალური ვარსკვლავი ქეითი ფერი გახლდათ, კიდევ ერთი საერთაშორისოდ სახელგანთქმული სელებრითი.

თვალი გადავავლოთ ლედი გაგას, ჯენიფერ ლოპეზის და ქეითი ფერის ჩაცმულობას, ჯო ბაიდენის ინაუგურაციისთვის მიძღვნილ ღონისძიებებზე

სკიაპარელის კაბა, რომელიც ლედი გაგამ ჰიმნის შესრულებისას მოირგო.

ლედი გაგამ აგრეთვე მოირგო ჟივენშის და ალაიას 2 თეთრი პალტო.

თეთრ ფერზე შეაჩერა არჩევანი ჯენიფერ ლოპეზმაც, ვარსკვლავს შანელის ტვიდი და ჯიმი ჩუს ფეხსაცმელები ამშვენებდა.

ლედი გაგასგან და ჯენიფერ ლოპეზისგან განსხვავებით, ქეითი ფერიმ ამერიკელი დიზაინერი შეარჩია და მილიონობით ამერიკელის წინაშე თომ ბრაუნის კოსტიუმით წარსდგა.