გრეტა გერვიგის ფილმის, Barbie-ს პრემირა 2023 წლის ზაფხულშია დაგეგმილი. თიზერი გასულ პარასკევს გავრცელდა. რა თქმა უნდა, ინტერნეტსივრცეში ფილმის კოსტიუმებზე საუბარი უკვე არ წყდება. ფილმის კოსტიუმებზე ცნობილმა დიზაინერმა ჟაკლინ დურანმა იმუშავა, რომელსაც თითქმის 25 წლიანი კარიერის განმავლობაში, ჰოლივუდის უდიდეს ფილმებზე აქვს ნამუშევარი.
ჟაკლინი ბრიტანელია და კინემატოგრაფიაში პირველი ნაბიჯები 1999 წელს გადადგა. მან ლონდონის Royal College of Art დაამთავრა, თუმცა კოსტიუმის დიზაინი ფორმალურად არ შეუსწავლია. ის თავდაპირველად ვინტაჟურ ტანსაცმელს ყიდდა და სწორედ ასე მოხვდა ერთ-ერთ კოსტიუმების გაქირავების კომპანიაში, სადაც ლინდი ჰემინგი, ბრიტანელი ვეტერანი კოსტიუმების დიზაინერი გაიცნო. სწორედ ჰემინგის მეშვეობით, ჟაკლინმა 1999 წლის ჯეიმს ბონდის “The World is Not Enough”-ზე იმუშავა, ხოლო შემდეგ, 2001 წლის “ლარა კროფტზე”. სწორედ აქედან იწყება მისი თავბრუდამხვევი კარიერა ჰოლივუდში.
ჟაკლინი ოსკარის ნომინაციაზე რვაჯერ იყო წარდგენილი და ორჯერ გაიმარჯვა, ფილმებისთვის ანა კარენინა (2012) და პატარა ქალები (2020). ჟაკლინი ასევე BAFTA-ს დაჯილდოვების სამგზის გამარჯვებულია ფილმებისთვის, ვერა დრეიკი (2004), ანა კარენინა (2012) და პატარა ქალები (2020).
ჟაკლინ დურანი ხშირად თანამშრომლობს რეჟისორ ჯო რაითთან და კოსტიუმები აქვს შექმნილი მისი შემდეგი ფილმებისთვის: “სიამაყე და ცრურწმენა”, “მონანიება”, “სოლოისტი”, “პენი”, “ყველაზე ბნელი საათი” და “სირანო”. ფილმში “მონანიება” კირა ნაითლის მწვანე აბრეშუმის კაბა კინემატოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კაბად არის აღიარებული.
დურანის კარიერაში აღსანიშნავი ფილმების სია ჯამში, საკმაოდ შთამბეჭდავია: 2021 წლის “სპენსერი”, რომელშიც მთავარ როლს კრისტენ სტიუარტი ასრულებს, 2022 წლის “ბეტმენი”, 2017 წლის “მარია მაგდალენა”, 2019 წლის ფილმი “1917”, 2015 წლის “მაკბეთი” და 2017 წლის “მზეთუნახავი და ურჩხული”.