გასული ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სიყვარულის ისტორია სრულდება. 19 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ ჭორები კიმ კარდაშიანის და ქანიე უესტის დაშორებაზე სიმართლეა. რეალითი შოუს ვარსკვლავმა, კარდაშიანების კლანის ყველაზე ცნობილმა წევრმა, ამერიკელ რეპერთან განქორწინების მოთხოვნით, სასამართლოს ოფიციალურად მიმართა. კიმის და ქანიეს ურთიერთობა 2012 წლის აპრილში დაიწყო, რაც 2014 წელს ქორწინებით დასრულდა. სწორედ ეს მომენტი შეგვიძლია დავასახელოთ კარდაშიანების ეპოქის დასაწყისად მაღალ მოდაში.

თვალი გადავავლოთ კიმის და ქანიეს 5 დასამახსოვრებელ მოდურ მომენტს:

Givenchy -ს საქორწილო კაბა, რომელიც ბრენდის მაშინდელმა შემოქმედებითმა დირექტორმა, რიკარდო ტიშიმ შექმნა. როგორც კარდაშიანმა არაერთხელ აღნიშნა, რიკარდო ტიში იყო პირველი ცნობილი და გავლენიანი დიზაინერი პარიზში, რომელიც კიმთან თანამშრომლობას დათანხმდა, როდესაც რეალითი შოუს ვარსკვლავი მოდის დედაქალაქს მოდის კვირეულისთვის პირველად ეწვია.

2014-2017 წლებში, როდესაც ინსტაგრამი გახდა “ახალი Vogue“, ცნობილი ბრენდების უმრავლესობამ პიარის ახლებური გზების ძიება დაიწყო, რაც მიზნად ისახავდა ინსტაგრამზე აუდიტორიის გაზრდას და გავლენის მოპოვებას. მოძრაობის ერთ-ერთი მოწინავე მოდის სახლი გახდა Balmain, ოლივერ რუსტენის ხელმძღვანელობით, რომელმაც წამოიწყო სოციალურ ქსელებზე გათვლილი კამპანია #BalmainArmy. კიმი და კანიე, როგორც კაილი და კენდალ ჯენერები ბალმანის კამპანიის სახეები გახდნენ. 2016 წელს, კარდაშიანი და ვესტი მეტ გალას წითელ ხალიჩაზე ბალმანის ლუქით გამოჩნდნენ.

იმავე წელს, კიმმა და ქანიემ თანამშრომლობა დაიწყეს რიანას სტილისტთან, მელ ოტენბერგთან, რომელიც პასუხისმგებელია რიანას თითქმის ყველა საკულტო ლუქზე. MTV VMA-ის 2016 წლის დაჯილდოებაზე, მეტ გალას წითელი ხალიჩიდან ორი თვის შემდეგ, წყვილი ჯონ გალიანოს ვინტაჟური სამოსით გამოჩნდა, რომლის სტილისტი სწორედ ოტენბერგი იყო.

მომენტის ტრენდულ და ყველაზე ცნობილ დიზაინერებთან თანამშრომლობის პარალელურად, კარდაშიანმა და უესტმა კოლაბორაციების სერია დაიწყეს 1990-იანების და ადრეული 2000-იანების ცნობილ კუტიურიეებთან, მათ შორის ყველაზე გამორჩეულად გვახსენდება 2019 წლის მეტ გალას ლუქი, რომელიც ტიერი მუგლერმა შექმნა. კიმი ლეგენდარული მუგლერის ვინტაჟურ სამოსში და ქანიე 40$-იანი კოსტიუმით, საღამოს ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნი მოდური მოვლენა გახდა.

ვინტაჟური მოდა გაგრძელდა 2020 წელსაც, წყვილის ერთ-ერთი ბოლო გამოჩენა წითელ ხალიჩაზე, კორონავირუსის პანდემიად გამოცხადებამდე, ოსკარის დაჯილდოების წვეულებაზე შედგა, სადაც კარდაშიანმა ალექსანდრ მაკქუინის 2003 წლის გახმაურებული კოლექციიდან მოირგო ლუქი, რომელიც არაეთხელ გამხდარა სამუზეუმო ექსპონატი.