რამდენიმე დღეა, შეერთებულ შტატებში, ვირჯინიაში ჯონი დეპის და ემბერ ჰერდის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო ამჯერად ჯონი დეპის სარჩელს განიხილავს. სარჩელი ეხება მისი ყოფილი ცოლის საჯარო განცხადებებს, რომლის მეშვეობითაც, მან დეპი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ამხილა. ამის შემდეგ, ჰერდის მონათხრობზე დაყრდნობით, დეპის შესახებ ერთ-ერთმა მედიაგამოცემამ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ჯონი დეპი ცოლზე მოძალადედ იყო მოხსენიებული. აღნიშნული სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, დეპთან თანამშრომლობა არაერთმა კინოკომპანიამ და ბრენდმა გაწყვიტა. ამჟამად, მსახიობი ცდილობს, შეერთებული შტატების სასამართლოს ძალით დაამტკიცოს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მას ცილი დასწამეს.

ახლახანს, პროცესის მიმდინარეობისას, ემბერ ჰერდის დაცვის მხარემ ძალადობის შემთხვევების შესახებ ისაუბრა, რომელთა ნაწილშიც, შეუსაბამო ფაქტები გამოვლინდა. ჰერდის ადვოკატის თქმით, მისი კლიენტი მიყენებულ დაზიანებებს კოსმეტიკური საშუალებებით – კონკრეტულად კი, კონსილერის ნაკრებით ნიღბავდა. ადვოკატმა კომპანია Milani Cosmetics-ის წარმოებული პროდუქტი მოსამართლეს აჩვენა და განაცხადა, რომ ჰერდს ის მუდამ საფულეში ედო, რომ მიყენებული დაზიანებების დაფარვა ნებისმიერ დროს და ადგილას შეძლებოდა. ამ განცხადების შემდეგ, დასახელებულმა კოსმეტიკურმა ბრენდმა განაცხადა, რომ აღნიშნული კონსილერი წარმოებაში 2017 წელს ჩაეშვა – მაშინ, როდესაც ჰერდი და დეპი უკვე დაშორებულები იყვნენ.

სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი მტკიცებულებების სახით, პერიოდულად უამრავი ახალი დეტალი ირკვევა. მაგალითად, ერთ-ერთ აუდიო ჩანაწერში ემბერ ჰერდი თავადვე აღიარებს ჯონი დეპზე ფიზიკურ ძალადობას. ჯერჯერობით, სასამართლო პროცესი არ დასრულებულა, თუმცა, საერთაშორისო მედია საუბრობს იმაზე, რომ დეპისადმი საზოგადოების დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეიცვალა და მას პროცესის მოგების რეალური შანსიც აქვს.