ირინა შეიკი ბრიტანული ვოგის 2020 წლის მარტის ნომრის ვარსკვლავია. ირინა მერთმა და მარკუსმა გადაიღეს. სტილისტი გამოცემის მთავარი რედაქტორი, ედვარდ ენინფულია. შეიკთან ინტერვიუც ედვარდმა ჩაწერა. ირინა წლებია ყურადღების ცენტრშია. ჩვენ მისი მშვენიერი სხეულის თითქმის ყველა წერტილი ნანახი გვაქვს, თუმცა პირად ცხოვრებაზე ყოველთვის იშვიათად საუბრობს.
ბრიტანულ ვოგთან ახალ ინტერვიუში, რუსი ტოპ მოდელი თავისი ცხოვრებიდან არაერთ საინტერესო მოგონებას შეეხო.
წარმომავლობაზე და ოჯახზე:
„დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ემანჟელინსკში. მამაჩემი მეშახტე იყო, დედა პიანისტი, მაგრამ სამსახურს ვერ პოულობდა, ამიტომ ბაღში ბავშვებისთვის უკრავდა. ჩვეულებრივი ცხოვრება გვქონდა: 1 მთავარი ქუჩა, არა კინოთეატრი, არა რესტორანი. მამა 14 წლის ასაკში დამეღუპა. ის ყველაზე ჯანმრთელი მამაკაცი იყო, მაგრამ რაღაც დროის განმავლობაში ახველებდა, შემდეგ პნევმონია დაემართა და 44 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახში დავრჩით 3 ქალი, მე დედაჩემი და ჩემი და. ადრეული ასაკიდანვე ნასწავლი გვქონდა როგორ უნდა გვეცხოვრა, თუნდაც მაშინ, როცა მამა ცოცხალი იყო, რადგან რუსეთში გიწევს რომ იცოდე. ზაფხულში ბოსტნეულს დარგავ, მოუვლი, ზამთარში გადასარჩენად საკვები გექნება. როდესაც ნიუ-იორკში გადმოვედი და ვნახე, რომ ხალხი კარტოფილს სუპერმარკეტში ყიდულობს, შოკში ვიყავი, ვფიქრობდი, რომ ეს სიგიჟეა. მამა ძალიან დიდი დანაკარგი იყო. ჩემს მშობლებს 14 წლიანი ქორწინება ჰქონდათ და ქორწილამდეც 7 წელი ერთად იყვნენ. როცა მამა დაიღუპა, დედა ძალიან შეშინებული იყო, მაგრამ ჩემი აზრით, რუს ქალებში და ზოგადად ქალებში, ძალიან განსაკუთრებული ისაა, რომ ისინი ყოველთვის ეწყობიან რეალობას და თავი ფორმაში მოჰყავთ.“
ზედმეტსახელზე და გაორებულ გრძნობებზე:
„პირველი მეგობარი ბიჭი 18 წლის ასაკში მყავდა. სკოლაში ბიჭებს არ მოვწონდი. ძალიან წვრილი ვიყავი, მუქი კანი და დიდი ტუჩები მქონდა. ჩუნგა-ჩანგას მეძახდნენ, რაც შავკანიან ბავშვებზე რუსული მულტფილმი გამოვიდა. პირველ რიგში, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ არასწორ სხეულში დავიბადე. ვგრძნობდი, რომ ბიჭი უნდა ვყოფილიყავი. ალბათ იმიტომ რომ მამაჩემს უნდოდა, რომ ბიჭი ვყოფილიყავი. როდესაც ის დაიღუპა, ვიფიქრე, რადგანაც მე ვარ ბიჭი, ახლა ოჯახზე მე უნდა ვიზრუნო. საკუთარ თავს ვუთხარი, რომ არასდროს ვიქორწინებდი. რა თქმა უნდა, მოგვიანებით, ცხოვრებამ გამზარდა და ქალად ყოფნა მიყვარს, მაგრამ ის გრძნობა მახსოვს. მართლა მორცხვი ბავშვი ვიყავი. ფოტოების გადაღება მძულდა. აბა ახლა შემომხედეთ!(იცინის)“
რატომ არ ენდობა ადამიანებს:
„მამაჩემი 20 წელი მუშაობდა და საბოლოოდ კარგი მანქანის ყიდვა შეძლო. მაშინ სოფელში მანქანის ყოლა მეფედ გაქცევდა. მამა აპირებდა, რომ მანქანა გაეყიდა და ახალი სახლი ეყიდა, მაგრამ გაგვქურდეს. სახლის კარი გავაღე და 3 ნიღბიანი კაცი დამხვდა. იარაღი დამიმიზნეს და მითხრეს: „სად არის მამაშენი? ვიცით, რომ სახლში ფული გაქვთ!“ მამა ახლო მეგობარმა გასცა, მან იცოდა, რომ სახლში ფულს ინახავდა. ალბათ ამიტომ არ მყავს ბევრი მეგობარი. არ მინდა ადამიანების ნდობის გარეშე ვიცხოვრო, მაგრამ ამ შემთხვევამ შემცვალა.“
სამოდელო კარიერის დასაწყისზე:
„როდესაც საცხოვრებლად დიდ ქალაქში გადავედით, ჩემმა დამ უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა, მე მარკეტინგის კოლეჯში შევედი. შუადღეს სილამაზის სკოლაში დავდიოდით, რომლის გვერდზეც სამოდელო სააგენტო იყო. გია ჯიქიძემ, რომელიც ჩემი მენეჯერი იყო და სამწუხაროდ გარდაიცვალა, სილამაზის სკოლაში აგენტი გამოგზავნა. მან მნახა და გიას ფოტოები აჩვენა. გიამ მითხრა: „გინდა მოდელი გახდე და პარიზში წახვიდე?“
„მოდელების აპარტამენტში 8 მოდელი 2 საძინებელს ვიყოფდით. კვირაში საჭმელზე 50 ევროს, ხოლო ტრანსპორტზე 25 ევროს გვაძლევდნენ. ინგლისური არ ვიცოდი. მხოლოდ 2 წინადადების თქმა შემეძლო: „გამარჯობა, მე მქვია ირინა“ და „როგორ ხართ?“ ვიცოდი, რომ სხვა სამყაროც არსებობდა, მაგრამ ეს რუსეთის გარეთ ჩემი პირველი გაჩერება იყო. ჩემს აგენტთან მივედი და ვუთხარი: „სადმე გამიშვი, გადაღება მჭირდება, ფული მჭირდება!“ ესპანეთში გავემგზავრე და Lacoste-ს კატალოგში გადამიღეს, შემდეგ კიდევ ერთ გადაღებაზე გამიშვეს და 4,000 ევრო გამოვიმუშავე. დედაჩემი დღეები ტიროდა. ამერიკაში ჩემი პირველი დიდი წარმატება სპორტს ილუსთრეიდის ყდა იყო.“
რუსეთში ლგბტ ადამიანების მდგომარეობაზე:
„მე მიყვარს ჩემი ქვეყანა. მოსკოვში ძალიან ბევრი მაგარი გეი კლუბია, სადაც მსოფლიოს ყველა ადგილიდან დადიან, მაგრამ როგორც არ უნდა ვთქვათ, რომ რუსეთი დემოკრატიული ქვეყანაა, ამ მიმართულებით გზა ჯერ კიდევ გასავლელია.“
შვილზე:
„დასაქმებულ და მარტოხელა დედას შორის ბალანსის პოვნა რთულია. ზოგჯერ ვიღვიძებ და ვფიქრობ: „ღმერთო, არ ვიცი რა ვქნა!“ ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი ქალიშვილს 1 კვირაზე დიდხანს არ მოვშორდე, მაგრამ აგრეთვე არ მინდა, რომ ისეთი ქალი ვიყო, რომელიც საკუთარ თავთან გულწრფელი არ არის. მე ჩემი საქმე მიყვარს და ქალის მიერ მართულ ოჯახში გავიზარდე. მინდა ჩემმა შვილმა იცოდეს, რომ დედამისს სამსახური აქვს, რადგან მსურს ძლიერი ქალი გაიზარდოს. საჩუქრები თავისით არ ჩნდება.“
თავის ხასიათზე და ბრედლი კუპერზე:
„ძლიერი პიროვნულობა მაქვს, ვიცი რა მინდა და ვფიქრობ კაცებს ამის ეშინიათ. თუ ვინმეს ჩემი ცხოვრებიდან ვუშვებ, ეს ნიშნავს, რომ სამუდამოდ ვუშვებ. ასეთი სიცივის ბევრ ადამიანს ეშინია.“
„2 კარგი ადამიანი აუცილებლად კარგ წყვილს არ ქმნის. ორივე ძალიან იღბლიანები ვიყავით იმისთვის, რაც ერთად გამოვცადეთ. ბრედლის გარეშე ცხოვრება ახალი დასაწყისია.“