მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსმა ასზე მეტ ქვეყანაში შეაღწია და ფაქტობრივად არ არსებობს ადგილი, სადაც ვირუსის გავრცელების პრევენციაზე არ ფიქრობენ, ფაქტია, რომ ჩინეთის შემდეგ, ყველაზე დიდი ზიანი იტალიას მიადგა. ოფიციალური მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსი 20 თებერვალს დაფიქსირდა, თუმცა ვარაუდობენ, რომ შემთხვევები მანამდეც გავრცელებული იყო და სწორედ ამით ხსნიან საავადმყოფოებში გრიპის მიმართვიანობის ზრდას.
ჩინეთში მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება და უკვე თამამად ამბობენ, რომ ქვეყანა კორონავირუსს თავდაჯერებულად ამარცხებს, მაგრამ იტალიაში ვითარება კვლავ მძიმეა. ასეთ დროს საზოგადოების ერთიანობა და რესურსების მაქსიმალური მობილიზება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
იტალიური კულტურის მნიშვნელოვან ნაწილს მოდა წარმოადგენს. იტალიური მოდა მდიდარია, როგორც შემოქმედებითი, ასევე კომერციული მემკვიდრეობით. მაღალი მოდის ინდუსტრიის გავლენიანი ადამიანების 40% – ს იტალიელები წარმოადგენენ. იტალიური წარმომავლობისაა: არმანი, ვერსაჩე, გუჩი, პრადა, დოლჩე&გაბანა, ფენდი, მაქს მარა, ვალენტინო, მოსკინო, მისონი და ა.შ. იტალიელი დიზაინერები მართავენ ბრიტანეთში და საფრანგეთში ისეთ წამყვან ბრენდებს, როგორებიცაა დიორი და ბარბერი. იტალიაში მდებარეობს ქსოვილების წარმოების მაღალი ხარისხის და პრესტიჟული ქარხნები. იტალია მოდის სამშობლოა (საფრანგეთთან ერთად) და ახლა, როდესაც მოდის სამშობლოს მხარდაჭერა ყველაზე მეტად ჭირდება, დიზაინერები, ბიზნესმენები და ინფლუენსერები ერთიანი ძალებით ცდილობენ თავიანთი წვლილი შეიტანონ კორონავირუსთან ბრძოლაში.
ჯორჯო არმანიმ მილანის და რომის საავადმყოფოებს 1.4 მილიონი დოლარი გადაურიცხა. დონატელა ვერსაჩე სან რაფაელეს საავადმყოფოს 200,000 დოლარით დაეხმარა. 100,000-ზე მეტი გაიღო გუჩის გენერალურმა დირექტორმა, მარკო ბიზარიმ. მიუჩია პრადამ სამი საავადმყოფოს აღდგენა და ზრუნვა საკუთარ თავზე აიღო. Fatebenefratelli-ს და Luigi Sacco-ს ჰოსპიტალებმა სერჯო როსისგან 100,000 დოლარი მიიღეს. მონკლერი, რომელიც 2003 წელს იტალიელმა ბიზნესმენმა შეიძინა, კორონავირუსთან ბრძოლას 10 მილიონი დოლარით შეუერთდა.
შესამჩნევი წილი შეიტანა ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იტალიელმა მოდის ბლოგერმა, ქუჩის სტილის ვარსკვლავმა და ანტერპრენერმა, კიარა ფერანიმ. კიარამ თავისი 18.9 მილიონი გამომწერის დახმარებით, ერთ კვირაში, 4 მილიონი ევრო შეაგროვა. კლარა ფენდის ფონდიდან მილანის კლინიკებმა 100,000 ევროს დახმარება მიიღეს. ფეხსაცმელების ბრენდის, სანტონის დირექტორი, ჯუზეპე სანტონი აქციას 50,000 ევროთი შეუერთდა. ცნობილია, რომ ფინანსური რესურსი გამოიყო ბულგარის და დოლჩე&გაბანას ბრენდებიდანაც.
იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 31,000 აჭარბებს, დაიღუპა 2,000-ზე მეტი. ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, დაღუპულთა სრულ უმრავლესობას თანხმლები დაავადებები აწუხებდა. გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 79 წელია.