ხვალ თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეული იწყება. ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოდური ღონისძიება განსხვავებულ ფორმატში – ციფრულად ჩატარდება.

2020 წელს Digital და Phygital (ფიზიკური + ციფრული) მოდის კვირეულები მსოფლიოს არაერთ ქალაქში გაიმართა, მათ შორის იყო: შანხაი, ტოკიო, მოსკოვი, ლონდონი, მილანი, პარიზი და ა.შ. იმის გათვალისწინებით, რომ ახლა ფიზიკური დისტანციის ერაა, მოდის კვირეულების ციფრულად ჩატარების გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის შედეგებზე ადეკვატური რეაგირებაა.
თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეული მაისშიც უნდა გამართულიყო. მაშინ ღონისძიების ჩატარება ფიზიკურ ფორმატში, კოკა-კოლას ძველ ქარხანაში მოწყობილ ახალ კულტურულ სივრცეში იგეგმებოდა, თუმცა დაწესებული მკაცრი შეზღუდვების შედეგად სეზონი გაუქმდა.

კორონავირუსის მზარდი შემთხვევების, პოლიტიკური დაძაბულობის და იმ ქაოსის ფონზე, რაც ქვეყანაშია, ქართველ დიზაინერებს მაინც მიეცემათ საშუალება, რომ თავიანთი შემოქმედება კვლავ წარუდგინონ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო აუდიტორიას. ჟურნალ Paper – ისთვის მიცემულ ახალ ინტერვიუში ღონისძიების ორგანიზატორი სოფია ჭყონია ამბობს:
„საქართველო საკმაოდ პატარა ქვეყანაა, მას მსოფლიოში არც ისე კარგად იცნობენ. ბევრი ნიჭიერი დიზაინერი და შემოქმედი გვყავს, მაგრამ პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით ქვეყანაში ძალიან ცუდი სიტუაციაა, რაც ყოველთვის დიდი პრობლემაა. ცოტა ხნის წინ არჩევნები ჩავატარეთ, რომელიც არც ისე კარგად წარიმართა, ამიტომ ახლა ქუჩებში საპროტესტო ტალღაა და ამასთან ერთად COVID-19 – ით ინფიცირებულების მზარდი მაჩვენებელი გვაქვს. საქართველოში ყოველთვის რაღაც ხდება – ომი, რევოლუცია, პოლიტიკური ცვლილებები. თითქოს უკვე 30 წელია ასეთ სიტუაციაში ვცხოვრობ. სამწუხაროა, რომ ასეთი რამეები ჩვენთან ხშირია. ქვეყნის შემოქმედებით ნაწილს კი ყურადღებას არავინ აქცევს. აქ ბევრი ნიჭიერი დიზაინერი, ფოტოგრაფი, არტისტი, კინორეჟისორია. ამიტომ გადავწყვიტე ასეთი პროექტის დაწყება.“
საქართველოსთვის მოდის კვირეული მეტია, ვიდრე მოდური სანახაობა. გარდა იმისა, რომ ის ადგილობრივ დიზაინერებს საერთაშორისო ხილვადობას მატებს და ბიზნესის განვითარების საშუალებას აძლევს, ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს აცნობს. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო სტუმრების საქართველოში ვიზიტი, მაგრამ არსებული რეალობის გათვალისწინებით ციფრული ალტერნატივა ყველაზე გონივრული არჩევანია. ერთი მხრივ, ის ხელს შეუშლის შემოქმედებითი პროცესის შეფერხებას, მეორე მხრივ, კი დიზაინერებს საშუალებას მისცემს თავიანთი შემოქმედება განსხვავებული კუთხით დაგვანახონ.

19 – დან 22 ნოემბრის ჩათვლით სპეციალურად თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულისთვის მიძღვნილი პლატფორმა mbfwtbilisi.online ამოქმედდება, სადაც ქართველი დიზაინერები 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციებს წარმოადგენენ.