13 დეკემბერს ფრანგული კონგლომერატის, Kering-ის მფლობელობაში არსებულ იტალიურ ბრენდში, ბოტეგა ვენეტაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილების შესახებ გახდა ცნობილი. მოდის სახლი დატოვა შემოქმედებითმა დირექტორმა მეთიუ ბლაზიმ, მის შემცვლელად კი, ბრენდმა ინგლისელი დიზაინერი, Louise Trotter დაასახელა.

ლუის თროთერი ამჟამად Carven-ის კრეატიული ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს. იგი ამ თანამდებობაზე 2025 წლის იანვრის ბოლომდე დარჩება, თებერვლიდან კი, Bottega Veneta-ს შეუერთდება. ლუისი Carven-ის შემოქმედებით დირექტორად 2023 წელს დაინიშნა, მანამდე იგი, ოთხი წლის განმავლობაში, ყველასთვის ცნობილ ბრენდს – Lacoste -ს ხელმძღვანელობდა. ლუისის პორტფოლიოში აგრეთვე ვხედავთ ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Gap და Joseph.

Louise Trotter

აღსანიშნავია, რომ ბოტეგა ვენეტა Kering-ის მფლობელობაში არსებულ ბრენდებში, ერთადერთი მოდის სახლია, რომელშიც მიმდინარე წელს, გასულ წელთან შედარებით, გაყიდვების მატების ტენდენცია შეინიშნება. ეკონომიკური კრიზისის კვალდაკვალ, ფრანგული კონგლომერატის ორი უდიდესი ბრენდის, გუჩის შემოსავალმა 26%-ით, ხოლო სენ ლორანის – 13% იკლო. რაც შეეხება ბოტეგა ვენეტას, როგორც უკვე ითქვა, მოდის სახლის შემოსავალი 4%-ით გაიზარდა.

უნდა ვივარაუდოთ, რომ Lacoste -ს და Gap-ის ყოფილი დიზაინერი ბოტეგა ვენეტას ყოველდღიურ ხაზს უფრო თანამედროვეს და ახალგაზრდულს გახდის. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ 2026 წელს, Bottega Veneta-ს დაარსებიდან 60 წელი გადის. საიუბილეო ჩვენებებისა და ღონისძიებების შემოქმედებითი ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა კი, სწორედ ლუის თროთერზე იქნება.